საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.
თბილისში (FM 92.3) რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გახდა. დედაქალაქში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას სამი კომპანია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შპს „ტვ სტილი“ და შპს „ახალი რადიო“ ცდილობდა. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალმა რადიომ“ საკონკურსო განაცხადი გაითხოვა, შედეგად კონკურსი ორი კონკურსანტის შემადგენლობით გაგრძელდა. კომისიამ საკითხის არსებითი განხილვის შედეგად, ორი კონკურსანტის სამაუწყებლო კონცეფციების ურთიერთშედარების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე, ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნებით და ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესების მოცვის ხარისხით შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გამხდარიყო გამარჯვებული.
ქ. რუსთავში (FM 97.8) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ გახდა.
ქ. ზუგდიდში (FM 96.3) და ქ. ახალქალაქში (FM 106.2) რადიომაუწყებლობის ლიცენზიები შპს „მედია ჯგუფმა“ მიიღო.
ქ. სენაკში (FM 97.9) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელად შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ გამოვლინდა.
სოფელი იგოეთში (კასპის მუნიციპალიტეტი) (FM 90.5) კი რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“ წაიღო.
საკონკურსო პირობების თანახმად, ექვსივე მაუწყებელი კრეძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა, კომპანიებისთვის სალიცენზიო პირობებით მინიმალური სამაუწყებლო მოთხოვნებიც განისაზღვრა, სულ მცირე ორი თემატიკის – ახალი ამბებით და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 18-საათიანი მაუწყებლობა.