LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიომსმენელები უპირატესობას რადიოში მედიცინისა და სოციალური პრობლემების ამსახველ თემებს ანიჭებენ

43

რადიომსმენელები ყველაზე მეტ უპირატესობას რადიოში მედიცინისა და სოციალური პრობლემების ამსახველ თემებს ანიჭებენ. ამის შესახებ იმ კვლევიდან ხდება ცნობილი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხილთა პრეფერენციები რადიო გადაცემების თემატიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია.

,,სხვადასხვა ზონებში მცხოვრები რესპონდენტების პრეფერენციები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. გამოკითხულთა ნახევარს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ რა თემატიკის გადაცემების ნაკლებობაა საქართველოში არსებულ რადიო არხებზე, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, რესპოდნენტთა თვალსაზრისები არაერთგვაროვანია. დასახელდა ისეთი თემატიკები, როგორიცაა სოციალური პრობლემები, მედიცინა, რელიგია, განათლება, ხელოვნება და სხვა. გამოკითხულთა მესამედზე მეტს უჭირს, შეაფასოს საქართველოს რადიო არხებზე არსებული გადაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, პოლიტიკასთან, სოციალურ პრობლემებთან, ბიზნესთან/ეკონომიკასთან, სპორტთან, მედიცინასთან, განათლებასთან, საყოფაცხოვრებო საკითხებთან და რელიგიასთან”, – აღნიშნულია კვლევაში.

რესპონდენტთა პრეფერენციები არაერთგვაროვანია რადიო გადაცემების ფორმატთან მიმართებითაც. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი უპირატესობას ანიჭებს  ისეთ გადაცემებს, სადაც წამყვანის გარდა  მონაწილეობს მსმენელი ან სტუმარი და, ასევე, საინფორმაციო გადაცემებს. შედარებით ნაკლებად მიმზიდველია რესპონდენტთათვის გადაცემები სტუმრის ან მსმენელის მონაწილეობის გარეშე.

ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩაატარა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.

 

magti 5g