LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია“ – სტუდენტთა ნაწილი ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან საპროტესტო აქციით დახვდა

181
აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტთა ნაწილი მივიდა. მათი განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციით ირაკლი კობახიძეს დახვდნენ.

აქციის მონაწილე სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს.

როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან:

„რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ“ – განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ. ადგილზე, კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით ისევ დგანან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვა იცავს.

ცნობისთვის, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს აპროტესტებენ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“