LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ აღაშფოთა ნანკა კალატოზიშვილი?

131

„გულის ამრევი ქალაქი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმდენად ბინძურია, ყოველ ჩასუნთქვაზე სპაზმი გიჩნდება. 13 ივნისი, „მზიურის“ თაობა როდის გაიზრდებით და მოხვალთ მთავრობაში, თაობა, რომელსაც დირექტივის გარეშე გიყვართ ქალაქი, ბუნება, ერთმანეთი. როგორ გელოდებით“, დაწერა ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში.

რადიო „ფორტუნა“ მას დაუკავშირდა, რათა ვცრლად ჩაეწერა მსახიობის პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ნანკა კალატოზიშვილი:

ახლაც ვდგავარ ქუჩაში და მახრჩობს გამონაბოლქვი. ამ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ჩემი აზრი „ფეისბუქზე“ გამოვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ერთი ადამიანი არ მოვიდა ქალაქის მთავრობაში, რომელსაც ქალაქი ეყვარებოდა. არ ვიცი, სად გავასეირნო ჩემი შვილი, რომელ ქუჩაზე გავიყვანო, ყველგან ჰაერი დაბინძურებულია და ეს იგრძნობა, შიშით დავდივარ. გავრცელებულია კიბო და ლეიკემია და აშკარაა, რომ ეს ჰაერის დაბინძურების გამო ხდება. გულისრევის შეგრძნებით დავდივარ თბილისში.

მაინტერესებს, ის ადამიანები, რომელთაც ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ, რანაირად დადიან ამ ქალაქში? მათი ოჯახის წევრები, შვილები და თავად იმავე ჰაერს არ სუნთქვავენ? გამონაბოლქვი კლავს. ყველამ იცის, რომ ეს მანქანების ბრალია.

რა არის გამოსავალი?

ტექდათვალიერება აუცილებლად უნდა შემოიღონ. რა ვქნა, სად ვილაპარაკო ამ ყველაფერზე?!. კარგია, საჯარო სივრცეებში სიგარეტის მოწევა რომ აკრძალეს, მაგრამ სიგარეტის ბოლზე არანაკლები ზიანი მოაქვს მანქანების გამონაბოლქვს. რა გავაკეთო, კანცელარიის წინ ხომ არ დავიწვავ თავს? სანამ პასუხისმგებელი ადამიანების ოჯახის წევრებს არ დაემართებათ საშინელი დაავადება, მანამდე ვერ იგრძნობენ თავს დამნაშავედ? ვერ მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება?

ხომ შეიძლება, ერთ ადამიანს მაინც მოუვიდეს თავში აზრად, რა იქნება, წლების შემდეგ სიყვარულითა და პატივისცემით რომ გამიხსენონო? ხომ მოსწონთ და თვითონაც იხსენებენ ქართველ ისტორიულ ფიგურებს, რომლებმაც ქვეყნისთვის რაღაც გააკეთეს? სუფთა ჰაერი მაინც გვაჩუქონ, ეს ხომ მაინც უფასოა? ვერ ვხვდები, ასე რატომ ცხოვრობენ?

ნანკა, ბევრი გამოხატავს პროტესტს სოცქსელში, მაგრამ შესაბამის აქციებზე ცოტა ადამიანი იკრიბება…

ვფიქრობ, პროტესტი სწორად უნდა გამოიხატოს. აქცია არ უნდა იყოს პოლიტიზებული. როგორ შეიძლება, რომ ეს თემა პოლიტიზებული იყოს? სუფთა ჰაერი ყველას სჭირდება. ყველაზე მეტი გამონაბოლქვი მოდის სახელმწიფო ტრანსპორტიდან და ამას მაინც მიხედონ. როცა ქალაქიდან გავდივარ და ჩემი შვილიც გამყავს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, მაგრამ ვინც ქალაქში რჩება, იმან რა უნდა ქნას?

გული მისკდება, აქ ვცხოვრობთ ყველა. ერთი დღით რანაირად არსებობენ? ამდენი წყევლის მაინც არ ეშინიათ?

„მზიურის“ თაობა იმიტომ ვახსენე, რომ ალბათ, როცა ისინი გაიზრდებიან და მოვლენ ქვეყნის სათავეში, მაშინ გვეშველება. თორემ ახლა, რასაც ვუყურებ, თანამდებობებზე მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება კი იგივე რჩება. 13 ივნისს, „მზიურს“ რომ ასუფთავებდა, იმ ახალგაზრდა თაობისთვის რომ შეგეხედათ, თქვენც ასე იფიქრებდით. მათთვის ადამიანები მნიშვნელოვანია და ერთმანეთს პატივს სცემენ!..

მკვლელობისთვის ცხელი ან ცივი იარაღი არ არის აუცილებელი. მკვლელობის ტოლფასია, როცა ადამიანებს ასეთ სიბინძურესი ცხოვრებისთვის იმეტებ…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები