LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი ავტომობილის საღებავი

250

თანამედროვე ავტომობილები საკმაოდ გამძლე და საიმედოა. მათ შეუძლიათ 10 წლის განმავლობაში დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ პრობლემას, თუმცა საღებავზე ამის თქმა შეუძლებელია…

საავტომობილო საღებავი სინამდვილეში ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა. ის მუდამ ებრძვის ბუნების გამოწვევებს და ხშირ შემთხვევაში ძალიან ზიანდება. მისი მოვლა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოუვლელობის შემთხვევაში კი ავტომობილის საღებავი ზიანდება ისე, რომ მისი განახლება შეუძლებელი ხდება… რა აზიანებს ავტომობილის საღებავს ყველაზე მეტად და რას უნდა მოვერიდოთ? მაშ ასე…

 

 

მწერები

გაზაფხულსა და შემოდგომით მძღოლები აწყდებიან პრობლემას, რომელსაც მწერები ქვიათ. საყურადღებოა, რომ მწერების შასიდან ჩამორეცხვა ხშირად არც თუ ისე იოლია, ხოლო მათ მიერ გამოყოფილი მჟავა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს საღებავს. თუ სპეციალისტების რჩევას დავუჯერებთ, არ უნდა ვეცადოთ მათ მოცილებას საკუთარი ძალებით, კარგი იქნება თუ ამ საქმეს პროფესიონალებს მივანდობთ, რომლებიც სპეციალური სითხის საშუალებით ჩვენს ავტომობილის მწერებისგან უსაფრთხოდ გაასუფთავებენ.

 

 

ხის ფისი

ფისი საღებავზე ძალიან ცუდად მოქმედებს. შასიდან მისი მოშორება რიგ შემთხვევებში სპეციალური სითხის საშუალებით ხდება, თუმცა ხშირად, ის მაინც ტოვებს ლაქას საღებავზე. იმისათვის, რომ ფისი საღებავიდან მაქსიმალურად გავაქროთ, აუცილებელია შასის პოლირება.

 

 

კვერცხი

კვერცხი ძალიან აგრესიულად მოქმედებს საღებავზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ცილა და ყვითელი შიგთავსი დროთა განმავლობაში ავტომობილის საღებავს ანადგურებს. ასე რომ, თუ ოდესმე თქვენს ავტომობილზე კვერცხის ლაქას აღმოაჩენთ, სასწრაფოდ მიაშურეთ უახლოეს ავტოსამრეცხაოს, მისი დატოვების შემთხვევაში, შედეგები შეიძლება საკმაოდ არასახარბიელო გამოდგეს.

 

 

ყინული

მიუხედავად იმისა, რომ ფაფუკი თოვლი ავტომობილისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი გარდაქმნა ყინულად, საღებავისთვის შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს. სურათზე, რომელზეც ასახულია ყინულის საფარით დაფარული ავტომობილი, ეჭვგარეშეა, რომ საღებავისთვის ძალიან სახიფათოა. იმისათვის, რომ ავტომობილიდან ყინული მოვაშოროთ, აუცილებელია მისი ცხელი წყლით დალბობა იქამდე, სანამ ყინულის ბოლო ნატეხი არ მოსწყდება შასს. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლების უმეტესობა სურათზე მოყვანილი მაგალითის მსხვერპლი იშვიათად ხდება, უნდა დავიმახსოვროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეცადოთ ყინულის მოშორება ძალის დატანებით, რაც საღებავს უდიდეს ზიანს აყენებს.

 

 

კუპრი/ფისი

ხის ფისზე ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა, მასზე არანაკლებ სახიფათოა კუპრი. კუპრისაგან გამოწვეულ პრობლემებს ძირითადად ზაფხულის ცხელ დღეებში ვაწყდებით, როდესაც ასფალტის საფარი ცხელდება, რბილდება და მასზე ჩნდება კუპრი, რომელიც ეკვრის საბურავს, ხოლო საბურავიდან ავტომობილის შასზე ხვდება. იმისათვის, რომ წარმოქმნილი პრობლემა უსაფრთხოდ და საღებავის დაუზიანებლად აღმოვფხვრათ აუცილებელია სპეციალური სითხეებისა და პროფესიონალების ჩარევა.

 

 

ბენზინი

ხშირად საწვავის შევსების შემდეგ, არ ვუკვირდებით, როგორ ისვრება ბენზინით ავტომობილის საღებავი. ალბათ არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ბენზინი საღებავს ანადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის ნარჩენების საღებავიდან მოშორება საკმაოდ ადვილი საქმეა, გასათვალისწინებელია, რომ მისი დიდი ხნით დატოვება, როგორც საღებავის, აგრეთვე მის ქვეშ არსებული საფარის დაზიანებასაც იწვევს…

 

 

მტვერი

ძალიან მსუბუქი და წვრილი მტვრის ნაწილაკები გაგიკვირდებათ და შასის დაკაწვრას იწვევს. თუ დრო და დრო, ჩვენს ავტომობილს არ გავრეცხავთ და მტვრის ფენას არ მოვაცილებთ, ჩვენი შასი ნელ-ნელა ლპობას დაიწყებს, ხოლო ერთ დროს მბზინავი საღებავი სრულიად გაქრება. შესაბამისად, თუ ჩვენ ავტომობილის დიდი ხნით გაჩერება გვიწევს, ნუ მივცემთ მტვერს იმის საშუალებას, რომ დაზიანებული ავტომობილი, კიდევ უფრო დააზიანოს.

 

 

ყავა/გაზიანი სასმელები

იმის გამო, რომ გაზიან სასმელებსა და ყავაში შემავალი ნაერთები დიდ ზიანს აყენებს ავტომობილის საღებავს, უნდა ვეცადოთ და გადავეჩვიოთ ყავის ჭიქებისა და გაზიანი სასმელების ბოთლების შასზე მოთავსებას. განსაკუთრებით სახიფათო გახლავთ გაზიანი სასმელები, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ჩვენი სატრანსპორტო საშუალების საღებავს. თუ საღებავზე რომელიმე მათგანი დაიქცა, სასწრაფოდ უნდა მივაშუროთ უახლოეს ავტოსამრეცხაოს და დასვრილი ადგილი განსაკუთრებულად გავრეცხოთ…