LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ მოქალაქეს შეუმცირდა სესხის პროცენტი?

56

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17 642 მომხმარებელს შეუმცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%-მდე დაიწია, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 745,3 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 250-ით, თუმცა შემცირებულია მთლიანი პორტფელი – 786 მილიონი ლარიდან 745,3 მილიონამდე.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ,  17642 ხელშეკრულებიდან 8371 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 81,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოსთვის 15.6% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 4599 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.8%-ში. მთლიანი პორტფელი კი 195,1 მილიონი ლარია. ამასთან,  1775 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 445,71 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,3 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14,1%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი , 1 აგვისტოს მონაცემებით,  370,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13,3%-ში.

”ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 681,79 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,6%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 2874 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 22,2 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,8%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება. საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს 6 პროცენტამდე. გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი. თუმცა წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მასზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა”, – აცხადებენ ”საზოგადოებასა და ბანკებში”.

mazda magti 5g