LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მამაკაცებთან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

566
მაია-მაჭავარიანი

რამდენად ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მამაკაცებთან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

ეთმობა თუ არა სათანადო ყურადღება ფსიქიკურ ჯანმრთელობას ჩვენს რეალობაში?

ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, აღნიშნული საკითხები აქტუალურია მსოფლიოს ყველა წერტილში მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის.

ამავე დროს, მამაკაცთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს ხშირად არ ეთმობა სათანადო ყურადღება, გარკვეული სოციალური  ნორმების და მოლოდინების ზეგავლენის გამო.

რამდენად ხშირია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მამაკაცებთან?

სტატისტიკური მონაცემების  თანახმად, მამაკაცთა 20%-მდე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობის დიაგნოზი ჰქონია დასმული. ქალბატონებს თუ შევადარებთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის  პრობლემები ფიქსირდება 5-დან 1 ქალთან, მამაკაცების შემთხვევაში, 8-დან 1-ს.  ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა 40 % ამბობს, არასდროს არ ისაუბრებს ამ თემაზე. ასევე არის წყაროები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ორივე სქესთან ფიქსირდება, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში, მიმართვიანობა და დიაგნოსტირება გაცილებით იშვიათია, ვიდრე ქალბატონებთან.  არის გარკვეული განსხვავებები მდგომარეობების მიხედვითაც, მაგალითად, მამაკაცებთან დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ნაკლებად ხშირია, ვიდრე ქალებთან, მაგრამ დამოკიდებულებების დიაგნოზი (მათ შორის ალკოჰოლზე და ნივთიერებებზე), გაცილებით ხშირია მამაკაცებთან, ასევე მამაკაცებთან 3-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით სუიციდის შედეგად დაღუპვის შემთხვევებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხების გაშუქების და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების და ასევე ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარების საჭიროებებს, რომლებიც მოიცავს მამაკაცების პოპულაციას, იქნება ეფექტური და შედეგების მომტანი.

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზები მამაკაცეთან?

ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც მამაკაცების ცხოვრების ამ სფეროზე ახდენს გავლენას:

  1. სოციალური ნორმები და გენდერული როლი – ტრადიციული გაგებით მამაკაცის გენდერული როლი, ხშირად, გამორიცხავს მამაკაცის მხრიდან მოწყვლადობას, ემოციური სტრესის აღიარებას (თუნდაც საკუთარ თავთან!). ამას მოჰყვება ემოციების ჩახშობა და ფსიქიკური კეთილდღეობის რისკების ზრდა.

2. სამსახურთან დაკავშირებული სტრესი. თანამედროვე სამყაროში  ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა, ორივე სქესისთვის. მაგრამ როგორც აღინიშნა, რადგან სოციალური ნორმები მამაკაცებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ამ შემთხვევაში  განსაკუთრებულად მძაფრია პასუხისმგებლობის წნეხი. მაგალითად, მამაკაცი ვერ დატოვებს სტრესულ სამსახურს, რადგან ოჯახის  ერთადერთი მარჩენალია, ასევე სამსახურებრივი პასუხისმგებლობები, როგორიცაა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებების მიღება, სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე…

3. ამაზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ მამაკაცი ასევე შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და სექსუალურიც. ამ შემთხვევაში აღნიშნული საკითხების განხილვა და პროფესიული დახმარების ძიება განსაკუთრებით სტიგმატიზებულია.

4. დამოკიდებულება ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ვიყენებთ 2 განსხვავებულ აღნიშვნას, ერთია დამოკიდებულება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდა ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნივთიერებაზე, ალკოჰოლზე ან გარკვეულ აქტივობაზე; მეორე არის ნივთიერების ავად მოხმარება, რაც არანაკლებ საყურადღებოა, რადგან  შესაძლოა ადამიანს არ ჰქონდეს დამოკიდებულება ჩამოყალიბებული, მაგრამ გარკვეულ ნივთიერებას იმდენად ხშირად, ან იმ რაოდენობით მოიხმარს, რაც ზიანს აყენებს, მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მამაკაცების შემთხვევაში, განტვირთვა დალევის ან თუნდაც ე.წ კლუბური ნარკოტიკის, მარიხუანას საშუალებით, სტრესის დაძლევის ყველაზე ხშირი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სასარგებლო სტრატეგიაა. ამ შემთხვევაში მიიღწევა სტრესისგან განტვირთვის, რელაქსაციის მხოლოდ  ილუზორული მოკლევადიანი ეფექტი, რეალურად ნერვული სისტემის ,,განტვირთვა” ამ შემთხვევაში არ ხდება, უფრო მეტიც ორგანიზმს დამატებით სტრესორს ვაწვდით, რაც იგრძნობა, ე.წ ჰენგოვერის ან ნაბახუსევის  დადგომისთანავე.

5. კიდევ ერთი ფაქტორია არაჯანსაღი მოსაზრებები და ატიტუდები, როგორიცაა ,,მე ეს არ დამემართება“ (ანუ სულ ჯანმრთელი ვიქნები), ,,მე ვაკონტროლებ სიტუაციას“(მოვიხმარ ნარკოტიკს, მაგრამ არ გავხდები დამოკიდებული),  ,,თუ სპეციალისტთან მივალ „გამჭყიპავს“ წამლებით და უარესია“ ან ,, ფსიქოთერაპია მე რად მინდა, გიჟი ხომ არ ვარ?!“, ,,თუ ვაღიარებ, რომ პრობლემა მაქვს ეს სისუსტის ტოლფასია“და ა.შ.

გაითვალისწინეთ:

  1. სამსახური და პირადი ცხოვრების ბალანსი.  იმდენად რამდენადაც ვისწავლეთ სამუშაოს ეფექტური დაგეგმვა და  სამსახურებრივი პროცესების მართვა, დასვენების დაგეგმვა და პირადი სივრცის დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  2. სოციალური კავშირები – ჩვენი სოციალური გარემო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში. მყარი მეგობრული და ოჯახური ურთიერთობები, ერთად  ხარისხიანად  გატარებული დრო და დასვენების საშუალება. ასევე ახლობლებთან ემოციების და განცდების გაზიარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ორივე სქესის ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
  • ნივთიერებების მოხმარების შეზღუდვა. აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ რა ზეგავლენას ახდენს აღნიშნული  სახის ,,გართობა”  ნერვულ სისტემაზე. დისფუნქციური ნერვული სისტემის შემთხვევაში ვერც ემოციური რეგულაცია და ვერც იმპულსის კონტროლი ვერ იქნება ეფექტური. ამის ფონზე გუნება-განწყობილება და შრომისუნარიანობაც მნიშვნელოვნად იზარალებს.
  • მოიძიეთ სტრესთან გამკლავების ეფექტური საშუალებები, რომლებიც მოერგება თქვენს ცხოვრების სტილს და სიამოვნებას მოგანიჭებთ, ეს შეიძლება იყოს როგორც აქტიური ისე პასიური დასვენება, გარკვეული ჰობი, თვითგანათლება და სხვა.
  • გარკვეულ პერიოდში ერთხელ დაუთმეთ დრო საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ შესაბამისი სკრინინგი და შეფასება, ნებისმიერი პრობლემის დაძლევა, ბევრად მარტივი, იაფი და ეფექტურია, როდესაც პრობლემა ახალია და არა ხანდაზმული და შორს წასულია. ასევე პრევენცია ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მკურნალობა.
  • საკუთარ თავზე ზრუნვა – ვარჯიში, ჯანსაღი კვება, საკმარისი ძილი, ხარისხიანი დასვენება, განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
  • მიიღეთ ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და ასევე მიიღეთ მონაწილეობა სხვა ადამიანების მხარდაჭერაში.