LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სახიფათოა კომპიუტერზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

867
salome_kakabadze

გადაცემის ლაივი LIVE

ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები. მეცნიერული კვლევების მონაცემებით, ძალიან გაზრდილია კომპიუტერულული ტექნოლოგიების გავრცელება და გამოყენება არა მარტო ბავშვებთან და მოზარდებთან,  არამედ  ზრდასრულებთანაც. რამდენად სახიფათოა კომპიუტერზე დამოკიდებულება ბავშვებსა და მოზარდებში – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე.

რამდენად პრობლემურია კომპიუტერზე დამოკიდებულება საქართველოში?

მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც, ადიქციური ქცევა ბავშვებსა და მოზარდებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ადიქცია – ეს არის ისეთი სახის აკვიატებული და არაჯანსაღი მიდრეკილება რაიმეს მიმართ, ფსიქოლოგისგანრომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ადიქციაზე შეიძლება იყოს: ბავშვის აღზრდა, ფსიქოლოგიური ტრავმა, ძალადობის შემთხვევა, სასტიკი მოპყრობა,  კომუნიკაციის პრობლემები, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების არარსებობა. კომპიუტერზე დამოკიდებულება ხასიათდება რეალობისგან გაქცევით, საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის ხელოვნურად შეცვლის გზით. ეს, ერთის მხრივ, არის გადასვლა ვირტუალურ რეალობაში, რომელიც ანაცვლებს რეალურ სამყაროს.

ბავშვებსა და მოზარდებში ფართოდ არის გავრცელებული კიბერდამოკიდებულების პრობლემა…

კიბერდამოკიდებულების პრობლემა კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაში გამოიხატება. იმ სივრცეში უფრო მარტივად არის შესაძლებელი ურთიერთობები, ემოციების გამოხატვა  ან მიღება და გამოსავლის პოვნა. სახიფათო ინტერნეტ თამაშები, რომლებიც დესტრუქციული ქცევისა და თვითდაზიანებისკენ მოუწოდებენ მოზარდებს, ჩვენს ინტერნეტ სივრცეშიც აქტუალური გახდა. ხშირად ბავშვები და მოზარდები  ვირტუალურ სამყაროს აღიქვამენ, როგორც ობიექტურ რეალობას. კომპიუტერული დამოკიდებულების მექანიზმის ფორმირება ეფუძნება რეალობისგან გაქცევას და როლის მორგების მოთხოვნილებას. თამაში ხდება ცხოვრებისეული პრობლემების კომპენსაციის საშუალება. პიროვნება რეალიზებას ახდენს  ვირტუალურ სამყაროში. ის, რომ მოზარდი ინტერნეტში გარკვეულ დავალებებს იღებს და საფეხურებს გადის, თავისთავად ნიშნავს, რომ ამ ბავშვს რაღაც პრობლემები აქვს ოჯახში ან სოციალურ გარემოში, რომელიც შეიძლება საგანგაშო იყოს და ხშირად, მშობლებს ყურადღების მიღმა რჩებათ ხოლმე. ამიტომ,  მნიშვნელოვანია, მშობელი დაინტერესდეს იმით, თუ რას აკეთებს ბავშვი.

რა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერზე დამოკიდებულებამ?

კომპიუტერზე დამოკიდებულებამ  შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ემოციური არამდგრადობა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, ინტერესის სფეროს შემცირება ან არქონა, გაღიზიანების მატება, დეპრესია, ნევროტული სიმპტომატიკა, კვების და ძილის დარღვევები, მეტაბოლიზმის პროცესის გაძლიერება, მხედველობის და ხერხემლის პრობლემები. ხშირად, კომპიუტერზე დამოკიდებული მოზარდები მიდრეკილნი არიან დესტრუქციული, წინააღმდეგობრივი  და სარისკო ქცევისკენ,  რაც იწვევს  სოციალური გარემოს მტრულად აღქმას. მათი ფსიქიკა იძაბება და უჭირთ სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლა. ახასიათებთ ემოციური სიცივე, ეგოცენტრიზმი, და კონფლიქტურობა. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებიან, როდესაც თემა ეხება კომპიუტერულ თამაშებს. ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. სოციალური ქსელები, რომლებიც კომფორტულ გარემოს უქმნის მოზარდებს, რეალურად ართმევს ბუნებრივი კომუნიკაციის საშუალებას, მათ ხდის უფრო მეტად ჩაკეტილებს და წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობას უქვეითებს. ამავდროულად, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ყველას აუცილებლად ერთი და იგივე ნიშნები არ აქვს. ამიტომ, როცა ბავშვის ხასიათი, ინტერესები მკვეთრად იცვლება, ოჯახის წევრი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად.

ხშირად, მოზარდები მარტო რჩებიან საკუთარ პრობლემებთან და არ აქვთ მოლოდინი, რომ მშობლები მათ მხარს დაუჭერენ, ან ეშინიათ ამა თუ იმ პრობლემის თქმა და გაზიარება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები გრძნობდნენ, რომ მშობლებს შეიძლება არ მოსწონდეთ მათი კონკრეტული ქცევა, მაგრამ პატივს სცემდნენ და უყვარდეთ მათი პიროვნება.

 

რაც შეეხება მცირე ასაკში კომპიუტერზე მიჯაჭვულობას…

განსაკუთრებით საყურადღებოა პატარა ბავშვების დამოკიდებულება კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან. მშობლების არაინფორმირებულობა ხშირად ხდება აღზრდაში დაშვებული შეცდომების მიზეზი, რაც შემდგომში ბავშვში იწვევს ადიქციური ქცევის ჩამოყალიბებას. ადიქციის ნიშნები კი შესაძლებელია მცირე ასაკშივე გაჩნდეს. პატარა ბავშვის ტვინი მხოლოდ რეალურ გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესში ვითარდება. ბავშვმა თუ არ იმოძრავა, თუ არ შეიგრძნო და გარემოსთან ურთიერთობის გზით არ დაინახა ეს ყველაფერი, მისი ტვინი სუსტად ვითარდება. ბავშვი კომპიუტერით იღებს გამზადებულ პროდუქციას, შესაბამისად, მას აღარ ეძლევა წარმოსახვის საშუალება და ფანტაზიის უნარი არ გააჩნია, რაც შემდგომში სააზროვნო პროცესების განვითარებას უშლის ხელს. ხშირად, პატარები  უცხოენოვან პროგრამებს უყურებენ ძალიან დიდი დოზით და ნაკლებად ესმით საკუთარ ენაზე ცოცხალი საუბარი, რაც მეტყველების პრობლემების გამომწვევია. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები უძრავად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, მათი მოტორული განვითარებაც ფერხდება და ექმნებათ კომუნიკაციის პრობლემები. მათ არ იციან, როგორ აწარმოონ დიალოგი, ვერ სწავლობენ რიგის დაცვას და სხვისი პოზიციის გათვალიწინებას, ისინი ძალიან მომთხოვნები ხდებიან, რადგან კომპიუტერში მიჩვეულები არიან სურვილების მყისიერად ასრულებას და იმ მომენტშივე შედეგის მიღებას. აქედან გამომდინარე, მათ რეალობაში ძალიან უჭირთ სხვადასხვა პროცესის გადავადება დროში და სურთ, რომ მშობლებმა ესა თუ ის სურვილი/მოთხოვნა შეუსრულონ მყისიერად. არიან ბავშვები, რომლებსაც განვითარების გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს არ არის დიდად თვალსაჩინო. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებულად დიდი ზიანის მომტანია კომპიუტერული საშუალებების გამოყენება ბავშვებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს დამოკიდებულებას კომპიუტერის მიმართ – ზედმეტი დოზით და არადროული მოხმარება ზიანის მომტანია.

7 რჩევა სალომე კაკაბაძისგან:

1. სასურველია, აკრძლვის გარეშე დროის რეგლამენტირება ბავშვისთვის – დღეში რამდენ დროს გაატარებს კომპიუტერთან და არასასურველი ქცევის სხვადასხვა აქტივობით ჩანაცვლება ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

2. პირდაპირ აკრძლვა არ არის რეკომენდირებული, რადგან აკრძალვა ყოველთვის ამძაფრებს სურვილს და ხშირ შემთხვევაში იწვევს ბავშვის აგრესიულ ქცევას;

3. მნიშვნელოვანია რომ ბავშვებს ვაჩვენოთ პირადი მაგალითი, თუ ბავშვს ნებას ვრთავთ, რომ კომპიუტერი გამოიყენოს მხოლოდ ერთი საათი , მშობელიც უნდა შეეცადოს რომ ერთი საათით ისარგებლოს კომპიუტერით;

4. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის გვერდით ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს ემოციურ თანადგომას. ბავშვს სჭირდება მშობლებთან ემოციური კონტაქტი და ურთიერთობა. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ, ეთამაშეთ, ჩაერთეთ ერთობლივ აქტივობებში. გამონახეთ დღეში ნახევარი საათი შვილთან ურთიერთობისთვის;

5. შესთავაზეთ დროის გაყვანის სხვა ალტერნატივა. ბავშვებთან ერთად გააკეთეთ ჩამონათვალი, რითიც ბავშვი დაკავდება მთელი დღის განმავლობაში. კარგი იქნება თუ ეს სია მოიცავს გასვლით აქტივობებსაც;

6. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა თამაშებს თამაშობს ბავშვი. ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია იყოს უძილობის , გაღიზიანების, აგრესიის და სპეციფიური შიშების გამომწვევი მიზეზი. თამაშები განიხილეთ ბავშვებთან ერთად, უპირატესობა მიანიჭეთ განმავითარებელ თამაშებს. მნიშვნელოვანი ბავშვებს ვასწავლოთ და დავანახოთ, რომ რეალური სამყარო უფრო მრავალფეროვანია და თამაში მას ვერ ჩაანაცვლებს.

7. თუ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით აღნიშნულ პრობლემას და ატყობთ, რომ თქვენს შვილს ქცევითი და ემოციური პრობლემები აქვს, აუცილებელად მიმართეთ სპეციალისტს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები