2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან, ზოგადი უნარების გამოცდაზე 35 440 აბიტურიენტი გავიდა.
როგორც “ფორტუნას” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დარეგისტრირებულ და ზოგადი უნარების გამოცდაზე გასული აბიტურიენტების ოდენობებს შორის ცდომილება რამდენიმე მიზეზის გამოა. 1. აბიტურიენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე; 2 დააგვიანა და მოიხსნა გამოცდიდან და 3. აბარებს სასულიერო სემინარიაში და ზოგადი უნარების ჩაბარების ვალდებულება არ აქვს. შესაბამისად, ეს მონაცემი აისახა.
გამოდის, რომ კონკურსი, ზოგადი უნარების გამოცდებაზე დასწრების მონაცემების გათვალისწინებით, გააგრძელდა 35 440 აბიტურიენტისთვის. ცენტრის ინფორმაციითვე, გამოცდაზე მონაწილეთა 13% ჩაიჭრა, რაც მარტივი არითმეტიკით დაახლოებით 4607 აბიტურიენტს შეადგენს. შედეგად, ერთიანი ეროვნული გამოცდების კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, აგრძელებს 30 833 აბიტურიენტი.
შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა არის დახურულპასუხებიანი გამოცდა, რის გამოც, აპელაცია მის შედეგებს არ ეხება. თუმცა, შესაძლოა, ეს მონაცემი შეიცვალოს, რადგან აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდის გარდა, კიდევ რამდენიმე საგანი ჩააბარეს და მისი დაზუსტებული შედეგები ჯერჯერობით დამუშავების პროცესია, რადგან აპელაციის შედეგები არაა გამოქვეყნებული. ასევე, ჯერჯერობით აბიტურიენტები ელოდებიან ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალსაც, რომელიც განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ასევე, აბიტურიენტებს საკუთარ პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ, აპელაციების შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ დროში ჯერ უფასო ფაკულტეტების სია უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგ აპელაციის შედეგები. შესაძლოა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამ მომდევნო კვირამდე გადაიწიოს.