კორონავირუსთან ბრძოლის რთულ გზაზე ვაქცინაცია ერთადერთი ნათელი გზაა. თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს საზოგადოებას.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კითხვაზე, რამდენი ხანი დაგვიცავს ვირუსისგან ვაქცინა, ზუსტი პასუხი კაცობრიობას ჯერ არ აქვს.
„მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაცია დაწყბულია სულ რაღაც სამი თვეა. სულ აცრილია 500 მილიონამდე ადამიანი. ექიმების ვარაუდით ვაქცინა მინიმუმ 6 თვე დაგვიცავს კორონავირუსისგან“, – განმარტა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია ახალ შტამებზე, რომელიც საფრთეს უქმნის მსოფლიოს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ შტამს დაფარავს მსოფლიოში უკვე არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. დღეს არსებულ ყველა შტამზე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები წარმატებით მუშაობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ვაქცინაცია, რომ ვირუსი დავამარცხოთ და მან მუტაციები აღარ განიცადოს.
შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაციას ჰქონდეს იგივე შედეგი, რაც სხვა აცრების შემთხვევაში გვაქვს და 1-დან 3 წლამდე დაგვიცვას. ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. ამის თქმა მაშინაც შეუძლებელი იქნებოდა, ვაქცინაცია 2020 წლის გაზაფხულზე რომ დაწყებულიყო“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.