LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა პირველ ეტაპზე – დღეს მეორე ეტაპი იწყება

173
skolaklasi

სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, სადაც პირველკლასელი უნდა შევიდეს და ასევე, ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან და ასევე, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე ბავშვების დასარეგისტრირებლად მშობლებმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლებმა უშუალოდ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ და წარუდგინონ ბავშვის დოკუმენტაცია.

წელს, პირველ კლასში შესვლის უფლება იმ ბავშვებს აქვთ, ვინც 16 სექტემბერს უკვე იქნება ექვსი წლის.

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში წელს ცვლილებები შევიდა და ის სამის ნაცვლად, ოთხ ეტაპად ხორციელდება.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს პირველ რიგში რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ. მათი რეგისტრაცია 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდა.

როგორც “ფორტუნას” გადაცემა “ინსაიდერში” სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ აღნიშნა, წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების 510 მოსწავლე ჩაირიცხა პირველ კლასში.

რაც შეხება მესამე ეტაპს, სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით სკოლებში პირველკლასელებისთვის სულ 59 ათასი ადგილია გათვალისწინებული, თუმცა მოსალოდნელი ნაკადი დაახლოებით 57 ათასი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g