“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თბილისში გამართული აქციის დროს, ხარჯი არაფერზე გაუღიათ და თანხა მხოლოდ სცენისთვის გადაიხადეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც მისისვე თქმით, ნიშნავს იმას, რომ აქციას კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა.
კობახიძე აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორებმა თანხების დეკლარირებაზე უარი თქვეს, რაც ეჭვებს ამძაფრებს:
“რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა, თუმცა, იცით, რომ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ამ თანხების დეკლარირებაზე, რაც ამძაფრებს ეჭვებს.
ზოგადად, იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დესტრუქციულ ქმედებებში, კარგია, რომ თბილისში ე.წ. პარალიზების მცდელობას აღარ ჰქონდა ადგილი, ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება, იმედია ასეთივე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც.” – თქვა კობახიძემ.
თავად “რიონის ხეობის მცველების” ხელმძღვანელი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს და გამოდიან ინიციატივით, წარადგინონ ფინანსების წყაროები, საიდანაც თანხები მოდის. მისი თქმით, ესენი ემიგრანტები და თანამოქალაქეები არიან.