საქართველოში კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლები კვლავაც ნარჩუნდება.
საწოლფონდი მობილიზებულია მაქსიმალურ დონეზე, 8871 საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში იმყოფება 6778 პაციენტი. აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 371 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ბოლო დღეებში, 8 ნოემბრიდან ამოქმედდა 60 წლის ზემოთ ადამიანებში ვაქცინაციის წახალისების სქემა და ამან გარკვეულად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგამის გაფართოებას.
აცრილთა შორის სტრუქტურულად 28 %-დან 44 %-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში აცრილთა რიცხვი.
გუშინდელი მონაცემით აცრილთა რიცხვი 8 ათასს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობ, რომ მეტი მატება არის მოსალოდნელი.
ასევე მიმდინარეობს ბუსტერდოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.
განსაკუთრებით მაღალი ბუსტერდოზების გამოყენება არის, 18-დან 49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
რაც შეეხება 12-დან 15 წლის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. ამ დრომდე სულ 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი.
რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“.- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.