კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ დღეს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. მისი სიტყვებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება.
„ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“, – აცხადებს სოსო თოფურიძე.
სოსო თოფურიძის ფეისბუკპოსტს გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ძალიან მძიმე წარსულმა „ნაცმოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
„ფინანსური რესურსების მოზიდვაზე საუბარი, რომლის წყარო, ადამიანი ყველასთვის ცნობილია, საჯილდაო გახდა. არსებობს ასევე მათი წარსული, რომელიც სისხლიანი ლაქებით ხასიათდება. ხდება ამისგან გამიჯვნა, ისევე, როგორც გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს. მათ რიგებში არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება და როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა და აღნიშნა, რომ რეალურად, ოპოზიციის ამ ნაწილს არ აინტერესებს ის ხალხი, რომელიც მათ უჭერს მხარს.
„მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი. სოსო თოფურიძე ხომ იცით, რომელიც არის? მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, რომელიც დღემდე იმალება. ეს ადამიანიც კი შეშფოთებულია და დემოკრატიას ქადაგებს. ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ – დაცვა 18 ათასი ლარი, მივლინებები 40 ათასი ლარი, თურმე ოთხი ტონა საწვავი და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ დაიცავს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უფლებებს? ამიტომაც არის, პარტიაში რომ შემორჩათ 17 კაცი, რომლებიც მათი მიმდევარია.
ამას ვამბობდით, რომ უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს სასაცილოა. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ამაზე კომენტარი მე გავაკეთო. ერთი ჯალათი დანარჩენ მწვალებლებს უთვლის ხარჯებს, რაში დახარჯეს ფული, როგორ გამოიყენეს და ხალხი რომ არ აინტერესებთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მათი ინტერესი არ არის ის ხალხი, ვინც მათი მიმდევარია. მათმა მიმდევრებმაც გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები. რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდარები არიან და მათ ინტერესებს იცავენ. ერთიც, მეორეც ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან?, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.
ესენი არიან მწვალებელთა პარტია, ძალიან დიდი ნაწილი გასამართლდა, ახლა თოფურიძეც გამოჩნდა და ალბათ, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება, საიდან იყო, როგორ არის და რანაირად. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სპექტრის მთელი ტრაგიკომედია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, “იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა”.
„გვახსოვს როგორ ექცეოდა ადამიანის უფლებებს თავის დროზე. თუ არ ვცდები კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია. რაც შეეხება ხარჯებს, საინტერესოა თავისთავად ეს დეტალები, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა ამ ადამიანმა. მილიონ ნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება, დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის შავი ფული. ეს ასევე აჩვენებს შიდა დაპირისპირებას. რისთვისაც ებრძვიან ერთმანეთს ეს არის კეზერაშვილის, სააკაშვილის ფული და ამ ფულის გარშემო მიმდინარეობს ეს დაპირისპირებები, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგია. რაც მეტი პოლარიზაცია იქნება „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლიტიკურ სისტემაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.