ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელიც მდუმარებაშია და ამჟამად ვაზისუბანში ცხოვრობს, სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი სასუბრო თემაა.
სადაც ბერი გამოჩნდება, მას თავისი ერთგული მრევლიც თან დაჰყვება. ყველა საცხოვრებელი მამა ნიკოოლოზმა მეზობლების ჩივილის გამო დატოვა.
ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი საკმაოდ დიდი ხმაურით გამოირჩევა, საათობით ელოდებიან, როდის გადმოხედავს ბერი ნიკოლოზი ფანჯრიდან და მანამდე მას სიმღერებსაც კი უძღვნიან.
იქ მისულთა უმრავლესობას სხვადასხვა გასაჭირი აქვს, ხშირად, ჯანმრთელობის პრობლემა.
ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამტკიცებენ, რომ სასულიერო პირს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
გთავაზობთ ჟურნალის სტატიიდან რამდენიმე ამონარიდს:
„ერთხელ აქ მოვიდა ფეხმოტეხილი ფეხბურთელი, რომელსაც სამ დღეში ძალიან სერიოზული თამაში ჰქონდა. მაშინ ბერი თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე ცხოვრობდა და გარეთ ხუთშაბათობით გამოდიოდა. ეს ფეხბურთელი რომ მოვიდა, ბერი ნიკოლოზი გარეთ გამოვიდა და სასწაულიც მოხდა. ფეხმოტეხილმა ბიჭმა ზუსტად სამ წუთში თაბაშირი მოიხსნა და სახლში ყავარჯნების გარეშე წავიდა. ეს არის მსოფლიო მასშტაბის სასულიერო პირი, მაგრამ გარკვეული ძალების მიერ მისი დისკრედიტცაია ხდება“, – აღნიშნავს დოდო კაპანაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.
„აქ ხალხი უცხოეთიდანაც მოდის, რუსეთიდან – ძალიან ხშირად. ვინც ბერ ნიკოლოზთან მოვიდა და სურვილი ჩაიფიქრა, ყველა შეუსრულდა. მას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. როცა დრო მაქვს, სულ ბერთან გამოვრბივარ“, ამბობს ლევან მანაგაძე.
ჟურნალთან შეწუხებული მეზობლებიც საუბრობენ და ამბობენ: „აქ ცხოვრება აღარ შეგვიძლია. შეიძლება, დღე და ღამე ეზოში ხალხი იდგეს?! თუ ამ კაცმა ფანჯრიდან გამოიხედა, ასამდე კაცი ყვირილს იწყებს, დაგვლოცეო, გაიძახიან, ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს. ბავშვები გვყავს, ოჯახები გვაქვს და არ შეიძლება, მუდმივად სტრესში ცხოვრობენ“, დასძენს ჟურნალთან ინტერვიუში ფონიჭალაში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბერი ნიკოლოზი უკვე 20 წელია, მღვდელმსახურებიდან განკვეთილი ჰყავს.