LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იწვევს ორსულობაში გადატანილი სტრესი და არის თუ არა ის კავშირში ბავშვებში მეტყველების დაგვიანებასთან – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები

75
ირინა-ნიკოლაიშვილი

„მეტი მზაობა დედობისთვის“– როგორ უნდა მოვიქცეთ ორსულობის პერიოდში და რას უნდა ავარიდოთ თავი სხვადასხვა არასასურველი, ნეგატიური შედეგების ასაცილებლად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ორსულობაში გადატანილმა სტრესმა ნაყოფზე, შესაძლებელია თუ არა, რომ განვითარების ეტაპების შეფერხების მიზეზი ორსულობაში გადატანილი სტრესი იყოს, როგორ უნდა ვიმუშაოთ განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვთან და მოგვარებადია თუ არა აღნიშნული პრობლემა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა – ირინა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ირინა, დაგეგმილი გაქვთ სპეციალური ტრენინგი-ლექცია მშობლებისთვის, ორსულებისთვის და მომავალი დედებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ შვილები, მაგრამ სწორად აღზრდაზე ბევრი არაფერი იციან. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრენინგები ხშირად არ ტარდება და რომ ჩვენ ძირითადად ისეთი ტრენინგების მომსწრენი ვართ, სადაც პედიატრები ასწავლიან მშობლებს, თუ როგორ მოუარონ ბავშვებს, თუ როგორ გამოუცვალონ საფენი, როგორ ასწავლონ სწორად კვება და ა.შ. , მაგრამ როგორც წესი, მშობლებისთვის უცნობია, ის, რაც ბავშვის მენტალური განვითარებისთვის არის საჭირო. ძირითადად რა ტიპის იქნება აღნიშნული ლექცია და რატომ გაგიჩნდათ მისი ჩატარების სურვილი?

ამ წამოწყებისთვის მე 25 წელია ვემზადები. ეს არ არის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც მხოლოდ განათლებით, წიგნებით, ლექციებით და სხვადასხვა სემინარებით მიიღება, ანუ ეს არ არის მარტო თეორიული ცოდნა, ეს არის ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მე 25 წლის განმავლობაში დამიგროვდა… ეს არის არაერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, არაერთი ალაპარაკებული ბავშვი, არაერთი დაძლეული შიში და ა.შ. მინდა, დაგროვილი ცოდნა და ინფორმაცია აუდიტორიას, კონკრეტულად, ფეხმძიმეებს და მომავალ დედებს გადავცე, რათა მათ შეძლონ და თავიდან აირიდონ სავალალო შედეგები, რაც წინასწარი ინფორმირებულობის ხარჯზე, ასე თუ ისე შესაძლებელია.

ამ ლექციაზე არ იქნება განვითარების ეტაპების მიმოხილვა, არ იქნება იმის განხილვა, თუ განვითარების რომელი საფეხურის დროს, რას უნდა მიექცეს ყურადღება, ამ ლექციაზე მშობლებს იმ ნიუანსებს მივაწოდებთ, რაც კონკრეტული სირთულეების დაძლევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, დავიწყებ ფეხმძიმობის პერიოდიდან, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ორსულისთვის ჟანგბადის სწორად მიწოდებას, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება ახლდეს ორსულობის პერიოდში ჟანგბადის დეფიციტს და შემდგომ როგორ უნდა ებრძოლოს და გამოასწოროს მშობელმა აღნიშნული, ვისაუბრებ კვების აუცილებლობაზე, იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ორსულისთვის სტრესის არიდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს გაჩენის დროს, ორივე მშობლის დასწრებას, ახლავს თუ არა ამას სირთულეები და შემდგომ როგორ უნდა მართოს მშობელმა ეს ყველაფერი.

ჩემთვის ამოსავალი წერტილია, რომ დედები უფრო ინფორმირებულები და მომზადებულები იყვნენ, იცოდნენ, თუ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, იქნება ეს რაიმე საკვების შეზღუდვა, სადღაც სამოგზაუროდ წასვლა, ბავშვთან განშორება, ოჯახის დანგრევა თუ სხვა, რათა ნაკლები ტკივილი და სტრესი მიაყენონ ბავშვებს. მე მსურს, რომ მეტი ჯანმრთელი ბავშვი არსებობდეს ჩვენს ირგვლივ.

ახლახან ერთი ფრანგი ფსიქოლოგის ლექციაზე მომიწია ყოფნა და მან ასეთი მიმართვით დაიწყო გამოსვლა –  „განა კი ყველას აქვს ასეთი აშლილობა, განა კი ყველაშია ასეთი სირთულე თავიდანვე, იქნება ეს ქცევის დარღვევა, ყურადღების დეფიციტი თუ მეტყველების შეფერხება?! იქნებ და რაღაცას ჩვენ არ ვაკეთებთ სწორედ, იქნებ, მეტი მზაობით შევხვდეთ მშობლები ბავშვებს და შევძლოთ, უფრო ადრეული ასაკიდან ვიყოთ ყურადღებიანები“.

აღსანიშნავია, რომ იყო ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, პედიატრიული კათედრის ხელმძღვანელი, ნინო მანჯავიძე, რომელიც პედიატრების და ფსიქოლოგების თანამშრომლობის ერთ-ერთი დიდი ინიციატორი გახლდათ. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ პედიატრების გადამზადება და მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ინფორმაცია უნდა გადასცენ მშობელს, როცა ბავშვს ამა თუ იმ შეფერხებას ან დარღვევას ატყობენ ადრეულ ასაკში, რადგან სამწუხაროდ, ბავშვი ჩვენთან მას მერე ხვდება, როცა პრობლემა უკვე ჩამოყალიბებულია. გამომდინარე აქედან, მე შევეცადე, ეს შეხვედრა საინტერესო ყოფილიყო იმ კუთხით, რომ დედებს მანამ მივაწოდო ინფორმაცია ყველა სავალალო და რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სანამ ისინი პედიატრთან მოხვდებიან, სანამ ბაღის მასწავლებელი მიუთითებთ პრობლემაზე, სანამ სკოლაში წააწყდებიან სირთულეს, რომ მათ მეტი მზაობა ჰქონდეთ და ჩემს ლექციას სწორედ რომ „მეტი მზაობა დედობისთვის“ დავარქვი. პირველ რიგში, ყველაზე კარგად მომზადებულ, ინფორმირებულ მშობელს შეუძლია, ამა თუ იმ პრობლემის დანახვა, რომელიც მის შვილს აწუხებს.

ორსულობის პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოხდეს პრენატალური ფსიქოლოგიის გავლა და დასწავლა. ჩემი ეს შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება ზუსტად ამას ემსახურება. მინდა, რომ დღევანდელი ფეხმძიმე გაცილებით ყურადღებიანი იყოს მომავალი შვილის მიმართ. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ნაკლები პრობლემური ბავშვი გაჩნდეს, რადგან ჩემი გამოცდილებით, ასეთი ბავშვები მხოლოდ მატულობს და იქნებ, დროა ამის მიზეზი ვეძიოთ. მშობლები უფრო მეტად  ჩართულები უნდა იყვნენ ბავშვებთან მიმართებაში, უფრო მეტად უნდა აირიდონ ბავშვებისთვის სტრესის მიყენება, უფრო მეტი მზაობით და პასუხისმგებლობით უნდა შეხვდნენ ოჯახის შექმნას და ასევე დანგრევას, რადგან რა პომპეზურობითაც ხდება ოჯახების შექმნა, ვერ წარმოგიდგენიათ, რა სიხშირით მატულობს დანგრეული ოჯახების რაოდენობა და ასეთი დასტრესილი და დანგრეული ფსიქიკის მქონე ბავშვების რაოდენობა. მშობლების გადადგმული თითოეული ნაბიჯი მათ შვილებზე აისახება. შესაბამისად, მშობლობისთვის მეტი მზაობა და პასუხისმგებლობა გვმართებს, ეს არ არის პერიოდი, რომელშიც შეცდომების დაშვების უფლება გვაქვს. ეს არის პერიოდი, რომელიც თქვენს სრულფასოვან მომავალს განსაზღვრავს. ჯანმრთელი შვილი ჯანმრთელი მომავალია.

სტრესი და ორსულობა ახსენეთ, რა შეიძლება დააზიანოს სტრესმა?

პირველ რიგში, მინდა, ის ფაქტი აღვნიშნო, რომ ჩვენ ამაზე პოსტფაქტუმ ვსაუბრობთ, ანუ იმას, რომ მშობელს ფეხმძიმობის რომელიმე ვადაზე სტრესი აქვს გადატანილი, მაშინ ვიგებთ, როდესაც ჩვენ გვიწევს პაციენტის დიაგნოზის შესწავლა, ანამნეზის შეკრება და ა.შ. ფსიქოლოგია არ არის ისეთი ზუსტი მეცნიერება, როგორიცაა მაგალითად, მათემატიკა, ჩვენი დასკვნები და ჩვენი ვარაუდები პაციენტთა შედეგებს და არსებულ თეორიაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა და დასაბუთება, რომ სტრესი გარკვეულწილად ცუდ გავლენას ახდენს ფეხმძიმობაზე, მხოლოდ იმ მრავალრიცხოვანი პაციენტებით და მიღებული უარყოფითი შედეგებით შეგვიძლია, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომელ გამოცდილებასაც ფსიქოთერაპია და თუნდაც, ფსიქოდიაგნოსტიკა ეყრდნობა. რა თქმა უნდა, სტრესი ძალიან დიდ კვალს ტოვებს ფეხმძიმეზე, რადგან ორსულობის პერიოდში ნაყოფის სამყარო დედის გამოცდილების მიხედვით იქმნება, ანუ მნიშვნელოვანია, თუ რა გუნება-განწყობილებაზეც არის დედა, თუ როგორც იკვებება ის, თუ რა ემოციური ფონი აქვს მას და ა.შ. არაერთხელ აღუნიშნავთ მშობლებს, რომ როცა ორსულობის პერიოდში სტრესს განიცდიდნენ, ნაყოფი იმ დღეებში უფრო მეტად აფორიაქებული იყო, უფრო მეტად შფოთავდა და რეაგირებდა. შემდეგ, ნაყოფის ეს გამოვლინება დედის დისკომფორტში, უძილობაში და სხვადასხვა ორგანოების ტკივილში იხატებოდა.

როდესაც მშობელი მოგვმართავს და გვეუბნება, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდან აქვს ფორიაქი, შფოთვა, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს და დადგენას, თუ სად იღებს სათავეს მისი ეს ფორიაქი და ემოციური, ზედმეტად მგრძნობიარე რეაგირება ასეთ პატარა ასაკში. როდესაც ჩავეძიებით მშობელს, ვხვდებით, რომ მისი ფეხმძიმობის პერიოდი მტკივნეულად აისახა ბავშვზე და მას თან სდევს სწორედ ის ტონუსში ყოფნა, ის შფოთვა და ა.შ. სწორედ ამიტომ ვურჩევთ ფსიქოლოგები საზოგადოებას, რომ ფეხმძიმე არ იყოს კამათების მომსწრე, აირიდოს სტრესი, სამძიმარზე, საავადმყოფოებში და ისეთ ადგილებში სიარული, სადაც დიდი ემოციური ფონია. ეს არის ის პერიოდი, როცა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენდაუნებურად, ნაყოფზე აისახება და შემდგომ ვაწყდებით იმას, რომ ბავშვი არის მეტად აფორიაქებული, მეტად შფოთავს და ა.შ.

ნიშანდობლივია ისიც, თუ ორსულობის რომელ ვადაზე მოხდა ამა თუ იმ სტრესის გადატანა. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ძალიან რთული ემოციური შემთხვევა ჰქონდა გადატანილი, დაესხნენ მის ბინას და ქურდავდნენ. მას სიბნელეში მოუწია ამ ყველაფრის გადატანა, ეძინა, ესმოდა ეს ყველაფერი და აღიქვამდა, მაგრამ თვითონ შიშისგან ხმას ვერ გამოსცემდა. როგორც შემდგომ დავადგინეთ, ამ პერიოდში ნაყოფის სმენითი ორგანოების ჩამოყალიბება მიმდინარეობდა. ბავშვი სმენითი დეფექტით დაიბადა და შემდგომ ამ პრობლემის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ის ყოველთვის ძალიან რეაგირებდა მაღალ ხმაზე, რაც მუცლად ყოფნის პერიოდიდან იყო მასზე ტრავმულად ასახული. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ეს პრობლემა დაგვეძლია და გადაგველახა.

დღესდღეობით, ძალიან გავრცელებული დიაგნოზია – განვითარების ეტაპების შეფერხება ბავშვებში. შეიძლება, რომ ამ დიაგნოზის სათავე ორსულობა იყოს და ყოველ ჯერზე, როცა ეს დიაგნოზი ისმევა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორსულობის პერიოდში რაღაც მოხდა?

ასეთი რადიკალური პასუხის გაცემა ფსიქოლოგიას არ შეუძლია, თუმცა ჩემი გამოცდილებით და ჩემს პაციენტებზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ 95 %-ში იყო ორსულობის პერიოდში რაღაც დარღვევა, რაღაც სტრესს ფაქტორი, უმეტეს შემთხვევაში, მშობიარობის ტრავმა იყო.

მეტყველების შეფერხება, რომელსაც მშობლები, 2 წლის ასაკში აწყდებიან და იწყებენ შფოთვას, რომ ბავშვი არ საუბრობს, მინდა გითხრათ, რომ სათავეს ბევრად უფრო ადრე იღებს. მეტყველების განვითარებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ლაგმის არსებობა, საარტიკულაციო აპარატის სრულფასოვნება, 7-8 თვის ასაკში ბგერების და მერე უკვე სიტყვების გამოცემა. მეტყველება სწორად ვერ განვითარდება, თუ ბავშვმა სრულფასოვნად არ გაიარა ეს ყველაფერი. თუ არ არის ბგერის გამოცემა, ენის მოძრაობა, კოვზის სრულფასოვნად მოხმარება, ყლაპვის სწორი რეფლექსი, ბგერების მიმბაძველობა, იქ მეტყველება თავისით არ გაჩნდება. მშობელი არ უნდა დაელოდოს 2 წელიწადს, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, წოვის პერიოდიდან არის შესამჩნევი. როდესაც ნაყოფს უჭირს წოვის რეფლექსი, ეს ცალსახა მინიშნებაა იმის, რომ საარტიკულაციო აპარატის განვითარების პრობლემასთან გვაქვს საქმე.

განვითარების ეტაპების შეფერხება მოგვარებადია?

თუ მეტ-ნაკლებად მოგვარებადი და დაძლევადი არ არის, აბა, რას ვაკეთებთ ჩვენ, მე და ჩემი კოლეგები?! რაც უფრო ადრეული ასაკიდან ვერთვებით, მით უფრო დიდი შედეგი გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთ ბავშვს ვეხმარებით და ამ მიმართულებით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდია ხელშეწყობა და ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან. აქვე დავძენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში მშობლის ჩართულობაა და რომ ეს წარმატების 99 %-ს შეადგენს. შვილთან ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მის გვერდზე ტერიტორიაზე მოძრაობ ან დროის გარკვეული მონაკვეთი მის თვალსაწიერში ხვდები, ბავშვთან ყოფნა ნიშნავს ემოციურ კავშირს. 10 სათამაშოს ყიდვა, შვილთან სიახლოვეს არ ნიშნავს. შეიძლება, ბავშვს 1 სათამაშოთი ეთამაშო, მაგრამ 10 ფუნქციური დანიშნულება ასწავლო. თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ბავშვებს მშობლებთან ემოციური კავშირის, გაუცხოების ძალიან დიდი პრობლემა აქვთ. მოვიცალოთ, თუნდაც 10-15 წუთი და იმ ემოციური დატვირთვით ვიყოთ ჩართული, როგორსაც ისინი ჩვენგან ითხოვენ, განვითარების ეტაპის შესაბამისად… ვიღაც ხალიჩაზე თამაშით შემოიფარგლება, ვიღაცას სტადიონზე თამაშის პერიოდი აქვს, ვიღაც კი ინტელექტუალური თამაშით კავდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები