რას ნიშნავს პათოლოგიური ალტრუიზმი – ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მაკა აბაზაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს პათოლოგიური ალტრუიზმი?
თავგანწირული ქცევის ერთ-ერთი საფუძველი პათოლოგიური ალტრუიზმია – ეს არის შემთხვევა, როცა სხვების დახმარება ზიანს აყენებს თვითონ დამხმარეს. ქალებში ეს განსაკუთრებით ხშირია იმ შემთხვევაში, როდესაც თავგანწირვა აღიქმება მათი იდენტობის აუცილებელ ნაწილად.
რა განსხვავებაა ალტრუიზმსა და პათოლოგიურ ალტრუიზმს შორის?
პათოლოგიური ალტრუიზმი ეს არის ალტრუისტული ქცევა რომელიც იძენს კომპულსიურ ხასიათს და ინდივიდს საკუთარი კეთილდღეობის ფასად უჯდება.
თავგანწირულობისკენ მიდრეკილი ინდივიდების აღქმაში სხვისი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტკივილის საკუთარ თავზე აღება და გამკლავება აუცილებელი საჭიროებაა. პათოლოგიური ალტრუისტისთვის შესაძლოა ტკივილი და თავგანწირვა ერთგვარი თვითმიზანიც კი იყოს.
პათოლოგიური ალტრუიზმისთვის დამახასიათებელია ქცევაა – საკუთარი საჭიროებების იგნორირება, პირადი საზღვრების რღვევა და სხვისი დახმარების მცდელობა საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, რასაც საბოლოო ჯამში ინდივიდი მიჰყავს ემოციურ გადაწვამდე და კლინიკურ დიაგნოზებადეც კი, როგორიცაა დეპრესია.
საინტერესოა პათოლოგიური ალტრუიზმის კავშირი ნარცისიზმთან – მაშინ როცა ჯანსაღი ალტრუისტული ქცევის მოტივი არის ღიაობა ახალი გამოცდილების მიმართ, პათოლოგიური ალტრუისტული ქცევის მოტივს წარმოადგენს სხვათა კეთილგანწყობის მოპოვება, მიღება, უარყოფისა და სხვათა განსჯის თავიდან არიდება. კვლევით დადასტურდა, რომ პათოლოგიური ალტრუიზმი მჭიდრო კავშირშია დაუცველი(მოწყვლადი) ნარცისიზმის ასპექტებთან – მათ შორის აღიარების მოთხოვნილებასთან და სირცხვილთან – ასევე უარყოფის შიშთან, ემოციური კონტაქტის და კონტროლის დაკარგვასთან.
ეს შიშები აისახა სხვების დახმარების მიზეზებში: პათოლოგიური ალტრუიზმის უფრო მაღალი ქულის მქონე პირები გაცილებით უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ეხმარებიან სხვებს, რათა დაიმსახურონ სხვათა მოწონება, კმაყოფილება და თავიდან აიცილონ უარყოფა და კრიტიკა (Kaufman1,S et al., 2020) . აქ შემოდის მთელი რიგი კულტურული, გენდერული და სოციალური ასპექტები.
ქალების მორალურობა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა სხვაზე ზრუნვის, სხვების საჭიროებების და პრიორიტეტების საფუძველზე ვითარდება, რაც თავისთავად კარგ საფუძველს ქმნის ისეთი ალტრუისტული ქცევისთვის, რომელიც ინდივიდისთვის ხშირად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ქალებისთვის მორალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძირითადად პასუხისმგებლობასა და ურთიერთობებზეა ორიენტირებული და არა აბსტრაქტულ უფლებებზე.
მნიშვნელოვანია ქართველ ქალებისთვის ფსიქო განათლება ამ საკითხების ირგვლივ, რათა თავიდან იქნას აცილებული თავგანწირული ქცევით გამოწვეული შესაძლო გართულებები, რომელიც კლინიკურ დიაგნოზებსაც მოიცავს. გარდა ამისა საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობის წინ წამოწევა მათ შორის ფსიქოთერაპიის დახმარებით და „maind set”- ის ცვლილება.