28 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ბატონმა მიხეილმა ეზოთერიკოსს ქეთევან ჯანდიერს უმასპინძლა, რომელმაც ტაროლოგიის, ჰიროლოგიის მნიშვნელობა განმარტა და მათ დანიშნულებაზე ისაუბრა.
– ქეთევან, რას ნიშნავს ტაროლოგია და რა ფუნქცია აქვს ტაროს ბანქოს?
– ტარო – ძველეგვიპტელების გამოგონილი ბანქოა, რომელშიც ცოდნის და განათლების ღმერთის – ტოტის სიბრძნეა ჩადებული. არსებობს 78 ბანქოს ქაღალდი, რომელთაგან 22 – ძველი არკანი, ყველა დანარჩენი კი – ახალი არკანია. ძველი არკანის ნაკრები – კარმული დატვირთვის ბანქოა და 22 ღვთაებას, მათ ფსიქოტიპს აერთიანებს. თანამედროვე სამყაროში კანადელი ფსიქოლოგები ტაროლოგიას ფსიქოთერაპიისთვის იყენებენ. მათი მტკიცებით, ის, ვინც ყველაფერს ემოციურად, შეგრძნების დონეზე აღიქვამს – საკუთარ ქვეცნობიერს ააქტიურებს, რადგან როცა ცნობიერი ანუ ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება ითიშება, სწორედ ქვეცნობიერი ირთვება. ასოციაციურად აღიქვამს ადამიანი ტაროს ბანქოსაც, რომელსაც ემოციებით შიფრავს, ყველა ნიუანსის მნიშვნელობის მცოდნე სპეციალისტი კი, მის შიშებს, კომპლექსებს განსაზღვრავს და ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ ტარო მჭიდრო ბმაშია ასტროლოგიასთან, ნუმეროლოგიასა და მითოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასა და თეოლოგიასთან.
– რამდენად მართებულია ტაროს გამოყენება რელიგიური თვალსაზრისით?
– სიტყვა „ტაროლოგია“ ორ ნაწილად იყოფა, „ტარო“ – ბანქოს ნიშნავს, „ლოგია“ კი – მეცნიერებას და თუ ტაროლოგია ბანქოს მეცნიერებაა, მაშინ რით განსხვავდება ის სხვა მეცნიერებებისგან. მაგალითად, ბიოლოგიისა ან ფილოლოგიისგან. სხვათაშორის, თავის დროზე მედიცინა და მედიკოსებიც კუდიანებთან ასოცირდებოდნენ, რადგან დაავადების პროგნოზირება და განკურვნა შეეძლოთ.
– საინტერესოა, რას გულისხმობს ჰიროლოგია?
– „ჰირო“ ბერძნულად ხელია, „ლოგია“ კი, ამ შემთხვევაშიც მეცნიერებას, მოძღვრებას ნიშნავს, ანუ ჰიროლოგია, ხელის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის ფუძემდებლად ინდოელები ითვლებიან, დასავლეთში კი, ჰიროლოგიით ფსიქიატრი კარლ ჯანგი დაინტერესდა და დაასკვნა, რომ მეცნიერება არა მხოლოდ ხელს, არამედ ადამიანის ფიზიოლოგიას სწავლობს. მართალია, ხელი ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ჯანგმა მაინც შეძლო მისი შესწავლით ადამიანის ფსიქოტიპების განსაზღვრა.
– რამდენად მართალია, მოსაზრება, თითქოს ტაროს ბანქო დაწყევლილია?
– ტაროს ბანქოთი მეტწილად ბოშა ქალები სარგებლობენ, ვისთვისაც ტაროლოლოგია შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და სწორედ მათ დაწყევლეს ისინი, ვინც ტაროს ბანქოს გამოიყენებდა მომავლის პროგნოზირებისთვის, შესაბამისად, წყევლას მხოლოდ ტაროლოგებზე გავრცელდა და არა რიგით ადამიანებზე.
– რა განსხვავებაა ჰიროლოგიასა და ჰირომანტიას შორის?
– ჰირომანტია ჰიროლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც მხოლოდ ხელისგულს სწავლობს.
– როგორ შეიძლება ხელის წაკითხვა?
– არსებობს აქტიური და პასიური ხელი. მაგალითად, ცაციასთვის მარცხენა ხელია აქტიური, სხვისთვის კი, მარჯვენა. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ორივე ხელს ერთნაირად იყენებს, მაგრამ მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან აუცილებლად მოიძებნება განსხვავება. ხაზები პასიურ ხელზე – ის ამოცანებია, რომლებიც თავიდანვე უნდა შეესრულებინა ადამიანს კეთილდღეობის მოსაპოვებლად, აქტიური ხელის ხაზები კი, ამ ამოცანების განვითარებასა და გარკვეული მოვლენების კორექტირებაზე მიანიშნებს. თავისი მნიშვნელობა აქვს თითებსაც. მაგალითად, ცერა თითი – ვენერას ანუ სიყვარულს განასახიერებს, საჩვენებელი თითი – სატურნს ანუ ფინანსებს, შუა თითი – იუპიტერს ანუ გამარჯვებას, არათითი – მზეს, ანუ შინაგანი მეს, ნეკი კი – მერკურის ანუ ინტელექტს და კომუნიკაციას. მარსი ანუ საქმის მმართველი პლანეტა ცერა და საჩვენებელ თითებს შორისაა მოქცეული, ხელისგულზე ცერის საპირისპიროდ – შავი მთვარე ანუ ლილიტია, მის ქვემოთ კი, თეთრი მთვარე ანუ სელინაა მოთავსებული. თუმცა, ხაზების ინტერპრეტირება ყოველთვის განსხვავებულად შეიძლება, რადგან ხელი მუდმივად განვითარებადი ცოცხალი ორგანიზმია და ყველაფრის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელია. სხვათაშორის, ბეჭდის თითზე მორგებით, სწორედ ის ენერგია აქტიურდება, რომელსაც კონკრეტული თითი შეესაბამება, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, მარცხენა ხელზეა მორგებული ბეჭდი თუ მარჯვენაზე.