რას ნიშნავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სალომე ლურსმანაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი?
ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეულ სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს, გონებაგაფანტულობა/უყურადღებობას, იმპულსურობა/ქცევის კონტროლის სირთულეს, ჰიპერაქტივობას/მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე.
ADHD დიდ გამოწვევად იქცა დღევანდელ რეალობაში ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რადგან ყველა ის სიმპტომი, რაც შეიძლება ახასიათებდეს მას მომავალში, შესაძლოა იწვევდეს მეორად პრობლემას, კერძოდ აკადემიურ ნაწილში.
დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა შევძლოთ ასეთ დროს ბავშვთან სწორად ჩართვა და კომუნიკაცია, როგორ დავეხმაროთ მათ ყურადღების ხარისხის გაზრდაში და ყოველდღიურ საქმიანობაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ბავშვის ყურადღების ხარისხი, თუ რამდენი ხანი შეუძლია მას ყურადღების მიმართვა მისთვის სასურველი საქმიანობის მიმართ.
რა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს ბავშვთან მიმართებაში?
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისგან არ ველოდოთ კონცენტრაციის იმ ხარისხს, რაც მას არ შეუძლია. შევეცადოთ სახლის გარემოში ისეთი საქმიანობით დავაკავოთ, რაც ზუსტად ვიცით, რომ გამოუვა და შემდგომ დავუბრუნოთ დადებითი უკუკავშირი. იმის გამო, რომ ხშირად მათ უჭირთ სხვისი მოსმენა, უშვებენ შეცდომებს, უჭირთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და ვერ იცავენ რიგს, უჭირთ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და თავს სუსტებად მიიჩნევენ.
აუცილებელია, რომ სასკოლო გარემოში მათი ყურადღების ხარისხი გათვალისწინებული იყოს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბავშვები თავის დამკვიდრებას სკოლის გარემოში ახდენენ, მათ იქ მასწავლებლებისგან სწორი მხარდაჭერა სჭირდებათ: როდესაც შენიშნავთ, რომ უჭირთ სკამზე ჯდომა მიეცით ისეთი დავალება, რაც ფიზიკურ გადაადგილებას მოითხოვს, დავალებები დაუყავით ისე, რომ არ დასჭირდეთ ხანგრძლივი ყურადღების კონცენტრირება, შეეცადეთ აქტივობებები იყოს მრავალფეროვანი, რომ ყურადღების გადართვის ფონზე შეინარჩუნონ კონცენტრირების ხარისხი არსებულ გარემოში. თუ შენიშნეთ,რომ საგაკვეთილო პროცესში ბავშვი ხატავს ან ხელში რაიმეს ათამაშებს არ იფიქროთ, რომ არ გისმენთ, ხშირ შემთხვევაში მას ეს ერთგვარად ყურადღების შენარჩუნებაში ეხმარება და ყურადღების რეგულაციის ერთ-ერთი საშუალებაა მისთვის.
შეახსენეთ იმ დავალების და საქმიანობის შესრულება, რაც მას ევალება. განუსაზღვრეთ დეტალურად რისი გაკეთება მოუწევს კონკრეტულად. წინასწარ გააცანით დღის გეგმა, რათა ჰქონდეს მოლოდინი შექმნილი. დასვით ფანჯრიდან შორს, რათა მისი ყურადღება ნაკლებად გაიფანტოს გარე გამაღიზიანებლით. მნიშვნელოვანია,რომ გავუგოთ და მხარი დავუჭიროთ, ვაგრძნობინოთ,რომ მარტო არ არიან, ვუთხრათ, რომ შეცდომები ჩვენც მოგვდის.