LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას შეჭამენ ბავშვები სკოლაში – მოზარდების კვებაზე აკრძალვები ამოქმედდა

303

ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას უკვე გამოცემული აქვს.

ბრძანების თანახმად, სკოლაში იკრძალება –  საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება, ასევე, – მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს; ასევე, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.

 

სპეციალისტების რეკომენდაციები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლებსა და ბაგა ბაღებში ზუსტად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და ნოყიერი საკვები ნივთიერებები, რათა ბავშვებმა მიიღონ სუფთა, ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით გამდიდრებული საკვები.

 

„ეს საკვები აუცილებლად უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ვინაიდან ჩვენს მომავალზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. სკოლის პერიოდში ყველაზე მარტივი საკვები პროდუქტი არის პურ-ფუნთუშეული. პურ-ფუნთუშეული უნდა იყოს ვიტამინებით, მინერალებით და ამინომჟავებით გამდიდრებული. ბავშვი პურს ნებისმიერ შემთხვევაში იღებს. ასევე, სასურველია მოსწავლეებმა მიიღონ აბი პროდუქტები – მათ დიდი ოდენობით ფუტკრის პროდუქტები შეიცავს. თუ ასეთი პროდუქტები სითხეში იქნება გადაყვანილი და ამით გაზიარებულ და მავნე სასმელებს შევცვლით, ძალიან ჯანსაღი იქნება,“ – განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა.

პროფესორის თქმით, გაზირებული და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელი სკოლის ბუფეტებიდან აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული.

 

„ბუფეტებში ისეთი სითხეები უნდა შევიტანოთ, რომლებიც ვიტამინებით, მინერალებით და ბუნებრივი ამინომჟავებით იქნება გამდიდრებული. მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ის სითხეები, რომლებიც არის ბუნებრივი გზით და რესურსებით მოპოვებული. ვინაიდან გენეტიკურად ჩვენ ფუტკრის პროდუქტებს ვიღებდით, ჩვენი რეცეპტორები იცნობენ ამ ნივთიერებებს და შესაგუებელი არაფერი არ იქნება. ასეთი პროდუქტების მინიმალური დოზით მიღებაც კი კეთილ საქმეს აკეთებს,“ – დასძინა ჩახუნაშვილმა.

აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.

 

განათლების სამინისტროს განცხადებით, დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება მომენტალურად გაუქმდება.


ევროპული გამოცდილება

სკოლებში გარკვეულ პროდუქტებზე  შეზღუდვები არსებობს ევროპის და აშშ-ის სკოლებში და ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მთავარი მიზეზი კი, ცხადია, ბავშვების ჯანმრთელობა და ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო პროდუქტების მიღების აუცილებლობაა.

 

ევროკავშირის სკოლებში კვების გეგმის შერჩევისას პრიორიტეტი ხილს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს, სკოლებში საკვებად ისეთ დამუშავებულ პროდუქტებსაც დატოვებენ, როგორებიცაა: წვნიანი, ხილის კომპოტი, წვენი, იოგურტი და ყველი. აიკრძალება შაქარი, მარილი და ცხიმი, შესაძლოა, სკოლაში ეს პროდუქტები დაშვებული იყოს.

ამჟამად, ხილისა და ბოსტნეულის პროექტში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 24 სახელმწიფო იღებს.

საინტერესოა, რომ ფინეთი და შვედეთი მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნებად რჩებიან, სადაც სახელმწიფო სრულფასოვან სასკოლო კვებას აფინანსებს. ფინეთის საბაზისო განათლების შესახებ კანონის თანახმად, ყველა მოქალაქე 7-დან 19 წლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო სრულფასოვან სადილს იღებს. ფინეთში ყოველდღიური სასკოლო კვება დაახლოებით 900 ათას ბავშვსა და მოზარდზეა გათვლილი. მოსწავლის სტანდარტული პორცია შედგება სალათისგან, ძირითადი ცხელი კერძისგან, რძისა და კარაქიანი პურისგან და მუნიციპალიტეტს, საშუალოდ, დაახლოებით 1,7 ევრო უჯდება. სხვათა შორის, გამოკითხვების შედეგად მხოლოდ ყოველი მესამე ბავშვი მიირთმევს სრულ პორციას.

 

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g