LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას შეცვლიდი თბილისში 1400 ლარით? – 20 იანვრამდე იდეის განხორციელების შანსი გაქვთ

236081941

ორგანიზაცია „იარე ფეხით“ თბილისში მცხოვრებლების გასააქტიურებლად და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, აცხადებს კონკურსს – „შენი უბნის იდეა“.

კონკურსის პირობა ასეთია: ნებისმიერ მსურველს, რომელიც ცხოვრობს თბილისში და ურბანული მდგომარეობის გაუმჯობესების იდეა აქვს, შეუძლია 20 იანვრამდე გააგზავნოს საკონკურსო განაცხადი ონლაინ. 25 იანვარს გამოცხადდება სამი გამარჯვებული, რომელიც დაფინანსებას მიიღებს.

ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის კეთილმოწყობას თბილისში.

როგორც „ფორტუნასთან“ კონკურსის ორგანიზატორი ხათუნა გველესიანი აცხადებს, მათი მიზანია, გარემოზე და საერთო სარგებლობაში არსებულ არეალზე, თბილისში მცხოვრებლებმა უფრო მეტად იზრუნონ.

„გვინდოდა მოსახლეობა გაგვეაქტიურებინა იმისთვის, რომ საერთო გარემოს გაუმჯობესებაზე უფრო მეტად ეზრუნათ. დიდ ქალაქებში, როგორც წესი, უფრო ნაკლებია ხოლმე მსგავსი აქტივობები, მაშინ, როდესაც მცირე თემებში მარტივია ხალხამდე მისვლა.

დაფინანსება სიმბოლურია, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია თავად დაეხმაროს კონკურსანტს დამატებითი თანხების მოძიებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა, კონკრეტული გამგებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,“ – განაცადა „ფორტუნასთან“ ხათუნა გველესიანმა.

ამ დრომდე ორგანიზაციაში 20-მდე განცხადებაა შესული. ორგანიზატორები ამბობენ, რომ განცხადებებიდან ზოგი, კონკურსის პირობებს აცდენილია.

„გვესმის, რომ მარტივი არ არის ყველასთვის საკონკურსო განაცხადის შემოტანა, ამიტომ 12 იანვარს მოვაწყობთ ღია შეხვედრას, სადაც ნებისმიერი იდეის დახვეწაში დავეხმარებით მსურველებს, ასევე თუ იდეა კარგი იქნება, ბიუჯეტის დაწერაშიც მივეხმარებით.

რაც შეეხება გამარჯვებულს, იმის მიხედვით გამოვლინდება, რამდენად გრძელვადიანად სასარგებლო იქნება იდეა და რამდენად მეტ ხალხს არგებს,“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები „ფორტუნასთან“ საუბარში.

პროექტის დაწყებამდე, ორგანიზაციამ გააკეთა გზამკვლევი ურბანული აქტივისტებისთვის. გზამკვლევში დეტალურადაა გაწერილი, კონკრეტული პრობლემების დროს, რომელ შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს მოქალაქემ. იქ ასევე გაწერილია, თუ როგორ უნდა დაგეგმოს მოქალაქემ, კონკრეტული იდეის განხორციელება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g