LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთავაზობს ფესტივალი „განდაგანა“ სტუმრებს

94

5 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება  წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები“- სა და „შუახევი-ს” ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 5  ოქტომბერს, დღის ბოლოს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ.  6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრებით დაიხურება.

ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი  მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

 

mazda magti 5g