LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთავაზობს ვიზიტორებს იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნო?

331

იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახელოსნო” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა.

პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია  ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს. სკოლა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული სასმისების  დამზადების უძველესი მეთოდები.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, თიხის სახელოსნოს გარდა, სკოლაში გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული ემალისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელობას დაეუფლოს.

სკოლა-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. სახელოსნოში განთავსებულია თიხის გამოსაწვავი თანამედროვე სტანდარტების ღუმელი, თიხის წისქვილი, თიხის სარეცხი ცისტერნები, წნეხი და ვაკუუმპრესი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების ქვევრისა და თიხისი ჭურჭლის წარმოებას.

ქვევრის სკოლა-სახელოსნო ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.   ღონისძიებაზე სიტყვით სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი   გამოვიდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ქართული ღვინის კვირეული ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნით დაიწყო, რადგან ქვევრი და ღვინო ერთმანეთისგან განუყოფელია, ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილია.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით დაარსებული ქვევრის სკოლა-სახელოსნო მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას.

პროექტი საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

 

 

mazda magti 5g