LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უწყობს ხელს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის აქტივობები – სახალხო პლატფორმა

474
თამთა-დემურიშვილი

რას უწყობს ხელს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის აქტივობები – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა დემურიშვილმა ისაუბრა. 

რას ითვალისწინებს გადამზადების ცენტრის აქტივობები?

ცენტრი 2020 წელს შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე, ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანი მათი პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობაა. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის აქტივობები ითვალისწინებს არასრულწლოვანი, სრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულების პროფესიული უნარების განვითარებას, დასაქმებას და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას. ამ მიმართულებით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება შემეცნებითი ხასიათის მქონე პროექტები, სასწავლო კურსები და დასაქმების პროექტები.

რომელი პროექტებია ყველაზე აქტუალური?

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია „რე-მარკეტი“ (რესოციალიზაციის მარკეტი) 2022 წლის 1 ივლისს გაიხსნა.მაღაზიაში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ტყავის ჩანთები, საფულეები, სამაჯურები და აქსესუარები, რომლებსაც მსჯავრდებულები ხელით ქმნიან.

ასევე, შეიქმნა ონლაინ-მაღაზიის პლატფორმა re-market.ge, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ შეკვეთების მიღება და მყიდველისთვის სასურველ მისამართზე პროდუქციის მიწოდება. გარდა იმისა, რომ მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით მსჯავრდებულების შემოსავალი იზრდება, ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და დასაქმებას უწყობს ხელს. მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე გატანის შესაძლებლობაც მიეცათ.

„რე-მარკეტმა“ 2023 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში – „Micam & Mipel Milano 2023“; გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში გაიზარდა აგრარული პროექტების რაოდენობა და შესაბამისად, გაიზარდა დასაქმების პროექტებში ჩართული მსჯავრდებულების რაოდენობაც. N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ღია გრუნტზე გაშენდა მარწყვის ბაღი, ხოლო N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოს ბაღი მოეწყო. ასევე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაფართოვდა და გამრავალფეროვნდა სასოფლო-სამეურნეო პროექტი. მსჯავრდებულების დასაქმებულები არიან ლოკოკინების ფერმაში და მოჰყავთ სხვადასხვა კენკროვანი და ბაღჩეული კულტურა, რომლის რეალიზაციიდანაც ხელფასის სახით იღებენ შემოსავალს. დასაქმების პროექტებში მიმდინარე წელს 220 მსჯავრდებულია ჩართული, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროექტებში მსჯავრდებულების რაოდენობა კი ამ ეტაპზე, 481-ია. 

რას ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების პროექტები?

ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საელჩოებთან, კოლეჯებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მთელი წლის განმავლობაში ატარებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: ბუღალტერია, მეწარმეობა, ხეზე მხატვრული კვეთა, ტურისტული მეგზური, კომპიუტერული უნარების დისტანციური კურსი, სტილისტის პროფესიული კურსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, დალაქის პროფესია, მეხილეობა, საბაჟო კანონმდებლობის ზოგადი კურსი, ქართული ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა, წყალზე ხატვა (ებრუ), თექზე მუშაობის მასტერკლასი, ქართული და უცხოური ენების შესწავლა, ნატალი აკადემიის პრაქტიკული და თეორიული კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულები გადაეცემათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც მათი დასაქმების შესაძლებლობა გათავისუფლების შემდეგ იზრდება.

magti 5g