LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ნოემბრის ტოპ-5 პრემიერა

5825
moviesnews

ახალი თვის დადგომასთან ერთად კინომოყვარულები აფიშას ეცნობიან და საინტერესო სანახაობის მოლოდინში მოთმენა უჭირთ. მაინც, რა ფილმებს გვიმზადებს ნოემბერი? ბუნებრივია, ასეთი  ბევრია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ნოემბრის ტოპ-5  პრემიერას.

„მარადიულები“  / Eternals

პრემიერა: 5 ნოემბერი

ფილმი „მარველის“ კინოსამყაროს შთამბეჭდავი სუპერგმირების ახალი გუნდის, „მარადიულების“ შესახებ მოგვითხრობს.  კოსმოსური ღმერთების, სელესტიალების მიერ შექმნილი უძველესი უკვდავი რასის წარმომადგენელი „მარადიულები“ ათასობით წლის განმავლობაში ფარულად ცხოვრობდნენ დედამიწაზე, თუმცა თავის არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ და არაფერში ერეოდნენ. „მარადიულები“არც თანოსის თავდასხმისას გამოჩენილან, თუმცა ამჯერად, მათ თავიანთი უძველესი მტრების, დევიანტების წინააღმდეგ გაერთიანება და ბრძოლაში ჩაბმა მაინც მოუწევთ.

“სპენსერი“ /  Spencer

პრემიერა: 5 ნოემბერი

დრამატული ამბავი უელსის პრინცესას, დიანას შესახებ, რომელშიც მოვლენები 1991 წელს, საშობაო არდადეგების დროს ვითარდება.   ინგლისის სამეფო ოჯახი  შობის დღესასწაულს ნორფოლკში მდებარე სენდრინგჰემის სასახლეში აღნიშნავს, სადაც პრინცესა დიანა საბოლოოდ ხვდება, რომ პრინც ჩარლზთან მისი ქორწინება განწირულია. დიანა იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს სამეფო ოჯახი და გადაუხვიოს გზას, რომელსაც იგი დედოფლობამდე უნდა მიეყვანა. ..

“მიმიკრია” / Passing

 პრემიერა: 10 ნოემბერი

ნელა ლარსენის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1920-იან წლებში ნიუ-იორკში ვითარდება. ირენ რედფილდი, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი დახვეწილი ქალბატონი ერთ დღეს სასტუმროს ფოიეში შემთხვევით ხვდება თავის ბავშვობის მეგობარს და კლასელს, კლერ კენდრის. ეს შეხვედრა იწვევს მოვლენათა ჯაჭვს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ორივე ქალის ცხოვრება, რადგან მიუხედავად მათი საერთო აფროამერიკული წარმოშობისა, ირენსა და კლერს შორის არსებული სოციალური და რასობრივი  უფსკრული უფრო და უფრო ღრმავდება…

“მოდი, მოდი!“ / C’mon C’mon

პრემიერა: 19 ნოემბერი

ნიუ-იორკელი რადიო ჟურნალისტის, ჯონის ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ დღეს იგი ლოს-ანჯელესში მცხოვრები თავისი დის,  ვივის ზარს იღებს.  ვივი ძმას თავისი 9 წლის ბიჭუნას, ჯესის მოვლაში დახმარებას სთხოვს იქამდე, ვიდრე ის თავის მეუღლეზე იზრუნებს, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. ლოს ანჯელესში ჩასვლიდან მალევე ჯონს უკან, ნიუ იორკში დაბრუნება უწევს, თუმცა მას თან ჯესიც მიჰყავს. ბიძასა და დისშვილს შორის ნელ-ნელა საოცარი მეგობრობა ყალიბდება…

„გუჩის სახლი“ / House of Gucci

პრემიერა: 24 ნოემბერი

კრიმინალური დრამა იტალიური მოდის , “Gucci”-ს დამაარსებელთა  გლამურის,სიხარბის სიყვარულის, ღალატის, დაცემის და შურისძიების შესახებ. ფილმი 1995 წლის 27 მარტს იტალიური მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული  ბრენდის ,“Gucci”-ს დამფუძნებლის შვილიშვილის და მემკვიდრის, მაურიციო გუჩის სასტიკი მკვლელობის ამბავს მოგვითხრობს,  რომელიც მისმა ყოფილმა მეუღლემ, პატრიცია რეჯანი მარტინელიმ შეუკვეთა… იყო გუჩის ოჯახის წევრი, ნიშნავს, რომ ყველაფერზე წახვალ გავლენის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები