LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება მადლიერების გრძნობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

721
ნათია-უტიაშვილი

რაში გვეხმარება მადლიერების გრძნობა – ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა. 

რაში ეხმარება ადამიანს მადლიერების გრძნობა?

მადლიერება ბევრ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად  აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც საკუთარი ცხოვრების მიმართ მუდმივად დადებითად, პოზიტიურად იყვნენ განწყობილი, ხშირად გამოხატავდნენ მადლიერების გრძნობას, მათი ექიმთან ვიზიტების სიხშირე ძალიან მცირე იყო, ვიდრე იმათი, ვინც მუდმივად ნეგატიურ აზრებს და ფიქრებს ატარებდა საკუთარ თავში. 

ადამიანი, როდესაც მადლიერებას გამოხატავს, ამ დროს თავის ტვინში გამომუშავდება სიამოვნების ჰორმონი და შესაბამისად უპირველეს ყოვლისა ის თავად განიცდის ძალიან ბევრ დადებით ემოციას. მადლიერი ადამიანები სხვებთან შედარებით უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს, რადგან მათი მიმღებლობაც განსხვავდება იმ ადამიანების მიმღებლობისგან, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილების გრძნობას განიცდიან, არასდროს არიან მადლიერები საკუთარი თავის, გარშემომყოფების, ცხოვრების. მადლიერების გამოხატვა სტრესისა და შფოთის შემცირებასაც უწყობს ხელს. რა თქმა უნდა გვათავისუფლებს ტოქსიკური ემოციებისგან. დადებითად მოქმედებს მადლიერების გამოხატვა, მადლობის თქმა სამსახურში, უფროსის მხრიდან. ეს უფრო მეტად ზრდის სტიმულს, აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს და კომპანიის წარმატებასაც უწყობს ხელს. 

რატომ გვიჭირს მადლიერების გამოხატვა?

მადლიერების გამოხატვასაც სწავლა, ტვინის გავარჯიშება სჭირდება. რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მეგობარს სურს მეორე ადამიანს გაუკეთოს საჩუქარი, დაპატიჟოს სადმე, ან უბრალოდ რაიმე აჩუქოს. ის ამისთვის ემზადება, ფიქრობს და რა თქმა უნდა ელოდება სწორ უკუკავშირს, რომ მადლობას ეტყვიან, მოუწონებენ საჩუქარს, გაახარებს სხვა ადამიანს, მადლობას ეტყვიან. და ამ დროს საჩუქრის ადრესატი პასუხობს: რატომ წუხდებოდი, რატომ დაიხარჯე, რა საჭირო იყო.. თითქოს მასზე დარდობს, წუხს … ეს აბსოლუტურად არასწორი უკუკავშირია, სრულიად აღემატება მოლოდინებს. იმის მაგივრად, რომ მან გულწრფელად გამოხატოს სიხარული, მადლიერება. 

ამიტომ ნელ-ნელა ვისწავლოთ მადლობის თქმა, მადლობის მიღებაც. უპირველეს ყოვლისა ვიყოთ მადლიერი საკუთარი თავისთვის, ღმერთის, რომ ახალი დღე გათენდა, რომ ამ წვიმიან დღეს მზიანი დღე მოჰყვება, რომ შემიძლია ვიყო ცოცხალი და ვაკეთო ძალიან ბევრი რამ, მადლობა იმისთვის რაც მაქვს. ყველაზე რთულია, მაგრამ ყველაზე საჭირო წინააღმდეგობებს, პრობლემებს, განსაცდელებს მადლიერების გრძნობით მივუდგეთ, რადგან წინააღმდეგობები, სირთულეებიც ჩვენი ცვლილებებისთვის, ტრანსფორმაციისთვისა და განვითარებისთვის არის საჭირო. არ დარჩეთ წარსულში, პირიქით მადლობა გადაუხადეთ წარსულს ყველაფრისთვის და იცხოვრეთ აქ, აწმყოში მადლიერების განცდით.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მადლიერება?

ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მადლიერების გრძნობები ეტაპობრივად ვითარდება. მშობლები ბავშვს პატარაობიდან ასწავლიან ხოლმე სიტყვა “მადლობის” თქმას. თუმცა თავდაპირველად, ბავშვის მიერ გამოხატული მადლიერება უფრო ჩვევას ჰგავს, შემდეგ იხვეწება. ბავშვებისთვის საკუთარი მაგალითის ჩვენება ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ხედავს მშობლები როგორ გამოხატავენ საკუთარი თავისადმი, ერთმანეთისადმი, სხვა ადამიანების, გარე სამყაროსადმი მადლიერებას, ისიც სწავლობს ამას. შეგვიძლია წავუკითხოთ წიგნები, სადაც საუბარია პერსონაჟების ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვაზე, ავუხსნათ, თავადაც ვასაუბროთ ამის შესახებ. ბავშვმა არ იცის როგორ გამოხატოს მადლიერება, თავად უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს იყო მადლიერი. თუ ამას თავად არ ვაკეთებთ, ძნელია ბავშვს მოვთხოვოთ ამის გაკეთება. 

შეგვიძლია დავაწერინოთ ან ერთად დავწეროთ რისთვის ვართ მადლიერები, ავუხსნათ ეს რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. 

თუ მშობელი ბავშვთან ნეგატიურ კომუნიკაციაშია, მას ხშირად უწოდებს: უმადურს, ნეგატიურ კომენტარებს უკეთებს მის ქცევას, არასდროს ეუბნება მადლობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბავშვი სწორედ ასე ნეგატიურად მოიქცეს. 

და ბოლოს გახსოვდეთ: რაც უფრო ხშირად გამოხატავს ადამიანი მადლიერებას იმაზე, რაც უკვე აქვს, მით უფრო მეტი შანსი აქვს მიიღოს ის, რაზეც ოცნებობს.

magti 5g