რაში გვეხმარება მედიტაცია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა იოსებ დოლიძემ ისაუბრა.
რაში გვეხმარება მედიტაცია?
თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენი გონება მუდმივად „თავდასხმის“ ქვეშ იმყოფება. ჩვენ მუდმივად გვაქვს ზედმეტი ინფორმაცია, ზედმეტი სტიმული და მუდმივი მოლოდინები, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ, ეს გარემოებები კი ნაკლებად ტოვებს სივრცეს რეფლექსიისთვის, სიჩუმისთვის.
ხშირად შფოთვა, დეპრესია, ემოციური გადაწვა და ზოგადად მოწყვეტილობა სამყაროსთან თანამედროვე ცხოვრების წესადაც იქცევა ხოლმე. ამ გაგებით მედიტაცია არ არის ფუფუნება, ან რელიგიური ინდულგენცია – ის ადამიანისთვის ბუნებრივი საჭიროებაა.
მედიტაცია, თავის სეკულარულ ფორმაში, თავდაპირველად გვაძლევს საშუალებას, რომ უბრალოდ გავჩერდეთ, დავაპაუზოთ გადაჭარბებული აქტივობა და დავისვენოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს შევწყვიტოთ მიზანმიმართული მცდელობები და უბრალოდ ვიყოთ, და ამ ყოფნაში, სიმშვიდეში დავაკვირდეთ საკუთარ თავს და გარემოს.
რა უნდა იცოდეს მედიტატორმა?
არ არის აუცილებელი მედიტატორმა რაიმე ღირებულებითი სისტემა აითვისოს ან ჰყავდეს გურუ. მედიტაცია არის ყველასთვის ბექგრაუნდის და მსოფლმხედველობის მიუხედავად. მედიტაცია არის გონებაზე დაკვირვება, ესაა დაკვირვება არა იმდენად ფიქრის შინაარსი, არამედ თავად ფიქრის პროცესის გაანალიზება.
ის კულტივაციას უკეთებს ყურადღებას, გაცნობიერებას, თანაგრძნობას – იმ საკითხებს, რომელიც ასე იშვიათია ფრაგმენტირებულ და პოლარიზებულ საზოგადოებაში.
თანამედროვე ადამიანს, რომელსაც მუდმივად აქვს მიზნები, შესასრულებელი ამოცანები, მან უნდა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას, თუ როგორი უნდა იყოს, რა უნდა გააკეთოს. ამ წნეხების გამო, ხშირად ადამიანი არა მარტო გარემოსაგან, არამედ საკუთარი თავიდან.
მედიტაცია, ეს არის მსუბუქი ფორმა, მაგრამ რადიკალური მოქმედების აქტი, რომ პიროვნება დაუბრუნდეს მის თავს, შეიცნოს ის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს პიროვნება კავშირის დამყარებას სხვებთან, სამყაროსთან. მედიტაცია ეს არ არის გაქცევა რეალობიდან, როგორც ეს სტერეოტიპულად, ხშირად ეშლებათ ხოლმე, მედიტაცია არის რეალობასთან დაბრუნების აქტი, აქ და ამჟამად ყოფნაში ჰარმონიის კულტივაცია.
მედიტაციის პრაქტიკას რამდენიმე ათასწლეულის პრაქტიკა აქვს, ბოლო რამდენიმე ათწლეულია მას აქტიურად იყენებენ, როგორც ფსიქოთერაპიის ნაწილს, რამდენადაც მისი თერაპიული ფუნქცია თვალსაჩინოა. მრავალი ნეირომეცნიერების კვლევა ადასტურებს, თუ მედიტაცია როგორ უწყობს ხელს ემოციურ რეგულაციას, რეგულარული პრაქტიკა თავის ტვინში ავითარებს იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია ემპათიაზე და ემოციურ ბალანსზე, ის თავის ტვინში ამცირებს იმ უბნების ფუნქციონირებას, რომელიც პასუხისმგებელია სტრესზე.
რეგულარულად მომედიტირე ადამიანში იკლებს იმპულსური ქმედებები. ჩვენ, გაუცნობიერებლად მუდმივად იმპულსურად ვრეაგირებთ გარე გამაღიზიანებლებზე, ყველაფერზე გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული აზრი, გვინდა ყველაფერი სწრაფად, მუდმივად მივილტვით ინსტინქტუალური დაკმაყოფილებისკენ გაცნობიერების გარეშე. მედიტაციის შედეგად ადამიანს უყალიბდება უნარი დაკვირვების, რეფლექსიის და ამის ფონზე რაციონალური გადაწყვეტილების მიღების. მედიტაციით ადამიანი ქმნის სივრცეს საკუთარ თავში, სადაც შეუძლია მოუსმინოს გარე სამყაროს, სხვებს, საკუთარ თავს და გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში.
ხშირად მედიტაციას განიხილავენ, როგორც მხოლოდ დამამშვიდებელ საშუალებას. გარდა იმისა, რომ ის მართლაც ამშვიდებს გონებას, მისი მთავარი ღირებულება მაინც საკუთარი თავის შეცნობაა. ეს არის თვითშემეცნების გზა, რომ ნაცვლად იმისა, რომ პასუხები ვეძებოთ გარეთ, საჭიროა ფოკუსი მოვატრიალოთ საკუთარი თავისკენ. ამის შედეგად ჩვენ ვისწავლით დავაკვირდეთ საკუთარ განცდებს, ემოციებს, აზრებს განსჯის და თვით გვემის გარეშე. მედიტაციის შედეგად უკეთესად დავინახავთ არა მარტო იმას თუ ვინ ვართ, არამედ როგორც ვკონტაქტობთ სხვებთან, გარე სამყაროსთან, რა გავლენა აქვს ჩვენს შინაგან მდგომარეობას გარემოს აღქმაზე. მედიტაცია აღებს კარს არა მარტო შინაგანი სიმშვიდისკენ, არამედ სამყაროს შემეცნებისკენ მასთან კავშირის დამყარების გზით.