LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასმუსენი: დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ!

136
ლარს ლოკე რასმუსენი

„დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ!“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ შესრულებულ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ.

ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები.

თუ საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს შეასრულებს, დანია  კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა დანიელმა დიპლომატმა.

რასმუსენის თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“. – განაცხადა ლოკე რასმუსენმა.

ცნობისთვის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, გუშინ, 14 მაისს, ეწვია.

ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

პოპულარულები