მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში – კლინიკა „ვივამედში“, მას უტარდება სხვადასხვა სახის საჭირო სამედიცინო ღონისძიებები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყოველთვის უმჯობესია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრონ ექიმებმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ ბლოკში. მას ჰყავს ყოველ დღე მნახველები.
ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ამ განცხადებას თუ ვინმე გააკეთებდა, უნდა მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა და ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადეს, რომ სააკაშვილს ორგანიზმში ვერცხლის წყალი აღმოუჩინეს.