იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
მინისტრამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს
კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას.
კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობას თავად შეუშალა ხელი და სახელმწიფოს ფაქტობრივად, 4 წელი დააკარგვინა.
„ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მათთვის სამართალი, ზოგადად, არის სამწუხარო მოვლენა. მე მგონი, ყველა დარწმუნდა, მრავალ საერთაშორისო დავაში, იმის შესახებ, რომ სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს.
სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს [ხაზარაძეს] ვალდებულებების შესრულებაში, თუმცა თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან, პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მანამდე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას დაუშვებს.
„ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი და საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია.
გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ, შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.
დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას,“ – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა“.
განცხადება ამ თემაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც” (ADC) გააკეთა და დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კონსორციუმის სარჩელი 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპენსაციის გადახდას ეხებოდა.
„საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, – ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.
კონსორციუმის თანახმად, მან და ინვესტორებმა პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება ჩადეს. ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და „ძირი არ გამოეთხარა“ პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.
„მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას“. – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს.
ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ აშშ დოლარს სცილდებოდა.