LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილმა ნაძვის ხე საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოებით მორთო (ფოტოსესია)

498

რატი დურგლიშვილმა ნაძვის ხე საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი სათამაშოებით გააწყო. Fortuna.ge მომღერალს შინ ესტუმრა, მან სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ და ნაძვის ხეც გვაჩვენა, რომელიც 2018 წლის ტენდენციების მიხედვით გააწყო და ბევრი ოქროსფერიც შეურია.

რატი დურგლიშვილი:

ახალი წელი საოცრად დიდი სიხარულია, ალბათ, მშობლებმა ჩამინერგეს. დილას ბალიშის ქვეშ გვხვდებოდა კანფეტები, მანდარინები… ეს დღე ისეთ დღესასწაულად იქცა, რომ დღემდე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის – ხალხი ფუსფუსებს, საჩუქრებს ყიდულობს. რიგში ვიდექი საათნახევარი, ყველა ყიდულობდა საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისთვის. მთელი წელი მიმყვება ხოლმე ეს აურა.

ახალ წელს განსაკუთრებულად ვხვდები ხოლმე და მეც ვუმზადებ სიუპრიზებს მას, წელს გადავწყვიტე, ნაძვის ხე ჩემი ხელით შექმნილი სათამაშოებით მომერთო. მართალია, ბევრი არ დამრჩა, რადგან ბევრი საზღვარგარეთ გაიყიდა და მეგობრებსაც ვერ ვაჩუქე, მაგრამ საკუთარი ნაძვის ხისთვის მაინც დავიტოვე რამდენიმე. ისე, ეს ნაძვის ხე უფრო დახუნძლული უნდა ყოფილიყო.

რა ფერიც აქტუალურია, ვცდილობ, ის ფერი შევიტანო, მაგრამ ძირითადად, მაინც ოქროსფერში ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. მომწონს დახუნძლული ნაძვის ხეები, რაც მგონი, ყველას უყვარს. ეს არის ნაძვის ხის სილამაზე, სათამაშოებით და აქსესუარებით უნდა დახუნძლო.

შემდეგ წელს ვგეგმავ, დავდგა საკუთარი ხელით გაკეთებული ნაძვის ხე – ეს იქნება ჰენდმეიდი ნაძვის ხე. რაც უკვე გონებაში დავხატე, თუ ისეთი გამოვიდა, გამორჩეული იქნება. რეკორდი უნდა მოვხსნა და საუკეთესოებს შორის უნდა მოვხვდე (იღიმის).

შეიძლება, რომ ჰენდმეიდი ნაძვის ხეებიც გაყიდო?

ჩემს იდეებს ის კომპანიები, ვისთანაც ვთანამშრომლობ, იწონებენ და ვნახოთ. შეფუთვაშიც კი არ ჩარეულან, ისე მოეწონათ სათამაშოები. შეფუთვაც ისეთი გავაკეთე, რომ აღფრთოვანება ვერ დამალეს. წერილის გამოგზავნა გვინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთო. შესაძლოა, ყველას არ მოსწონს ჩემი გაკეთებული სათამაშოები, მაგრამ ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული, თან, არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს, მრავალშვილიანი ოჯახი მყავს (იცინის).

საახალწლო ტრადიცია დამისახელე…

პირველ რიგში, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების გაკეთება… ვფიქრობ, რა სჭირდება დედას, ჩემს ძმას… მისი მოსაწონი საჩუქრის შერჩევა ძალიან მიჭირს, რადგან მას ძირითადად, ტექნიკა უფრო მოსწონს (იღიმის). ძალიან მიხარია, როცა ჩემს რძალს პარფიუმს ან სხვა რამეს ვჩუქნი, კარგად იყენებს. ასე ვთქვათ, „გავურტყამ“ ხოლმე სწორად. მეგობრებისთვისაც ძალიან მიყვარს საჩუქრების კეთება და არა მხოლოდ ახალ წელს. თუ მაქვს საშუალება, შემიძლია, მოვაკლო საკუთარ თავს და მეგობარს ვასიამოვნო. ამით განვიცდი ყველაზე დიდ სიამოვნებას. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. სულ რომ არ ვიცნობდე ადამიანს და შევძლო დახმარება, ეს საუკეთესო გრძნობაა.

კიდევ ერთი ტრადიციაა, რომ როგორც ყველა მომღერალი, მეც გარეთ ვხვდები, კონცერტზე. ძალიან სასიამოვნოა თანამოქალაქეებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. ოჯახთან ერთად შეხვედრაც დიდი ბედნიერებაა, მაგრამ სპეციალობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ. შარშან იყო ასეთი შემთხვევა, მშობლებთან ერთად თურქეთში გახლდით და იქ მე და დედა შევხვდით ახალ წელს სასტუმროს ღონისძიებაზე, მამას ეძინა… პრინციპში, კარგი იყო, წყნარად ვიყავი, მზე იყო. ახალი წელი რომ არა, ზამთარი ძალიან მეზიზღება (იცინის).

2018 წლისგან რას ელოდები?

2017-მა და წინა წლებმაც ბევრი კარგი რამ მომიტანა. კარგი ადამიანები გავიცანი… 2018-შიც ვისურვებდი უამრავი ახალი ადამიანის გაცნობას. ველი მშვიდობას. უპირველესი, რაც გვჭირდება, არის პატივისცემა, სიყვარული და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. ყველაფერში და დამდეგ წელიწადშიც საუკეთესოს ვეძებ.

თოვლის ბაბუას რას სთხოვდი?

ბავშვობაში არ ვიყავი მომთხოვნი თოვლის ბაბუის მიმართ, მაგრამ მშობლებს ბევრს ვთხოვდი და „მიყიდეს“ მეძახდნენ. ახლაც შემომრჩა ეს თვისება, პროდუქტსაც ვყიდულობ უფრო მეტს, ვიდრე მჭირდება, საშინელი ხასიათი მაქვს. ტანსაცმელთანაც ასე ვარ – შარვალი თუ მომეწონა, სამს ვყიდულობ, ერთს გადავჭრი და ისე ჩავიცვამ და ა.შ. (იცინის).

თოვლის ბაბუას ახლა „როლს როისს“ ვთხოვდი (იცინის). არ ვარ ასეთი მეოცნებე, მაგრამ „ბენტლიზეც“ არ ვიტყოდი უარს. აბა, რა ვთხოვო? კანფეტი და კარგი ნაძვის ხე მაქვს, მეტი რა მჭირდება?!. სახლი მაქვს, ალბათ, ნორმალურ ხელფასს ვთხოვდი, მეც რომ კარგად ვიყო და გარშემო მყოფ ადამიანებსაც ეყოთ.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g