LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აღარ უყვართ საქართველოში მათემატიკა

505

მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე წელს 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შემცირდა იმ აბიტურიენტების რაოდენობაც, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებლად მათემატიკას ირჩევდნენ. უფრო კონკრეტულად, თუ გასულ წლებში მათემატიკას 16 ათასამდე აბიტურიენტი აბარებდა, ახლა მათი რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი “ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, პრობლემა კომპლექსურია, რომელიც მოიცავს როგორც სასკოლო წიგნებს, ისე კვალიფიციურ კადრებსა და სასკოლო ინფრასტრუქტურას.

“სისტემური მიდგომა სჭირდება ამ ყველაფერს და გამოცდებზე მიღებული შედეგების შემდეგ არ უნდა დავიწყოთ საუბარი პრობლემაზე. ერთ -ერთი ფაქტორია სახელმძღვანელოები, ასევე – მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასკოლო რესურსები, ინფრასტრუქტურა, ოჯახის მიდგომა და ა.შ აცხადებს მიმინოშვილი.

სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელსაც დღეს სკოლაში იყენებენ, მშობლების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი მაისურაძე ამბობს, რომ წიგნში ამოცანის პირობები გაუგებარი ენით არის გადმოცემული:

„როდესაც ბავშვი ამოცანის პირობას კითხულობს, ვერ გებულობს. მათემატიკის სწავლების ხარისხი მთლიანად არის დამოკიდებული პედაგოგზე და მე რამდენადაც ვიცი, პედაგოგოგები (შეიძლება, მათ საიდუმლოსაც ვამხელ) დამხმარე წიგნებით ცდილობენ, ბავშვს ასწავლონ მათემატიკა”, – აცხადებს მაისურაძე.

სასკოლო წიგნების ხარვეზებზე საუბრობს განათლების სფეროში ექსპერტი და 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, მარიამ რამინაშვილიც. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლაზე საუბრობს, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა :

„3 წელია, ასახელებენ კონკრეტულ თარიღებს,როდესაც დასრულებული უნდა იყოს გრიფირება და ტენდერიც კი იქნება გამოცხადებული სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე. თუმცა სტანდარტების დამტკიცება მხოლოდ ახლა მოხდა, გრიფირება კი ჯერ გამოცხადებულიც არ არის”.აცხადებს რამინაშვილი

არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის საკითხიც. პედაგოგების დაბალი ანაზღაურების გათვალისწინებით, აქვს თუ არა მასწავლებელს დღეს საკმარისი მოტივაცია, რომ შემოქმედებითი გაკვეთილები ჩაატაროს და თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს?

როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია “პოზიტივი +” ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაკა პატარიძე განმარტავს, დღეს დანერგილი სახელმძღვანელოები, ინტერაქტული სწავლების მეთოდებზეა დაფუძნებული, მაგრამ პედაგოგს პრობლემა შესაბამისი პირობების არარსებობის გამო ექმნება.

“სახელმძღვანელოები, რომლებიც დაინერგა, ორიენტირებულია ინტერაქტული სწავლების მეთოდებზე. პედაგოგს ეძლევა კი საშუალება წიგნში მოცემული ინტერაქტიული სავარჯიშოების განხორციელებისთვის ჰქონდეს შესაბამისი პირობები? ეს საკითხი არის კომპლექსურად განსახილვევლი” – აცხადებს პატარიძე.

“პოზიტივ+” ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, პედაგოგი, თინათინ გავაშელი მიიჩნევს, რომ კონკრეტული საგნის სიყვარული სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული.

“რამდენად არის სკოლა ამაში დამნაშავე? – მე არ ვფიქრობ, რომ  ეს არის ხაზგასმით სკოლის, წიგნების ან მასწავლებლის ბრალი, ეს არის ერთიანად შესაკვრელი. მასწავლებელმა უნდა მოახერხოს დამოკიდებულების შეცვლა. პედაგოგმა მოსწავლეს უნდა შეაყვაროს საგანი.” – აცხადებს გავაშელი.

 

mazda magti 5g