ზოგიერთი ამოცანა შესაძლოა მარტივად მოგვეჩვენოს, როდესაც მას ქაღალდზე ვხედავთ. თუმცა ხშირად არ ვიცით, საიდან ჩნდება სირთულეები. მაგალითად, ორ კონტინენტს, ევროპასა და აფრიკას მხოლოდ 14 კილომეტრი ჰყოფთ, მაგრამ არავის უცდია მათი დაკავშირება. ან იქნებ უცდიათ?
ორი ერთმანეთისგან გახლეჩილი მატერიკი
დედამიწის ისტორიიდან ვიცით, რომ მატერიკები არასოდეს დგანან ერთ ადგილზე. ისინი ან ერთიანდებოდნენ სუპერკონტინენტად ან მცირე ნაწილებად იშლებოდნენ. დღესაც კი პლანეტა ფორმირებას განიცდის. მეტწილად რელიეფის ცვლილების საკითხებით თავად ბუნებაა დაკავებული, ადამიანი თუ ჩარეულა, როგორც წესი, მისი საქმიანობა დიდი არც ყოფილა. იგივე პანამის არხმა კი მოითხოვა უდიდესი ძალისხმევა ადამიანისგან, მაგრამ ბუნებრივ კატაკლიზმებთან შედარებით მაინც უმნიშვნელოდ ჩანს.
ადამიანი უკვე დიდი ხანია ცდილობს ცხოვრება გაიმარტივოს. ავიღოთ თუნდაც ლა მანში და ევროგვირაბი. ამაზე უამრავი ფული და სხვადასხვა ქვეყნის უზარმაზარი ერთობლივი ძალისხმევა დაიხარჯა, მაგრამ ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სურვილის შემთხვევაში გზის გაყვანა ყველგან შეიძლება. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და ევროპასა და აფრიკას ხიდი თუ გვირაბი ვერ აკავშირებს. ამას კი თავისი მიზეზი აქვს.
რატომ არ შეიძლება შეერთება
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ. 14 კილომეტრი – ეს ძალიან ცოტაა. ნუთუ ევროკავშირს არ უცდია გზის გაკეთება, რომელიც უზრუნველყოფდა სახმელეთო ტრანზიტს ქვეყნებს შორის? აღმოჩნდა, რომ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.
საქმე ისაა, რომ გიბრალტარის სრუტის სიღრმე ორ კილომეტრს აღწევს. შესაძლოა ესეც უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ წყალქვეშა მშენებლობისთვის ეს ძალიან ბევრია. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ რესურსს, რომელიც მარტო კოლონების აგებისთვის გახდება საჭირო. გარდა ამისა, გიბრალტარში სხვადასხვა მხარეს მიმართული ძალიან ძლიერი დინებაა, რაც არა მარტო მშენებლობის პროცესს ართულებს, არამედ ხიდის შემდგომ მომსახურებასაც, ასევე მის დაცვას შესაძლოა ცუნამებისგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან.