ტელეკომპანია „POS TV“-ის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2012 წელს, მოსკოვში გამართულ კონცერტში სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად მონაწილეობა თამრიკო ჭოხონელიძემაც მიიღო, თამრიკო ჭოხონელიძე Facebook-ზე ეხმაურება.
თამრიკო ჭოხონელიძეს აინტერესებს, რატომ არ დაიხმარეს კადრი, რომლის მიხედვითაც ის მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა. მომღერალი „POS TV“-ის მიმართავს „მყისიერად გაასწორონ ეს ინფორმაცია და საჯაროდ ბოდიში მოუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს“.
„დიდი ხანია მავანნი ცდილობენ ხან რა დამაბრალონ, ხან რა… მაგრამ ეს არ მწყინს, რადგან ჩემს სიმართლეში ეჭვი არ მეპარება, არც მე და არც საზოგადოებას.
მაგრამ არის საკითხი, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, რადგან ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი და ჩემი უფლებების დამრღვევი ქმედებაა.
მსურს, მივმართო „პოსტვის”, რომლის ეთერშიც გავიდა ეს ცილისმწამებლური სიუჟეტი:
სად არის ჟურნალისტური ღირსება?! პიროვნული თავმოყვარეობა?! არ გრცხვენიათ?! ვისაც არ უნდა ჰკითხოთ (მათ შორის ჩემგან განსხვავებულ აზრზე და პოზიციაზე მდგომ ადამიანსაც) რამდენად ვარ დაკავშირებული რუსეთთან, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის – დარწმუნებული ვარ გეტყვიან „არა-ს”! დიახ, ყველა გეტყვით, რომ კარგად ახსოვთ ჩემი საპროტესტო გამოსვლები და კომენტარები რუსეთში კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ეს ხმამაღლა და არაერთხელ გააპროტესტა. 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს რუსეთის სცენაზე, თქვენ კი ამბობთ, რომ 2012 წელს მოსკოვში კონცერტში მივიღე მონაწილეობა.
რატომ არ დაიხმარეთ კადრი, სადაც მე ვმღეროდი რუსებისთვის? – იმიტომ, რომ ვერ ვერსად ვერ მოიძიებდით! არ არსებობს ბუნებაში მსგავსი კადრი. ცოტა მაინც არ იგრძენით უხერხულობა, როცა ასეთ ცილს მწამებდით? რა თქმა უნდა არა!
ამიტომ მოგმართავთ, მყისიერად გაასწოროთ ეს ინფორმაცია და თქვენს მაყურებელს მიაწოდოთ სწორი ფაქტები, მომიხადოთ საჯაროდ ბოდიში ან სხვა გზას არ მიტოვებთ იმის გარდა, რომ მივმართო სასამართლოს!“, – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა „პოსტვის“.