LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ფიქრობს ოჯახის მეორედ შექმნაზე ინდირა ჯგერნაია: „ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, ჯერ ახალგაზრდა ხარ, მარტო რატომ უნდა იყო, გათხოვდი და შვილი გააჩინეო, ვპასუხობ ჩემი ცნობილი ფრაზით – ჩემზე მეტი კაცი ვერ ვიპოვე…“

1290
ინდირა-ჯგერნაია

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას შემოქმედებითი სიახლეები აქვს. ახლახან საოცნებო ბენდი შექმნა, საინტერესო მუსიკოსებით დააკომპლექტა და საავტორო სიმღერებზეც დაიწყო მუშაობა. ინდირას ქუთაისში, სადაც შვილთან, 8 წლის ანდრიასთან ერთად ცხოვრობს, საბავშვო მუსიკალური სტუდია აქვს, სადაც პატარებს სიმღერას ასწავლის. რატომ არ ფიქრობს ოჯახის მეორედ შექმნაზე და რატომ ექმნებოდა პრობლემები ძლიერი ხასიათის გამო, fortuna.ge მომღერალთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

ინდირა, სიახლეების შესახებ მოგვიყევი…

ჩემი ოცნება ავისრულე და ჩამოვაყალიბე ბენდი New Vision. იცით, მუსიკოსებს როგორი ხასიათი აქვთ, ჩვენ-ჩვენი „გაჭედვები“ გვჭირს (იღიმის). ბევრ საინტერესო მუსიკოსს ვიცნობ, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს შორის რომ შეიყვან, ისეთი ბენდი შევკრიბე. მგონია, რომ მთელი ამ წლების დამსახურება მივიღე. სარეპეტიციო მოვაწყვე ჩემთან, საბავშვო სტუდიაში. სხვათა შორის, ვმუშაობთ საავტორო სიმღერებზე. ერთმა ჩემმა მეგობარმა, საკმაოდ ცნობილმა დამიწერა სიმღერა, ტექსტი ჩემია, ყველაფერი, რაზეც ვიმუშავებთ, მხოლოდ ქართულენოვანი იქნება. ძველი ქართული სიმღერები, რომლებიც მომწონდა, გადმოვაქავერე. რა თქმა უნდა, ყველასგან ავიღე ნებართვა. ერთ-ერთი, ვისაც ნებართვაზე დავურეკე, რომ მისი სიმღერა შემესრულებინა, მერაბ სეფაშვილი იყო. მერაბს ვკითხე, ხომ არ გეწყინება, მაჭარაშვილის ესა და ეს სიმღერა რომ შევასრულო-მეთქი და მიპასუხა, რა უნდა მეწყინოს, შენ რომ ამ სიმღერას იმღერებო? მადლობა მას ამისთვის და ყველა მათგანს, ვინც ნდობას მიცხადებს, რომ მისი სიმღერა შევასრულო. ზუსტად იციან, რომ ამ სიმღერებს კარგად „ჩავიცვამ“, ხომ იცი, კარგ ბედში რომ მოახვედრებ ქალს, ასეა (იცინის).

შორიდან საკმაოდ ძლიერი ხასიათის ადამიანი ჩანხარ… საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, ეს როდის გააცნობიერე?

ბავშვობიდან. ეს თავდაჯერება ან გაქვს, ან – არა. მესამე შვილი ვარ და პატარაობიდანვე ვამბობდი „თითონ, თითონ“, ანუ მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს-მეთქი. ამის გამო ოჯახის წევრები მაშაყირებდნენ ხოლმე. ბავშვს ლიდერობა თავიდანვე ეტყობა, ეს უნარი არ უნდა მოუკლა. ჩემს შვილსაც ასეთი ხასიათი აქვს. 8 წლისაა, სულ მიწევს კონტროლი, რომ უზრდელობაში არ გადაუვიდეს ლიდერის ხასიათი.

ბავშვი დედას ჰგავს ლიდერობაში?

მხოლოდ ხასიათით ჰგავს დედას, სხვა არაფრით (იცინის).

ამ ხასიათის გამო, ცხოვრებაში უკან დახევამ ხომ არ მოგიწია? ალბათ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ მოეწონებოდათ ეს ამბავი…

შენი სიმართლე არავის მოსწონს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამას ვერ ვაცნობიერებდი და თავს ვგრძნობდი დაჩაგრულად, ამა თუ იმ სიტუაციაში, თუ პროექტში, თუმცა წლებმა, გამოცდილებამ, ურთიერთობებმა, რომლებსაც მაქსიმალურად ვცდილობ, მოვუფრთხილდე, ბევრი რამ დამანახვა – ჩემში, ლიდერზე მეტად, ადამიანი ცოცხლობს. ამას ვასწავლი ჩემი სტუდიის ბავშვებსაც და ჩემს შვილსაც. პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი. თუ სული არ გაქვს ლამაზი, თუ სულიდან არ ამოგდის ბგერა, თუ შენი თვალების მიღმა ბოროტი იმალება, ცხოვრებაზე აისახება, რადგან ცხოვრება ბუმერანგია. ეკრანზეც, პროექტებშიც, სოციალურ ქსელშიც, ყოველთვის ვცდილობ ვიყო ის, რაც ვარ. არ მიყვარს თამაში, რა გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც შენი ფანები არიან, გიჟდებიან შენს ხმაზე და შენს მუსიკაზე, ტყუილში უნდა აცხოვრო? ეს არ მოსულა მუსიკოსისთვის. არ მაქვს არაფერი დასამალი. ისეთი ინტერვიუები მიმიცია, ხალხი რომ წლობით მალავდა, რომ არავის გაეგო. ყველა ყველა იცნობს ამ პატარა ქვეყანაში.

ამბობენ, რომ მამაკაცებსაც დიდად არ უყვართ ლიდერი და ძლიერი ხასიათის ქალები… შენ ამ მხრივ როგორი გამოცდილება გაქვს?

ყველაზე ასე ვერ ვიტყოდი. როცა ნამდვილ მამაკაცზე ვსაუბრობთ, რომელიც ასე იშვიათი გახდა უკვე, მას ლიდერი ქალი არ შეაშინებს. პირიქით, ხელს შეგიწყობს შენი ამ თვისების განვითარებაში.

გქონია ასეთი შემთხვევა? რეალურად თუ შეხვედრიხარ ასეთ მამაკაცს?

რეალურად არ შევხვედრივარ. ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, ჯერ ახალგაზრდა ხარ, მარტო რატომ უნდა იყო, გათხოვდი და შვილი გააჩინეო, ვპასუხობ ჩემი ცნობილი ფრაზით – ჩემზე მეტი კაცი ვერ ვიპოვე, არ შემხვდა. გინდა პრინციპებით, გინდა ხასიათით. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, გარკვეულ ასაკში და ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ასე არ მეგონა. უკან დასაბრუნებელი გზა რომ მქონდეს, ანდრიას გამო ისევ იმავეს გავივლიდი და უარესსაც გადავიტანდი, იმიტომ, რომ რაც არ გკლავს, გაძლიერებს. 33 წლის ვარ. დილა რომ იწყება ჩემი შვილის სკოლაში მიყვანით, პარალელურად, ჩემი სტუდიის ბავშვებთან ვმუშაობ, პარალელურად, ბენდთან, სახლში რომ ვბრუნდები, ჩემმა შვილმაც იცის, როგორი დაღლილი ვარ… რაღაცნაირად მიწყობს ხელს…

ოჯახის შექმნაზე, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, არ გეფიქრება…

დიდი პასუხისმგებლობაა, არ არის ასე მარტივი, ერთხელ რომ დაგენგრევა თავზე ყველაფერი, მეორედ იგივე გადაწყვიტო. მით უმეტეს, ის ადამიანი უნდა ღირდეს იმად, რომ შენი 8 წლის ბიჭი მის გვერდით იზრდებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვის გვერდით გაზრდი შვილს. მინდა, ჩემს შვილს ჰქონდეს ქართული მენტალიტეტი და ქართული სულისკვეთება. მასთან სიმკაცრესაც ვიჩენ…

შენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად რას მიიჩნევ?

ჩემთვის მარცხი ტრაგედია არ არის. მთავარია, ვინც გიყვარს, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველა იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და ლაღი. დანარჩენი ყველაფერი არის მეათეხარისხოვანი, რადგან ყველაფერს შველი. სიკვდილი არის ჩემთვის ტრაგედია, ადამიანების დაკარგვის შიში მაქვს. კესო აბრამიძის დაკარგვით გავნადგურდი. ის ჩემთვის ძალიან კარგი მეგობარი იყო. ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შიში ფობიასავით დამრჩა კესოს მერე… ხომ მყავს სხვა მეგობრებიც… ყველასთან დავიწყე სხვანაირი საუბარი, მოდი, ჭკუაში ჩავარდი, შენს თავს მიხედე და დაფიქრდი-მეთქი. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ვფიქრობ, ამ შიშით უფრო კარგად ვიცხოვრებ, რადგან უფრო მეტად ვუფრთხილდები ახლობელ ადამიანებს. ამან შეიძლება დამანგრიოს. დანარჩენი რა უნდა იყოს, რომ ვერ შევძლო? ავადმყოფობა არ იყოს ისეთი, რომელსაც ვერ მოერევა ადამიანი და დანარჩენი არაფრის მეშინია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g