პროკურატურის ვერსიის არ სჯერა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს. როგორც მისმა ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, ძალიან იმედგაცრუებულები არიან, ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს მიერ დღეს გასაჯაროვებულ დასკვნაში ახალი არაფერი ყოფილა.
“პროკურატურის არგუმენტები არის ძალიან მყიფე და უსუსური. ამ ეტაპზე, საქმე არ უნდა დახურულიყო, ვინაიდან საქმეში არის უამრავი კითხვა, რომელსაც არ აქვს პასუხი გაცემული. ვფიქრობთ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რადგან საქმეში არის ახალი გარემოება, კერძოდ, იარაღზე არის უცხო ადამიანის დეენემი, რომელიც უნდა შემოწმდეს და გაირკვეს, ვის ეკუთვნის ეს ბიოლოგიური მასალა” – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.
რაც ეხება გამოძიების ვერსიას, რომლის თანახმადაც ეროსი კიწმარიშვილმა თავი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ნაყიდი იარაღით, მოიკლა, ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ მისი ძმა იარღის შეძენას, თავის დაცვის მიზნით აპირებდა.
“ეროსის იარაღის ფლობის სურვილი ჰქონდა ჯერ კიდევ 8 დღით ადრე. შესაძლებელია მანამდეც ჰქონდა ამოცანა, რომ იარაღი შეეძინა. ბოლო პერიოდში აქტიურობდა და ამბობდა, რომ ელოდებოდა ვიღაცეების რეაქციას. მას შეიძლება ჰქონოდა განცდა, რომ მასზე განხორციელებულიყო ძალადობა – ლიკვიდაციის მიზნით. რაც ეხება საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ოფიციალურ პოზიციას და ასევე იმას, თუ რა გარემოებები გვიჩენს ეჭვებს, ამის შესახებ ხვალ ვრცელ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი თავს შევიკავებ დეტალების დასახელებისგან” – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.