LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ნარჩენების მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი

689
მიხეილ გოგოლიძე

თანამედროვე სამყაროში ნარჩენების მართვა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევად იქცა. მოსახლეობის ზრდასთან და ურბანიზაციის გაძლიერებასთან ერთად, ნაგავსაყრელებზე დაგროვილი ნარჩენები სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემებს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ ნარჩენების მართვის ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა აღარ არის მხოლოდ არჩევანი – ეს აუცილებლობაა. საკითხი სცდება მხოლოდ ნაგვის შეგროვებასა და განთავსებას, ის მოიცავს რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გადამუშავების კულტურის განვითარებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც, საბოლოოდ, განსაზღვრავს ჩვენი გარემოსა და მომავალი თაობების ხარისხიან ცხოვრებას.

მიხეილ გოგოლიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი:

– დღეის მდგომარეობით, საქართველოში 54 ნაგავსაყრელი არსებობს – აქედან 28 დახურულია, 26 კი მოქმედი გახლავთ. მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან ისინი მოძველებულია, საბჭოთა პერიოდისაა, შესაბამისად, გარემოს უსაფრთხოების ნაწილშიც პრობლემებს ქმნიან.

ნაგავსაყრელების მართვისას უნდა ვუპასუხოთ არა მხოლოდ იმ გამოწვევებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის კუთხით არსებობს, არამედ რესურსის თვალსაზრისითაც, რომელიც დღეს აღარ გვაქვს. ნაგავსაყრელები, ფაქტობრივად, „ხელოვნურ სუნთქვაზე“ გვყავს გადაყვანილი, რათა დრო მოვიგოთ – ნაგავსაყრელებს პერიოდულად ერთგვარ რეაბილიტაციას ვუტარებთ, რის შედეგადაც მათ ფუნქციონირებას ვახანგრძლივებთ, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, საჭიროა ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტების აშენება, რომლებიც თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მინისტრის, ბატონ დავით სონღულაშვილის, ფაქტობრივად, პირადი ჩართულობით, უკვე გადადგმული გვაქვს გარკვეული ნაბიჯები ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის ნაწილში. კონკრეტულად, უკვე ვამთავრებთ ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მომავალ წელს კი დავასრულებთ ასეთივე ტიპის ობიექტის მშენებლობას სამეგრელოში, რომელიც ცხრა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ნარჩენების განთავსების კიდევ ოთხი ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც, მუნიციპალიტეტებთან ერთად, უკვე მოძიებულია შესაბამისი ტერიტორიები სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში. ჯამში, საქართველოში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ექვსი რეგიონული, ევროპული დონის ობიექტი და 20-მდე გადამტვირთავი სადგური გვექნება.

– რა სხვაობა იქნება ძველსა და ახალ ნაგავსაყრელებს შორის?

– ძველ ნაგავსაყრელებზე, რომლებსაც ისტორიულს ვუწოდებთ, გარემოს დაცვის ნაწილში არანაირი კომპონენტი არ არის გათვალისწინებული. ისინი აბინძურებენ როგორც ნიადაგს, ისე ჰაერს. ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტებზე კი ზუსტად ეს კომპონენტები იქნება გათვალისწინებული, კერძოდ, იფუნქციონირებს წყლის შეკრების სისტემა და მისი გაფილტვრის მექანიზმები, ასევე, გაზის სისტემა, რომელიც გაზის გაფრქვევის ნაწილში მისი ციკლის მოწყობას ნიშნავს, რაც ჰაერისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – დაბინძურების კოეფიციენტი ნულზე ჩამოდის.

– ცოტა ხნის წინ გავრცელდა მთავრობის განკარგულება სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ თქვენს კომპანიას დაევალება.

– სახიფათო ნარჩენების მართვის სფერო აქამდე არ რეგულირდებოდა, რეფორმების შედეგად კი მასზე პასუხისმგებლობა, დიახ, ჩვენ დაგვეკისრა. გვაქვს ამბიციური გეგმები, კერძოდ, უახლოეს დღეებში შეიქმნება ახალი დეპარტამენტი, რომლის პირველი ნაბიჯი იქნება სათანადო ტერიტორიის მოძიება, რის შემდეგაც დავიწყებთ უკვე შესაბამის კვლევებს, კვლევების შედეგად კი შევძლებთ გამოვაცხადოთ ტენდერები და დავგეგმოთ სამშენებლო პროცესები.

საქართველოში გვექნება სახიფათო ნარჩენების განთავსების ერთი ობიექტი და მომსახურების სამი ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახიფათო ნარჩენი, რომელიც დაფიქსირდება ამა თუ იმ ბიზნესოპერატორთან (და ეს შეიძლება იყოს ფეთქებადი, აალებადი და ა.შ. მასალები და ნივთიერებები, რომელთა ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ობიექტზე მოხვედრა არის სახიფათო), მას ჩვენი ტრანსპორტით გადავიტანთ ჩვენს მომსახურების ცენტრში, სადაც ის გადამუშავდება და გადამუშავების შედეგად მიღებული, ასე ვთქვათ, ფერფლი მოხვდება სახიფათო ნარჩენების განთავსების ამ ახალ ობიექტზე.

– რა როლი აკისრია ნარჩენების მართვის საკითხში საზოგადოებას?

– მისი როლი ნამდვილად ძალიან დიდია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სახლიდან ურნამდე არ მთავრდება ნარჩენების მოვლა-პატრონობა, ეს არის ძალიან დიდი ციკლი, რომელიც იწყება სახლიდან და მოდის ჩვენამდე. შესაბამისად, საზოგადოების გვერდში დგომა, ნარჩენის შემცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მეტს გავაკეთებთ ნარჩენების მოვლის თვალსაზრისით, ეს გარემოზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება, საბოლოოდ კი – ჩვენი შვილების და ჩვენს ჯანმრთელობაზე.

magti 5g