LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საცობები დედაქალაქში? – კახა კალაძე განმარტებას აკეთებს

133
BeFunky-collage (8)

ბოლო დროს დედაქალაქში განსაკუთრებულად გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და გახშირებულ საცობებს, დედაქალაქის მერი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო”.

კახა კალაძის განცხადებით, ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე – მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის წერეთლის და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაციისა და განახლების სამუშაოები.

„ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა – რა ხდება, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, რომელიც არასდროს ყოფილა ამ მასშტაბის, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მისაუბრია. პასუხი ძალიან მარტივია – კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება.

რეფორმის, რომელსაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე და რთული თემა იყო. ეს იყო მთლიანად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა. მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, ის, რაც აწუხებს მოსახლეობას და გვაწუხებს ყველას – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ქალაქში, ცენტრალურ უბნებში შეინიშნება გადატვირთული მოძრაობა და გართულებული გადაადგილება.

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე – მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რადგან დღეს გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ამ მიმართულებით.

ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე და ხვალ-ზეგ ისევ გადათხრა შეიძლება მოგვიწიოს დაზიანებული მილის გამო, ისევ სამუშაოების წარმოება შეიძლება მოგვიწიოს სხვადასხვა პრობლემის გამო. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღე თქვენთან ერთად – საზოგადოებას ავუხსენით, რომ არ გვინდა ზედაპირული სამუშაოების განხორციელება. გვინდა, რომ ძირეულად იყოს ცვლილებები განხორციელებული.

პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები და ამ პროექტის განხორციელებით კონკრეტული ქუჩა თუ გამზირი უკეთესი და ლამაზი ხდება, თუმცა ამას თან ახლავს დისკომფორტი და პრობლემები. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ადამიანებს. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში მოუწიათ ზაფხულის გატარება. დღისა და ღამის განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა მუშაობა, იყო მტვერი და ხმაური, რაც იყო სერიოზული დისკომფორტი ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ისინი გაგებით ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო მოწესრიგებული, იყოს ლამაზი ქუჩებით და გამზირებით.

ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც დავასრულებთ ამ სამუშაოებს, ვიწყებთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას. მომავალ წელს ვიწყებთ ვაჟა-ფშაველას განახლებას და რეაბილიტაციას, ამის გარეშე შეუძლებელია ქალაქის მოწესრიგება. ყველას მოგწონთ ეს განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით არსებული ქუჩები. ეს ყველაფერი გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g