რატომ არის წინასასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.
წინასასკოლო მზაობა არის ბავშვის ინტელექტუალური, ემოციური და ქცევითი მზაობა აკადემიური გარემოს მოთხოვნების შესასრულებლად. ეს არ გულისხმობს მხოლოდ აკადემიურ უნარებს – მაგალითად, ანბანის ან ციფრების ცოდნას – არამედ ბევრად უფრო ფართო კომპეტენციებს მოიცავს, ამაში შედის: ბავშვის მოტორული განვითარება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მეხსიერება, ემოციური რეგულაცია, სოციალური უნარები და იმპულსის კონტროლი. თუ წინასასკოლო მზაობა აქვს ბავშვს და ყველა აღნიშნული სფერო ასაკის შესაბამისად არის განვითარებული, სწორად ჩამოუყალიბდა, სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია გაცილებით მარტივი და ნაკლებად სტრესული იქნება. სკოლაში წასვლა იქნება სახალისო და სასკოლო გარემო მიმზიდველი და აკადემიური აქტივობები სასიამოვნო. ეს ყველაფერი საფუძველს ჩაუყრის მის მომავალ აკადემიურ და სოციალურ წარმატებას.
რას უნდა დააკვირდეს მშობელი:
– ბავშვს შეუძლია ინსტრუქციების გაგება დამოუკიდებლად შესრულება. მაგალითად 2-3 მარტივი ინსტრუქციის თანმიმდევრობით შესრულება.
– შეუძლია ყურადღების ფოკუსირება 1 გარკვეულ დავალებაზე 10-15 წუთის განმავლობაში.
– აკონტროლებს ემოციებს და ქცევას. მაგალითად იცის როგორ გამოხატოს უკმაყოფილება სოციალურად მისაღები ფორმით, შეუძლია სურვილის გადავადება და იმპულსის კონტროლი, თავისი ჯერის დალოდება.
– შეუძლია კონფლიქტების მართვა თანატოლებთან. მაგალითად იცის, რა უნდა ქნას, როგორ უნდა მოიქცეს თუ ვინმე აწყენინებს.
– ავლენს ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და სწავლასთან პოზიტიურ დამოკიდებულებას. ამისათვის, უნდა წავახალისოთ გარემოს გამოკვლევა და ასევე არ გადავტვირთოთ ბავშვი, არ უნდა მოვთხოვოთ დიდ ხანს აკეთოს ერთი და იგივე აქტივობა, რაც მოსაწყენი ხდება და უკარგავს მოტივაციას.
– ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური მზაობა: ჯდომის, წერის, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის უნარები, თვალისა და ხელის კოორდინაცია.
თუ მშობლებს ეჭვი უჩნდებათ რომელიმე სფეროში განვითარება არც არის ასაკის შესაბამისი, მაგალითად ენის კომპეტენცია, ფიზიკური ან ემოციური განვითარება, საკუთარი ქცევის მართვა, მნიშვნელოვანია ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია ან ბავშვის წინასასკოლო შეფასება.
ჩვენ ვაფასებთ რამდენიმე ძირითად სფეროს:
– კოგნიტური უნარები: ამაში მოიაზრება აღქმა, ყურადღება ვიზუალურ-სივრცითი უნარები, მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება.
– ენის განვითარება: სიტყვათა მარაგი, გრამატიკა, ბგერების არტიკულაცია (წინასასკოლო ასაკში ყველა ბგერის მკაფიოდ არტიკულაცია უნდა შეეძლოს პატარას), ინსტრუქციების გაგება და შესრულება.
– სოციალური და ემოციური უნარები: სხვისი ემოციების ამოცნობა, თანაგრძნობა, საკუთარი ემოციების გამოხატვა.
– აკადემიური უნარები: საბაზისო არითმეტიკა (რაოდენობის განსაზღვრა), წერა-კითხვისთვის აუცილებელი საბაზო უნარები, როგორიცაა მაგალითად, ფონოლოგიური ცნობიერება.
– მოტორული განვითარება: ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, მოძრაობების კოორდინაცია.
ეს კომპლექსური შეფასება გვაძლევს სრულ სურათს – რა არის ბავშვის ძლიერი მხარეები და რა მიმართულებით შეიძლება დასჭირდეს დამატებითი მხარდაჭერა.
მშობლებს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვთ ბავშვის განვითარების პროცესში. ისინი ქმნიან მხარდამჭერ და მასტიმულირებელ გარემოს, უზრუნველყოფენ თამაშით სწავლის შესაძლებლობებს, უყალიბებენ ბავშვს რუტინას, საჭირო ჩვევებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. მშობელმა შეიძლება ყოველდღიურობაში ჩართოს აქტივობები, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარებაში, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება, ენობრივი კომპეტენციები. მაგალითად:
– ზღაპრების კითხვა და განხილვა.
– პაზლების აწყობა.
– რითმული სიმღერები.
– ფიზიკური აქტივობები, ე.წ მოტორული თამაშები
ასევე მნიშვნელოვანია მოთმინება – ყველა ბავშვს აქვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი. ზოგჯერ 6 წლის ბავშვის განვითარება არ შეესაბამება სასკოლო მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი იქნება სკოლაში შესვლა გადავადდეს და ბავშვი შევიდეს სკოლაში ერთი წლით გვიან, მაგრამ მომზადებული. ეს თავიდან აგაცილებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ბავშვის ძლიერი შფოთვა და სკოლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ასევე წარუმატებლობის განცდა – ბავშვები კარგად ხვდებიან რა არ გამოსდით და ასევე ხედავენ, რომ კლასში არიან ბავშვები ვინცა ძალიან მარტივად ართმევს თავს დავალებებს, ეს ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე. მეორე გასათვალისწინებელი მომენტი არის ის, რომ შესაძლოა ბავშვმა დაძლიოს აკადემიური პროგრამა, მაგრამ ვინაიდან ზოგიერთი უნარი ჯერ არ არის მომწიფებული სასკოლო აქტივობები დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ერთის მხრივ მეტ ენერგიას მოითხოვს და ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი სკოლაშიც და სახლში მეცადინეობის დროს ძალიან იღლება, პროცესი ემოციურად ნეგატიურად არის შეფერილი და ასოცირდება სტრესთან, რაც შემდგომში სწავლის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას უყალიბებს ბავშვებს.
მნიშვნელოვანია მშობელს ახსოვდეს და ეს ბავშვსაც ხშირად გაუმეოროს, რომ სწავლა არის არის პროცესი. როდესაც ვსწავლობთ, ვუშვებთ შეცდომებს და და ეს ამ პროცესის ნაწილია. აქ შეგიძლიათ თამაშის მაგალითი მოიშველიოთ, ბურთით თამაში ან ნებისმიერი სამაგიდო თამაში – მთავარია პროცესით სიამოვნების მიღება და ამ პროცესში საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და არა შედეგი ქულის სახით. ასევე გადაჭარბებულმა ზეწოლამ და შედეგებზე ორიენტაციამ შესაძლოა გაუზარდოს ბავშვს შფოთვა და მოტივაციის დაქვეითებაც კი გამოიწვიოს.
მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანია რეალისტური მოლოდინები და იმის გაცნობიერება, რომ სკოლაში სწავლის პროცესი იწყება და გრძელდება არა სრულყოფილებით, არამედ მზადყოფნით. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის პროგრესზე, აუცილებელი ყოველი პატარა წარმატების აღნიშვნა და წახალისება, ეს დაგეხმარებათ პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნებაში. აუცილებელია ბავშვმა იგრძნოს, რომ შეცდომის დაშვება ნორმალურია, ლეგიტიმურია და მას აქვს მშობლის მხარდაჭერა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.
რა სახის აქტივობები იქნება სასარგებლო:
1️⃣ ზღაპრების კითხვა – ყოველდღიური კითხვა ავითარებს ენობრივ და მეხსიერების უნარებს.
2️⃣ ფიზიკური აქტივობა და მოძრავი თამაშები – მოტორული განვითარება აუცილებელია წერისთვის და ჯდომის უნარისთვის.
3️⃣ საუბარი ემოციებზე – დაეხმარეთ ბავშვს თავისი ემოციების ამოცნობასა და მართვაში.
4️⃣ დავალებების მიცემა – მცირე დამოუკიდებელი დავალებები ავითარებს თვითკონტროლს და პასუხისმგებლობას. ჩართეთ ბავშვი ყოველდღიურ საოჯახო აქტივობებში
5️⃣ თანატოლებთან ურთიერთობა – ჯგუფური თამაშები ასწავლის თანამშრომლობას და კონფლიქტების მართვას.
6️⃣ მოთმინება და შექება – ხაზი გაუსვით პროცესს და პროგრესს, არა სრულყოფილებას.
7️⃣ პროფესიული კონსულტაცია საჭიროების შემთხვევაში – დროული შეფასება ეხმარება სწორი მხარდაჭერის შერჩევაში და სუსტი მხარეების განვითარების სტიმულირებაში.