დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს მილანის მოდის კვირეულზე წარმატება ხვდა წილად, რის შესახებაც ის ჟურნალ „თბილისელებს“ დაწვრილებით უყვება.
თინათინ მაღალაშვილი:
ღონისძიება, რომელშიც ჩვენ 27 თებერვალს მივიღეთ მონაწილეობა, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა საკმაოდ ცნობილ ლოკაციაზე, სადაც ყოველთვის ძალიან მაღალი ხარისხის ღონისძიებები ტარდება. ჩვენ, როგორც საქართველოს მოდის კვირეულის ორგანიზატორმა მხარემ, პარტნიორობა დავამყარეთ „მილანის ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებთან. წარვადგინეთ ორი ბრენდი: ერთ-ერთი ჩემი ბრენდი გახლდათ და მეორე ბრენდი იყო „ხარჩი“. ასევე, წარმოდგენილი გვყავდა რამდენიმე დიზაინერი და მოდელი.
მზადების პერიოდში, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, ერთმანეთს დავუკავშირდით მე და ანა მაზანაშვილი. ეს არ იყო ჩვენი პირველი კონტაქტი. ერთად ჩვენ ხშირად გაგვიკეთებია საქველმოქმედო ღონისძიებები ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის – ყოფილი თუ მოქმედი პაციენტებისთვის. მოგეხსენებათ, ანა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია. როგორც იცით, ანა გახლავთ EUROPA DONNA GEORGIA-ს ხელმძღვანელი. როდესაც მე და ანა ვსაუბრობდით, გამოიკვეთა, რომ 30 წლის წინ, სწორედ მილანში ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია. ძალიან სიმბოლური გადაკვეთა გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მე მივწერე ორგანიზატორებს, რომ გვსურდა აქცია გაგვეკეთებინა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების მხარდასაჭერად. ორგანიზატორებს ძალიან მოეწონათ ეს იდეა და ჩვენ ამ ღონისძიებაში უშუალოდ ეს ქალბატონები ჩავრთეთ. პარამეტრების მიხედვით, 7 ქალბატონი ავარჩიეთ. ისინი EUROPA DONNA GEORGIA-ს წარმოადგენდნენ და ჩვენებაზე ვარდისფერი გულსაბნევები ჰქონდათ გაკეთებული. ამით გამოირჩეოდნენ ისინი პროფესიონალი მოდელებისგან.
საერთოდ, რომ შევაფასოთ, შესანიშნავად ორგანიზებული, ძალიან ლამაზი შოუ იყო. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა მაღალი მოდის კოლექცია ქართული სიმღერის, „გელინოს“ ფონზე. ყოველთვის, როცა მე საზღვარგარეთ მივდივარ, ქართული მუსიკა მიმაქვს. სადაც აცხადებენ, რომ საქართველოდან ვარ. მინდა, იქ ყოველთვის გაიგონ, როგორი მდიდარია საქართველო ფოლკლორით, ფერადოვანი ხალხით, სტილითა და კულტურით. მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველა მოდის კვირეულზე ყურადღების ქვეშ ექცევა. 17 წლის განმავლობაში 26 ქვეყანაში მაქვს ჩატარებული მოდის კვირეულები და ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ასე იყო ამჯერადაც. თუმცა, ახლა კიდევ უფრო მეტად ემოციური ჩვენება გამოვიდა. როდესაც ქალბატონები პოდიუმზე გამოვიდნენ, მოიხსნეს გულსაბნევები და შემთხვევითობის პრინციპით, იქ მყოფ ადამიანებს აჩუქეს.
