LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოყალიბდა და რა მისია ექნება ცემენტის ასოციაციას

128

საქართველოში ცემენტის ასოციაცია ჩამოყალიბდა.
როგორც ”ფორტუნას” ასოციაციიდან აცნობეს, საქართველოს ცემენტის ასოციაცია მიზნად ისახავს საქართველოში ცემენტის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ცემენტის ხარისხი მშენებლობის უსაფრთხოებაზე და რამდენად არის მომხმარებელი დაცული ცემენტის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციით.

”სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად „ჰაიდელბერგცემენტ კაუკაუსმა“ და „კავკაზ-ცემენტის“ შვილობილმა კომპანია – „ჯორჯიან ბილდინგ გროუფმა“ საქართველოს ცემენტის ასოციაციის შექმნა გადაწყვიტეს. დამფუძნებელი წევრები ამით ხარისხის თემის გარშემო გაერთიანდნენ. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ყველა პროდუქტის შემოწმება, რათა ცემენტის ხარისხი შეფუთვაში განთავსებულ პროდუქტს შეესაბამებოდეს. შესამოწმებელი ტომრები ღია ბაზარზე კვარტალში ერთხელ ანონიმურად იქნება შეძენილი და გაიგზავნება ლაბორატორიებში „ბრმა“ ტესტის ჩასატარებლად. შემოწმება დამოუკიდებელი და ნეიტრალური ლაბორატორიების საშუალებით უნდა განხორციელდეს, როგორიც არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო პროცესს კურირებას, დამოუკიდებელი და ნეიტრალური მხარის სახით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს”, – აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, ასოციაციის მიზანს კარგად ცნობადი ხარისხის ნიშნის შექმნა წარმოადგენს. GCA წევრობა გაიგივებული და დაკავშირებული იქნება ხარისხიან პროდუქციასთან. შესაბამისად, ყოველი ახალი წევრი ასოციაციის წევრობის მინიჭებამდე ხარისხის შესაბამის შემოწმებას გაივლის და ასოციაციის წევრობა მხოლოდ შესაბამისი ხარისხის გამოვლენის შემთხვევაში მიენიჭებათ.

ამასთან, საქართველოს ცემენტის ასოციაცია აქტიურად იმუშავებს ცემენტის და სხვა სამშენებლო მასალების სექტორისთვის საინტერესო და პრობლემატურ საკითხებზე. ასოციაციის დღის წესრიგში ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.

”საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში იარსებოს კონკურენტუნარიანმა და ეკონომიკურად მდგრადმა ცემენტის ინდუსტრიამ. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა მომავალში არ დადგეს სხვა ქვეყნებიდან ცემენტისა თუ შესაბამისი ნედლეულის იმპორტირების საფრთხის წინაშე, რაც ავტომატურად ნიშნავს სამუშაო ადგილების, სამუშაო ძალის, ცოდნისა და გამოცდილების გადინებას ჩვენი ქვეყნიდან”, -აცხადებენ საქართველოს ცემენტის ასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g