ქართულ სასამართლოებში ბიზნეს დავების განხილვა ჭიანურდება. ორ კომპანიას შორის პაექრობა და შემდეგ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, წლობით გაგრძელდეს.
ეს კი აზიანებს ბიზნეს პროცესს და ზოგადად ბიზნეს გარემოს ქვეყანაში. ცალკე პრობლემაა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, რომელიც ასევე იწელება დროში.
გამოსავალს ბიზნეს სუბიექტები არბიტრაჟისთვის მიმართვაში ეძებენ, თუმცა უპრობლემოდ არც იქაა საქმე, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას საბოლოო ბეჭედი მაინც სასამართლომ უნდა დაუსვას.
რატომ იწელება სასამართლო განხილვები და რა ზიანს აყენებს ეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს?
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლევან ნანობაშვილი, ადვოკატი, იურიდიული კომპანია „ენ-ბი ლიგალის“ პარტნიორი საუბრობს.
– როგორ ხსნით თქვენ, როგორც იურისტი და ადვოკატი და ამ პროცესებში ჩართული ადამიანი დავების ასე გაწელვას?
ბევრისგან მსმენია, რომ შეიძლება ბიზნეს დავა, წლები გაგრძელდეს და სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლოა, უკვე ფინანსური და ბიზნესის თვალსაზრისით აზრიც აღარ ჰქონდეს..
– დავების გაჭიანურება მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ალბათ ყველა კომპანიას აწუხებს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება.
დავა ბიზნესის შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ ვერც ერთი კომპანია ვერ იმუშავებს ისე, რომ დავას თავი ააცილოს. მაგრამ დავის წარმოშობის შემდეგ უკვე ჩნდება შეკითხვა, ეს დავა როგორ უნდა გადაწყდეს.
პირველი რასაც ქართული კომპანიები და ალბათ ნებისმიერი კომპანია მიმართავს, ესაა დავის გადაწყვეტა მეორე მხარესთან მოლაპარაკებით.
არსებობს გარკვეული სტატისტიკა, მაგალითად აშშ-ში დავების 98 % წყდება სასამართლოს გარეთ, მხოლოდ 2 % მიდის სასამართლოში.
საქართველოს რეალობაში სამწუხაროდ სტატისტიკას ვერ დავასახელებ, რა პროცენტი გვარდება სასამართლოს გარეთ, მაგრამ როდესაც კომპანიები მიდიან სასამართლოში პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, არის გაურკვევლობა – თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს გაურკვევლობას.
სასამართლო დავები დროში იწელება და დავას შეიძლება დასჭირდეს 1, ან 2 წელი, შეიძლება სამი წელიც კი. რაც უფრო უცნაური და რაც უფრო სპეციფიკური დავაა, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ მის გადაწყვეტას დასჭირდება ბევრი დრო.
სასამართლო ხელისუფლება აღიარებს პრობლემის არსებობას. ძალიან ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ მოსამართლეები არიან გადატვირთულები. ეს პრობლემა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. არსებობდა პანდემიამდეც და პანდემიამ ეს პრობლემა გაამწვავა.
რადგან პრობლემა არსებობს, მისი გადაწყვეტის გზები უნდა მოიძებნოს.
პრობლემის მოგვარების ერთი გზაა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, ამაზე დიდი ხანია საქართველოში მსჯელობა ჩატარდა კვლევებით, მაგრამ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდაც არაა ერთადერთი გამოსავალი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სპეციალიზაციის საკითხი.
თუ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა და მათი სპეციალიზაცია არ მოხდა, გარკვეული მიმართულებით, რაოდენობის მექანიკურად გაზრდა, შეიძლება არ იყოს სასურველი შედეგის მომტანი.
– ამ შემთხვევაში გამოსავალია ხოლმე არბიტრაჟის მიმართვა, წინასწარ ხელშეკრულებაშიც იდება, რომ მხარეები შეეცდებიან დავის პირველ რიგში პირადად, ან არბიტრაჟის გავლით მოგვარებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი პრობლემა იკვეთება.
– მხარეებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების გაფორმების დროს წინასწარ გაითვალისწინონ, რომ თუ მათ რაიმე დავა წარმოეშვებათ, მიმართონ კომერციულ არბიტრაჟს, თუმცა ასეთი შეთანხმება შესაძლებელია დავის წარმოშობის შემდეგაც.
არბიტრაჟი საქართველოში საკმაოდ განვითარებულია. არსებობს რამდენიმე საარბიტრაჟო სასამართლო, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია და უცხოური კომპანიებიც კი სარგებლობენ ამ საარბიტრაჟო სამსახურის მომსახურებით.
სასამართლოსთან შედარებით არბიტრაჟი უფრო სწრაფია. შეუძლიათ, აირჩიონ არბიტრი, მართალია ზოგჯერ არბიტრაჟი უფრო ძვირია, ვიდრე სასამართლოში საქმის წარმოება, მაგრამ სისწრაფით ფასის კომპენსირება ხდება.
თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი პრობლემა წარმოიშვება, რადგან საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა ცნოს. (თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ).
სამწუხაროდ როდესაც სასამართლოში განაცხადი შედის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დავები ძალიან ჭიანურდება. შეიძლება არა ისე, როგორც სასამართლო დავები, მას ზოგჯერ სამი ინსტანციის გავლა სჭირდება, საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებას კი მხოლოდ სააპელაციოს გადაწყვეტილება მიღება სჭირდება.
არსებობს კვლევები და არსებობს სტატისტიკა, რომ შეიძლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოვიდეს ერთ ან ორ თვეში, რაც ასევე არის მნიშვნელოვანი პრობლემა.
– იურიდიული კუთხით გასაგებია მიზეზები, რატომაც იწელება დროში ეს პროცესი, მაგრამ მისაღები არაა. პრობლემა გვესმის, მაგრამ მეორე საკითხია, რა ზიანს აყენებს ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ინვესტიციები მეტი გვინდა, გვინდა, რომ უკეთესი საინვესტიციო გარემო შევთავაზოთ უცხოელებს, მაგრამ უცხოური კომპანიები როგორც წესი, ქართულ სასამართლოს არ ენდობიან და უცხოეთში მიდიან.
თავიდანვე დებენ ხელშეკრულებაში, რომ დავის შემთხვევაში ის ლონდონის, სტოკჰოლმის თუ სხვა არბიტრაჟში განიხილება. მეორე საკითხია, რა გარემოს ვახვედრებთ მათ ჩვენ და რა ზიანს იღებს ქვეყნის ეკონომიკა.
– დავების სწრაფად გადაწყვეტას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი არამხოლოდ მოდავე მხარეებისთვის, არამედ ზოგადად ეკონომიკისთვის.
წარმოიდგინეთ, როდესაც ორი კომპანია კონკრეტულ საკითხზე დაობს, შეიძლება მათი დავა არის იმდენად სპეციფიკური და პრეცედენტული მნიშვნელობის მქონე, რომ სხვა კომპანიები ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, რომ შესაბამისად იმოქმედონ.
როდესაც ამ დავის გადაწყვეტა დროში ფერხდება და ჭიანურდება, შესაბამისად ამით ზიანი ადგება არამხოლოდ მოდავე მხარეებს, არამედ სხვა კომპანიებსაც, ვისაც შეიძლება, მსგავსი პრობლემა ჰქონდეთ.
ამის შესახებ იციან უცხოურმა კომპანიებმა და ამიტომ ქართულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს ძალიან ხშირად უცხოური კომპანიები ითხოვენ, რომ დავის განხილვა მოხდეს ან უცხოურ სასამართლოში, ან უცხოურ არბიტრაჟში.
მართალია, ამას აქვს თავისი მიზეზები, უცხოურ ინვესტორს ყოველთვის ურჩევნია, რომ დავის განხილვა მოხდეს ნეიტრალურ ფორუმში, მესამე ქვეყანაში, მაგრამ ამით ქართულ კომპანიებს ეზღუდებათ წვდომა დავის განხილვის ფორუმთან, რადგან მათ უნდა აიყვანონ უცხოელი ადვოკატები, მათი მომსახურება კი გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოში.
მათ მნიშვნელოვანი დრო უნდა დახარჯონ დავისთვის და საბუთების მოსამზადებლად.
დავის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ ახალ პრობლემებს წარმოშობს.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ უცხოურ კომპანიას ჰქონდეს მეტი რესურსი, მეტი გამოცდილება და მეტი ცოდნა, რომ შეიტანოს სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ, მაგრამ ქართულ კომპანიას გაუჭირდეს თავის დაცვა.
– ფინანსურ პრობლემებთან ერთად, რა თქმა უნდა, რეპუტაციული პრობლემაც არის. არ ენდობიან უცხოური კომპანიები ქართულ სასამართლოს და ურჩევნიათ, რომ საქმე საზღვარგარეთ წაიღონ.
საბოლოო ჯამში, რამ შეიძლება, გამოასწოროს სიტუაცია. ფერიას ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოს. კომპლექსური მიდგომა არის თუ არა ამ შემთხვევაში საჭირო?
– გამოსავალი ნამდვილად უნდა იყოს კომპლექსური. შეუძლებელია, ერთი კონკრეტული მეთოდის დასახელება.
რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ბიზნეს დავები უფრო სწრაფად გადაწყდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური სასამართლო პრაქტიკის არსებობა. თუ კომპანიებს წინასწარ ეცოდინებათ, თუ რა სახის გადაწყვეტილება შეიძლება გამოიტანოს სასამართლომ, ამ შემთხვევაში ისინი მოერიდებიან სასამართლოში საქმის აღებას.
მართალია თითოეული დავა ინდივიდუალური და განსხვავებულია, მაგრამ როდესაც სასამართლო პრაქტიკა სტაბილურია, კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ სასამართლო პრაქტიკა წაიკითხონ და წინასწარ ნახონ, თუ რა შანსები აქვთ, რომ ხმები სასამართლოში არ დაკარგონ.
მნიშვნელოვანია არბიტრაჟის მეტი პოპულარიზაცია და არბიტრაჟის სფეროს განვითარება.
მნიშვნელოვანია მედიაციის სფერო.
საქართველოში არსებობს მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაცია, არსებობენ კვალიფიციური მედიატორები, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 80 %-ს არ სმენია მედიაციის შესახებ, მაშინ როცა მედიაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური მექანიზმი დავის გადაწყვეტის.
ქართულ კომპანიებს ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ მათ მოლაპარაკებით ვერ გადაწყვიტეს დავა, ამ შემთხვევაში მესამე პირის ჩართვა არაა აუცილებელი. მაგრამ გამოცდილი, პროფესიონალი მედიატორი, მხარეებს ხშირად ეხმარება, რომ მათ გამოსავალი თავად მოძებნონ და გადაწყვიტონ კონკრეტული პრობლემა და შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობა.
ამიტომ მედიაციის სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ზოგადად დავების განხილვის გაჭიანურება არის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.
კომპანიათა უმრავლესობას სჭირდებათ კრედიტი. ძალიან ხშირად საკრედიტო ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომ თუ კომპანიას აქვს სასამართლო დავა კონკრეტული თხის ზემოთ, ან ეს დავა მის უძრავ ქონებას უკავშირდება და ა.შ. ამ შემთხვევაში ბანკები იტოვებენ უფლებას, რომ საერთოდ შეწყვიტონ საკრედიტო ხელშეკრულება და მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება.
როდესაც კომპანიას წარმოეშვება ასეთი პრობლემა და მას წლობით უწევს გაურკვევლობაში ყოფნა, ამას ემატება, ისიც, რომ საკრედიტო ხელშეკრულება ხშირად საკმაოდ მკაცრ პირობებს ითვალისწინებს და ეს კომპანიებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ეს პრობლემა არსებობს და ამაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა პრობლემად რჩება.
– პრობლემას ბევრი ხედავს და ალბათ საჭიროა ნება, რომ გამოსწორდეს, რადგან შეიძლება, შემდეგ უკვე შეუქცევადი პრობლემები მივიღოთ.