LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაეცა ბაშარი: ოფთალმოლოგობიდან დიქტატურამდე – ასადების ნახევარი საუკუნე დასრულდა

113
241209-syria-mb-1125-99e79c

ბაშარ ასადი ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა მამის, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც სირიას 30 წლის განმავლობაში მართავდა. მამა-ასადს სურდა ძალაუფლება უფროსი ვაჟისთვის გადაეცა, მაგრამ ის გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბაშარი ლონდონიდან სირიაში დააბრუნეს და პრეზიდენტად დანიშნეს.

ბოლო დღეების ქრონიკა

ისლამისტური მეამბოხე ძალები, დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham-ის მეთაურობით, 8 დეკემბერს სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ. ქვეყნის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დამასკო დატოვა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6 საათზე აჯანყებულები შევიდნენ დამასკოში, აიღეს ქალაქთან ახლოს მდებარე საიედნაიას ციხე და გაათავისუფლეს პატიმრები. აჯანყებულებმა ამ ყველაფერს უსამართლობის ეპოქის დასასრული უწოდეს.

8 დეკემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა დამასკო გაურკვეველი მიმართულებით დატოვა.
Reuters, სირიულ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ასადის თვითმფრინავი ქვეყნის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მკვეთრი შემობრუნება მოახდინა და რადარებიდან გაუჩინარდა.

შეიარაღებულმა ჯგუფებმა ნოემბრის ბოლოს წამოიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა სირიის პრეზიდენტის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. რამდენიმე დღეში მათ მოახერხეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ალეპოში შესვლა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის კონტროლი. არსად სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

2011 წელს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები სასტიკად ჩაახშეს და გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რომელშიც დაიღუპა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და აიძულა სირიის ომამდელ 23-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარს დაეტოვებინა საკუთარი სახლები.
კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო წლების განმავლობაში. ბოლო ორი კვირის მოვლენებმა კი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაშლა გამოიწვია.

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი: იწყება აჯანყებულთა შეტევა;
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი: შეტევა ფართოვდება;
პარასკევი, 29 ნოემბერი: აჯანყებულები შედიან ალეპოში;
შაბათი, 30 ნოემბერი: ალეპო მეამბოხეების კონტროლქვეშ მოექცა;
ხუთშაბათი, 5 დეკემბერი: აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი ჰამა;
პარასკევი, 6 დეკემბერი: აჯანყებულები მიდიან ჰომსისკენ;
შაბათი, 7 დეკემბერი: ჰომსი დანებდა, ასადის ძალა სუსტდება;
კვირა, 8 დეკემბერი: ასადის რეჟიმის დაშლა!..

რუსეთმა დაცვის ინტერესი დაკარგა და ჰუმანიტარულად შეიფარა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის დაცემა გამოწვეული იყო მოსკოვის მხარდაჭერის დაკარგვით.
„ასადი გაიქცა. მისმა მფარველმა, ვლადიმირ პუტინის რუსეთმა დაკარგა მისი დაცვის გაგრძელების ინტერესი“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასი მიესალმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემას:
„ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და მისასალმებელი ცვლილებაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მომხრეების – რუსეთისა და ირანის სისუსტეს”, – წერს კალასი სოციალურ ქსელ X-ში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასადმა გადაწყვიტა გადამდგარიყო და დაეტოვებინა ქვეყანა შეიარაღებულ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობდა.

კვირას გვიან, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთმა მას თავშესაფარი „ჰუმანიტარული ნიშნით“ მისცა.

ბუკა პეტრიაშვილი
პოლიტიკური მიმომხილველი:

„ასადი გაიქცა ოჯახთან ერთად მოსკოვში. კონტრაბანდული გზით ხელს გააყოლა 135-დან 175 მილიარდამდე დოლარი. ეს იქნება გარანტია და შესაწირავი, რომ რუსეთში მშვიდად იცხოვროს იმ სახლებში, რომელიც წინასწარ შეიძინა. 40 მილიონად არის შეფასებული მისი 19 ბინა.

ახლა სირიაში ვითარების გაკონტროლების დროა, წესრიგის ხელში აღების დრო. განმათავისუფლებელი შეიარაღებული ძალები პირველი რასაც აკეთებენ, პოულობენ, იჭერენ და სიკვდილით სჯიან ასადის მომხრეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უმძიმეს ტერორში. როგორც ამბობენ, 300 ათასამდე სირიელია მოკლული. ციხეებში წამების მთელი ქსელი შექმნა, 15 ათასი ადამიანი უშუალოდ წამების მსხვერპლია.
ათასობით ბავშვის ასავალ-დასავალი უცნობია, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ბედ-იღბალი. მაღალი ალბათობით, ისინი დაღუპულები არიან.

ძირითადი დაჯგუფების „ალ შამის“ ლიდერის ალ-ჯულანის ხელმძღვანელობით პირველი ამოცანაა სისტემის ჩამოშლა, მორღვევა და ციხეების ქსელის დახურვა. ბევრი გამოწვევა აქვს. აკონტროლოს სიტუაცია ადგილზე და შეძლოს გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარება. რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების თავმოყრა, კონსოლიდირება და არჩევნების ჩატარება, რათა სირია დემოკრატის გზას დაადგეს. არ არის ეს მარტივი. ალ-ჯულანის წარსული ასოცირდებოდა „ალ ქაიდასთან“. მან განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში სხვანაირია ადამიანი, 50 წლის ასაკში იცვლება შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ამ გზითაც ცდილობს წარმოაჩინოს თავი არა როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერმა, არამედ ქვეყნის ლიდერმა, რომელიც წარუძღვება ქვეყანას და შეძლებს მის აღდგენას“.

ალ-ჯულანი

სისხლიანი დიქტატორის დაცემა: 5 ფაქტი ასადის რეჟიმზე

„რეჟიმის მამა“, რომელმაც ავტორიტარული სირია შექმნა

ჰაფეზ ალ-ასადი, ბაშარის მამა, სირიის მმართველი იყო 1971 წლიდან 2000 წლამდე. ის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა და მმართველობის ავტორიტარული სისტემა დაამყარა. ჰაფეზმა შექმნა კონტროლის ძლიერი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო პიროვნების კულტზე, რამაც საშუალება მისცა მას სამი ათწლეულის განმავლობაში დარჩენილიყო ხელისუფლებაში. 8 დეკემბერს სირიაში ჰაფეზ ასადის ქანდაკება ჩამოაგდეს.

„დამასკოს გაზაფხული“

ჰაფეზ ალ-ასადიდან მის ვაჟზე ძალაუფლების გადაცემამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც სირიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თავიდან ბევრს სჯეროდა, რომ დასავლეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდა ლიდერს შეეძლო ქვეყნის რეფორმირება.

ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პირველმა წლებმა გარკვეული შვება მოიტანა: სირიელებს მიეცათ მეტი სიტყვის თავისუფლება, გამოჩნდა სადისკუსიო ფორუმები და დამოუკიდებელი გაზეთები და გაათავისუფლეს ასობით პოლიტიკური პატიმარი. ამ პერიოდს „დამასკოს გაზაფხული“ ეწოდა. ასადი დაჰპირდა კორუფციასთან ბრძოლას და ეკონომიკის განახლებას, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა სირიაში დასავლეთისგან განსხვავებული რეფორმების საკუთარ გზას.

თუმცა, მთავრობა შემდგომში დაუბრუნდა მკაცრ ავტორიტარულ პოლიტიკას, დათრგუნა რეფორმების განწყობები მუქარითა და აქტივისტების დაპატიმრებით. ასადის ეკონომიკურმა რეფორმებმა გაზარდა უთანასწორობა ელიტის ხელში რესურსების კონცენტრაციით. მისმა სისასტიკემ, რეპრესიებმა და დიქტატურამ ქვეყნიდან თითქმის 7 მილიონი ადამიანის გაქცევა გამოიწვია, ხოლო 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთისა და ირანის როლი

ბაშარ ასადმა სირიის სამოქალაქო ომის დროს შეინარჩუნა ძალაუფლება რუსეთისა და ირანის აქტიური მხარდაჭერის წყალობით. ეს ორი ქვეყანა გახდა სირიის რეჟიმის მთავარი მოკავშირე, რომლებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდნენ.

ირანმა ბაშარ ასადის მთავრობის მხარდაჭერა კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე დაიწყო. ირანელი სამხედრო მრჩევლები, იარაღი და დაფინანსება დაეხმარა რეჟიმს ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანის ელიტარული სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წვლილი. გარდა ამისა, ირანმა სირიაში გაგზავნა შეიარაღებული შიიტური ფორმირებები, კერძოდ „ჰეზბოლა“ ლიბანიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ სირიის არმიის მხარეს. ირანის გავლენა სირიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც თეირანს საშუალება მისცა რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია გაეძლიერებინა.

რუსეთის ვრცელი სამხედრო კამპანია სირიაში, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, გადამწყვეტი მომენტი გახდა. ასადის მთავრობა დამარცხების პირას იყო, დაკარგა კონტროლი სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქალაქებზე. რუსეთმა, რომელსაც სტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში, დაიწყო ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები სირიის ოპოზიციისა და ისლამისტური დაჯგუფებების პოზიციებზე. ამან სირიის სამთავრობო ძალებს კონტრშეტევის საშუალება მისცა.

რუსულმა ავიაციამ გაანადგურა როგორც ოპოზიციის ძალები, ასევე სამოქალაქო ობიექტები. გარდა ამისა, მოსკოვმა გააფართოვა თავისი ყოფნა სირიაში, გააძლიერა ბაზები ტარტუსსა და ლატაკიაში. ეს ყველაფერი დაეხმარა ასადს, აღედგინა კონტროლი დიდ ქალაქებზე, კერძოდ ალეპოზე, რომელიც 2016 წელს სირიის ხელისუფლების სიმბოლურ გამარჯვებად იქცა.

სირიის იზოლაცია

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის შეერთებული შტატები, ასადის რეჟიმს ბრალს სდებენ ომის დანაშაულებში, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მასობრივ რეპრესიებსა და მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვაში. საფრანგეთმა ერთი წლის წინ ბაშარ ასადის და მისი ძმის მაჰერ ალ-ასადის დაპატიმრების ორდერიც კი გასცა.

სირიის მთავრობის ქმედებების საპასუხოდ, დაწესდა მრავალი სანქცია და თავად სირიამ დაკარგა არაბული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობის მხარდაჭერა, კერძოდ, 2011 წელს გააძევეს არაბული ლიგიდან.

სირიის წინააღმდეგ ასევე დაწესდა ეკონომიკური სანქციები.

ასადის 24-წლიანი რეჟიმის დაცემა

2024 წლის ნოემბრის ბოლოს, სირიის წინააღმდეგობის მოძრაობამ დაიწყო ძირითადი შეტევა ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაციები 27 ნოემბერს დაიწყო ალეპოს პროვინციის დასავლეთ ნაწილში, სადაც მეამბოხეები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარების სტრატეგიულ პოზიციებს.

29 ნოემბერი გარდამტეხი იყო, როდესაც მეამბოხე ძალები ალეპოში შევიდნენ, რომელიც 2016 წლიდან მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო. ეს გახდა რეჟიმის დასუსტების სიმბოლო – ქალაქი იყო ქვეყნის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი.

მომდევნო დღეებში წინააღმდეგობის შეტევამ უპრეცედენტო მასშტაბები შეიძინა. 5 დეკემბერს სირიელი მეამბოხეები შევიდნენ ქალაქ ჰამაში, სამთავრობო ძალების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დასაყრდენში და ჩამოაგდეს ასადის არმია, დაამყარეს კონტროლი რეგიონზე.

კულმინაცია 8 დეკემბერს სირიის დედაქალაქ დამასკოს აღება იყო. აჯანყებულებმა გამოაცხადეს ასადის ოჯახის მმართველობის დასრულება.

8 დეკემბერს სირიელმა მეამბოხეებმა ტელევიზიით მიმართეს მოქალაქეებს და გამოაცხადეს “სირიისთვის ბნელი ეპოქის” დასრულება.

რატომ ჩამოიშალა ასე მალე: მიზეზები

აჯანყებულების შეტევა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, არანაკლები სიურპრიზი სამთავრობო ძალების მკვეთრი დაცემა.

რამდენად ძლიერი იყო სირიის არმია?

2024 წლის დასაწყისისთვის სირიის არაბული არმიის (სამთავრობო შეიარაღებული ძალები) რაოდენობა ექსპერტებმა 130 ათას წევრად შეაფასეს. მის განკარგულებაში იყო ათასობით ჯავშანტექნიკა, საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, ასევე ავიაცია. 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომამდე სირიის არმია მიიჩნეოდა ერთ-ერთ უძლიერესად არაბულ ქვეყნებში.
შემდეგ ჯარი საგრძნობლად დასუსტდა. SAA-მ დაკარგა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი: ბევრი ბრძოლებში დაიღუპა, სხვებმა დატოვეს ან გადავიდნენ ოპოზიციურ ჯგუფებში (პირველ რიგში, სირიის ეროვნული არმიის მხარეზე). სამხედრო-საჰაერო ძალებმა ასევე განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები სამოქალაქო ომისა და აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად.

დაბალი ხელფასები

სირიაში ბოლო წლების ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო სასურველ დონეზე. სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანა განადგურდა. ის ტერიტორიები, რომლებიც ასადის მთავრობის კონტროლს ექვემდებარებოდა, უარეს დღეში აღმოჩნდა. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც აწესებდა ეკონომიკურ სანქციებს ნებისმიერი სამთავრობო უწყების ან პირის მიმართ, რომელიც სირიის მთავრობასთან იყო დაკავშირებული.
ამერიკული სანქციებმა გამოიწვია სირიელი ხალხის და, კერძოდ, არმიის გაღატაკება. იყო ინფორმაციები, რომ ჯარისკაცები ხელფასს ვერ იღებდნენ.

მასობრივი დეზერტირობა, ცხოვრების დონის ზოგადი გაუარესება, ფართოდ გავრცელებულ კორუფცია და სამხედრო პერსონალისთვის საკვების მიწოდების შეფერხებები. ამ ყველაფერმა შეარყია არმიის ერთგულება ასადის მიმართ.

დამოკიდებულება მოკავშირეებზე

2020 წლის ზავის შემდეგ, ასადი დამშვიდდა (რომლის დროსაც ბოევიკებმა იდლიბის ზონაში ევაკუაცია მოახდინეს). ქვეყანაში არ მომხდარა პოლიტიკური რეფორმები, ეკონომიკური გაუმჯობესება. ჯარი არ გაძლიერდა, არ მოემზადა. მას სჯეროდა, რომ რადგან რუსეთმა და ირანმა გადაარჩინეს, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ზედმეტი დაძაბვა აღარ იყო საჭირო.
სამხედრო დახმარების უზარმაზარი მოცულობები, რომელიც სირიის ხელისუფლებამ მიიღო უცხოელი მოკავშირეებისგან, ასადს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებდა. მან უგულებელყო საკუთარი არმიის მნიშვნელობა, ამიტომ სამხედრო მომზადების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მოკავშირეებს კი ბოლო წლებში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ. ირანი უფრო მეტად ეყრდნობოდა „ჰეზბოლას“. თეირანმა დაკარგა ბევრი ოფიცერი და სამხედრო მრჩეველი ისრაელის თავდასხმების შედეგად და ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა ირანისგან შეუძლებელი გახდა სახმელეთო და საჰაერო მოძრაობაზე აშშ-ისა და ისრაელის მუდმივი კონტროლის გამო. ამიტომ, მთავარი იმედი ლიბანიდან და ერაყიდან პროირანული მილიციის რაზმებზე იყო დამყარებული.

2022 წლიდან რუსეთი ფოკუსირებულია უკრაინასთან ომზე და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბაზებიდან თავისი ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყვანა.

ირანის, „ჰეზბოლას“ და რუსეთის სამხედრო, ინსტიტუციური და მენეჯერული მხარდაჭერის დასრულება ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი იყო, რამაც გამოიწვია სირიის ქალაქების ასეთი სწრაფი დაცემა.

მეამბოხე ძალები

სირიის არმიის დაშლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მეამბოხეების ორგანიზაციაა. ისლამისტებმა „ჰაიათ თაჰრირ ალ შამიდან“ და სირიის ეროვნული არმიის პროთურქულმა ფორმირებებმა შეძლეს გაერთიანება და საერთო სამეთაურო ცენტრის შექმნა.

გარდა ამისა, აჯანყებულთა რიტორიკამ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: „ალ შამის“ ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი მუდმივად ამშვიდებდა სამოქალაქო მოსახლეობას და ყველას არწმუნებდა რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის სურვილში.

ბუკა პეტრიაშვილი:

„ვინ რა სარგებელს მიიღებს, ჯერ ადრეა საუბარი. ბევრი ექსპერტი ასკვნის, რომ თურქეთი ისარგებლებს. ისრაელი არ შეჩერდა და თავდაცვის ძალებმა განახორციელეს უმძიმესი და მასშტაბური საჰაერო დარტყმები სირიის შეიარაღებული ძალების ბაზებზე, სადაც აღარ იყო სამხედრო კონტინგენტი დარჩენილი. გოლანის მაღლობები ისრაელის იქნება.

სერიოზული მარცხი იწვნია პუტინმა, რომელსაც მოუწია ხმელთაშუა ზღვიდან გემების გაყვანა. თურქეთთან აქტიური კომუნიკაციით რისი და ვისი გაყვანაც მოასწრეს გაიყვანეს, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ „ვაგნერის“ და სხვა კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები ჯერ კიდევ გაჭედილები არიან სირიის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ მათი ბედით აღარ დაკავდეს პუტინის რეჟიმი და ისინი გახდნენ მსხვერპლი.
რუსეთმა მნიშვნელოვანი პოზიცია დაკარგა შუა აღმოსავლეთში. ვნახოთ, ამ დანაკარგის სხვაგან კომპენსირებას თუ შეძლებს, მაგრამ ყველა საუბრობს, რომ რუსეთი დასუსტებულია, ირანიც. შევხედოთ თუ გაგრძელდა ეს ჯაჭვური რეაქცია. მოსკოვში უკვე თავს იყრიან გაქცეული ავტოკრატები, იანუკოვიჩი, ასადი და ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

საინტერესოა, რომ უკრაინის დაზვერვის სპეცდანიშნულების ჯგუფი საქმიანობდა და ეხმარებოდა ამბოხებულებს. ცხადია, თურქეთი იყო ამ ყველაფრის უკან. ის ჩაერთვება რეაბილიტაციის საქმეში და აიღებს კონტროლს, სადაც თვისობრივად სუსტდება ირანის პოზიციები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა აშშ, რომელიც მცირე, მაგრამ ყურადსაღებ კონტინგენტს ინარჩუნებს სირიაში, აქტიურად თანამშრომლობაშია ქურთთა დაჯგუფებასთან. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს სირიის შიდა საქმეებში ჩარევა და ჩართვა, თუმცა ანალიტიკოსების სტატიები იწერება სირიის რეკონსტრუქციის საკითხში შესაძლო თანამონაწილეობაზე.

ევროპას კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რამდენად ხისტად უნდა იმოქმედოს. ცალკეულმა ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას წყვეტენ. თურქეთიდანაც დაიძრა დიდი ნაკადი სირიისკენ, ბრუნდება ხალხი სამშობლოში. ევროპის ქვეყნებიდანაც ალბათ ეტაპობრივად, მაგრამ დინამიურად მოუწევთ დაბრუნება“.

ბაშარ ალ-ასადი: როგორ გახდა ლონდონელი ოფთალმოლოგი სირიის მმართველი

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ცხოვრებაში მრავალი გარდამტეხი მომენტი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ავტოკატასტროფა, რომელსაც მისი ძმა ბასილი ემსხვერპლა. ამ დროს ბაშარი ლონდონში ოფთალმოლოგიას სწავლობდა.
ბასილის გარდაცვალების შემდეგ უმცროსმა ძმამ დაიწყო მზადება სირიის სამართავად.

მამის მემკვიდრეობა

ბაშარ ალ-ასადი დაიბადა 1965 წელს ჰაფეზ ალ-ასადისა და ანისა მახლუფის ოჯახში. მისი დაბადება დაემთხვა დრამატულ მოვლენებს სირიაში, ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ. იმ დროს არაბული ნაციონალიზმი დომინირებდა რეგიონის მრავალი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც სირია იყო გამონაკლისი.

ბაშარ ალ-ასადი იყო ჰაფეზ ალ-ასადის მეორე ვაჟი. საერთო ჯამში, ოჯახმა გააჩინა ხუთი შვილი: ქალიშვილი ბუშრა (დაიბადა 1960 წელს), ვაჟები ბასილი (1962–1994), ბაშარი (1965), მაჯიდი (1966–2009) და მაჰერი (1967).

ეგვიპტესა და სირიას შორის მოკლევადიანი კავშირის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (1958–1961), ბაასის არაბულმა სოციალისტური აღორძინების პარტიამ, პანარაბული ნაციონალიზმის იდეების მიყოლებით, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იმდროინდელი არაბული ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, სირია არ იყო დემოკრატიული ქვეყანა და არ ატარებდა მრავალპარტიულ არჩევნებს.

ალავიტების საზოგადოება, რომელსაც ასადის ოჯახი მიეკუთვნება, სირიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი იყო და ბევრი ალავიტი სირიის არმიას სოციალურ მდგომარეობის ასამაღლებლად იყენებდა. ჰაფეზ ალ-ასადი გამოირჩეოდა როგორც არმიის ოფიცერი და პარტიის ერთგული მხარდამჭერი, 1966 წელს კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

ჰაფეზ ასადმა განაგრძო თავისი გავლენის განმტკიცება, ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრირება მის ხელში იყო და 1971 წელს პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობას სიკვდილამდე იკავებდა (2000 წ).

ის მართავდა მუშტით, თრგუნავდა ოპოზიციას და განსხვავებულ აზრს. თუმცა, უფროსი ასადი საკმაოდ პრაგმატული იყო საგარეო პოლიტიკაში: აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ ასევე შეუერთდა აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციას 1991 წელს.

ახალგაზრდა ასადი ოჯახთან ერთად 1974 წელს
1985 წელი: პრეზიდენტი ჰაფეზ ალ-ასადი, მისი მეუღლე ანისა და მარცხნიდან მაჰერი, ბაშარი, ბასილი, ბუშრა და მაჯიდი

მედიცინის სტუდენტი ლონდონში

ბაშარ ალ-ასადმა თავიდან პოლიტიკისა და სამხედრო საქმეებისგან თავი შორს დაიჭირა და მან კარიერის გაკეთება მედიცინაში გადაწყვიტა.

ასადი სწავლობდა ელიტარულ არაბულ-ფრანგულ ლიცეუმში ალ-ჰურიაში. შემდეგ ჩაირიცხა დამასკოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ოფთალმოლოგის სპეციალობაზე. 1988 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხი წელი მუშაობდა ტიშრინის სამხედრო ჰოსპიტალში.

1992 წელს გაემგზავრა ლონდონში, სადაც სწავლობდა სენტ მერის ჰოსპიტალში, Western Eye Hospital ოფთალმოლოგიურ ცენტრში. ინგლისში ცხოვრებისას იყენებდა ფსევდონიმს.

BBC-ის 2018 წლის დოკუმენტური ფილმის Dangerous Dynasty: The Assads-ის მიხედვით, ბაშარი კომფორტულად ცხოვრობდა ლონდონში, ესწრებოდა მისი საყვარელი მუსიკოსის ფილ კოლინზის კონცერტებს და ზოგადად ტკბებოდა ბრიტანული კულტურით.

ბაშარმა სწორედ ლონდონში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ასმა ალ-ახრასი. ასმა კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობდა ლონდონის კინგს კოლეჯში და მოგვიანებით ჰარვარდის MBA პროგრამაში მიიღეს.

წყვილი ქორწილის დღეს

პირადი

2000 წლის დეკემბრიდან ბაშარი დაქორწინებულია ასმა ფავაზ ალ-ახრასზე (ქორწინების შემდეგ ასმა ასადი). ის სირიელი სუნიტების გამოჩენილ ოჯახს მიეკუთვნება და ლონდონში დაიბადა. ასადმა იგი 1990-იანი წლების პირველ ნახევარში გაიცნო, როცა სტაჟირებას ინგლისში გადიოდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟები ჰაფეზი (2001) და კარიმი (2004) და ქალიშვილი ზეინი (2003).

უფროსი ვაჟი ჰაფეზი სასწავლებლად რუსეთში 2016 წელს ჩავიდა. 2023 წელს მან წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში. 2024 წლის ბოლოს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რიცხვების ანალიტიკურ და ალგებრულ თეორიაზე (ნაშრომი დაწერილი იყო რუსულ ენაზე).

ბაშარ ალ-ასადი საუბრობს ინგლისურად და ფრანგულად.

ოცნებები და ცვლილებები

2000 წელს ბაშარ ალ-ასადმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და მაშინვე სცადა ახალი პოლიტიკური, დემოკრატიული ტონის დამკვიდრება.

თავდაპირველად, ბაშარის რიტორიკამ პოლიტიკური რეფორმებისა და მედიის თავისუფლების შესახებ ბევრ სირიელს იმედი გაუჩინა. მისი ხელმძღვანელობის სტილი, ასმას დასავლურ განათლებასთან ერთად, თითქოს ცვლილებების ახალ ეპოქას აუწყებდა.

შეცდნენ!..

ფოტო: nbcnews
aljazeera
washingtonpost
aljazeera
sky
euronews
unhcr
telegraph

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g