LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დამარხა მიწაში ერთმა სოფელმა მთელი მოსავალი

345
cac5da

“წინასწარ წაგებულ ომში გამარჯვების იმედი მხოლოდ გულუბრყვილოებს აქვთ და ასეთები ვიყავით ჩვენც. ვხედავდით რამხელა ძალა გვებრძოდა აფხაზების მხარდასაჭერად და მაინც რაღაცის იმედი გვქონდა. ალბათ გულის სიღრმეში გვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მეზობელი, ნათესავი და მეგობარი, გაგვიმეტებდა. გაგვიმეტეს და უფრო მეტიც, საერთო რომ არ გვქონოდა, ისტორიაც გადაწერეს“, – ამბობს გალის ერთ-ერთი რაიონის მკვიდრი მ.ბ. და გვიყვება რატომ დამარხა მთელმა სოფელმა 1993 წლის მთელი მოსავალი.

“სოფლიდან მხოლოდ ახალგაზრდები, ბავშვები და ქალები გავუშვით. ნახევარი სოფელი დაიცალა. ენგურზე მშვიდობით გადავიდნენო გვითხრა გამცილებელმა აფხაზმა მეზობელმა. ვინც სოფელში დავრჩით მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ ჩვენთან ერთად ჩვენი მეზობლების მოსავალიც აგვეღო და დაგვებინავებინა. იმ იმედით, რომ დაბრუნებულზე საჭმელი დახვედროდათ და მშივრები არ ყოფილიყვნენ. სოფელში მაშინ ბევრნი დავრჩით, მაგრამ ტყეში ვიმალებოდით. აფხაზები ტანკებით შემოდიოდნენ, აოხრებდნენ ქართველების სახლებს, მიყავდათ საქონელი, ანადგურებდნენ ქართულ ქონებას. ის ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა ადგილზე კლავდნენ. საკუთარ სახლში წვავდნენ. სიკვდილამდე საკუთარ საფლავებს ათხრევინებდენენ. ეს ისტორიები ხომ ყველამ ისედაც კარგად იცის. როგორც კი ტანკის ხმას გავიგებდით ვიმალებოდით. ასეთ გაჭირვებაში და შიშში მთელმა სოფელმა იმ წლის მოსავალი ავიღეთ და დავაბინავეთ. ველოდებოდით ჩვენს ქართველ მეზობლებს. დაბრუნდებიან და ნაშრომ-ნაამაგარი დახვდებათო, მაგრამ აფხაზებმა გაუხშირეს შემოსვლებს. იცოდნენ, მდიდარ რეგიონში საჭმელი არ დაილეოდა და ყველაფერი მიჰქონდათ. მოვითათბირეთ მეზობლებმა და გადავწყვიტეთ მოსავალი საგულდაგულოდ შეგვენახა. მხოლოდ ერთი გამოსავალი ვიპოვეთ – ტყეში, მიწაში უნდა დაგვემარხა. მოვზიდეთ შუშის და პლასტმასის ბოცები. ვის რისი შოვნაც შეეძლო. მთელი ღამეები ვხუფავდით და ვმარხავდით. დღისით ისევ ვიმალებოდით. ასე დავმარხეთ რამდენიმე ტონა სიმინდი, ლობიო, თხილი, ბოსტნეული და ხილიც კი. ქალებმა ტყემალი და პომიდორიც მოადუღეს. გააკეთეს აჯიკა და ყველა ოჯახს იმდენი მარაგი შევუნახეთ, დაბრუნებულზე ზამთრის გადასატანად ეყოფოდათ. რაც დრო გადიოდა გაუსაძლისი ხდებოდა სოფელში დარჩენა. ქართველი პარტიზანი ბიჭები გვაფრთხილებდნენ აფხაზების შემოსვლამდე და ჩვენს ტყეში გავრბოდით. ბიჭები გვიცავდნენ. კიდევ ამ ბიჭების შიშით არ შემოდიოდნენ ჩვენს სოფელში ისე ხშირად, როგორც სხვაგან, მაგრამ რამდენიმე თვეში აფხაზეთი ყველამ ერთად დავტოვეთ და ჩვენს ენგურს გამოღმა გადმოვედით. ჩვენი “დამარხული” მოსავალი კი ისევ იქ არის ალბათ. ვინ ნახავდა, ვინ წაიღებდა. ჩვენი სოფელი უღრან ტყეს დაემსგავსაო, ამბობენ. სანადიროდ თუ ივლიანო. ასე გველოდება 27 წელია ჩვენი მოსავალი.”

გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი მ.ბ. დღეს 78 წლისაა. პატარა შვილიშვილებს აფხაზეთის და იმ აფხაზი ნათესავების სიყვარულს ასწავლის, ვინც დაბრუნების შემდეგ იქ დახვდებინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები