უკვე რამდენიმე ათეული წელია ბილ გეითსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის წამყვან პოზიციებზე იმყოფება. სტატისტიკის თანახმად, ყოველ წუთს მისი შემოსავალი 6 659 დოლარია, საერთო მდგომარეობა კი 80 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
ასეთი ფინანსური კაპიტალის წყალობით გეითსს თავისუფლად შეუძლია არამარტო თავისი შვილების, არამედ შვილიშვილების, შვილთაშვილებისა და კიდევ უამრავი თაობის უზრუნველყოფა, თუმცა მილიარდერმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:
თითქმის მთლიანი ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება! შვილების შესახებ კი მან განაცხადა: „ისინი ვერ მიიღებენ მილიარდებს. ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მუშაობა სჭირდებათ და მათმა პროფესიამ საზოგადოებას სარგებელი უნდა მოუტანოს“.
შედეგად გეითსის თითქმის მთელი ქონება ფონდში გადაირიცხება, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრასა და მედიცინის განვითარებას ემსახურება.
ბილ გეითსმა ახსნა, რომ თავის გადაწყვეტილებას უორენ ბაფეტს უმადლის, რომელიც ანალოგიურად მოიქცა. „მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უზარმაზარი ფულის სანაცვლოდ ჩვენმა შვილებმა კარგი განათლება უნდა მიიღონ. მათ თავად უნდა იპოვონ საკუთარი თავი და მშობლების მილიარდების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“ – განაცხადა მილიარდერმა.
გეითსის ცნობით, სამივე შვილმა – 20 წლის ჯენიფერმა, 17 წლის რორიმ და 14 წლის ფიბიმ მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

