LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ფიქრობენ ეკონომისტები, რომ მომავალ ექვს თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება და რა უნდა გაკეთდეს, რომ ნეგატიური მოლოდინები შეიცვალოს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

15
შემცირება ეკონომიკური ზრდის

ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საფრთხეებად  ინფლაციას, ცხოვრების ხარჯების ზრდას და შრომით ემიგრაციას ასახელებენ. ამის შესახებ „პიემსი კვლევითი ცენტრის“ მიერ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის განახლებულ მიმოხილვაში წერია.

კვლევა ნოემბერში მომზადდა და მასში 60-მდე ქართველი ეკონომისტი იყო ჩართული. გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებულ ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასეს:

გამოკითხულთა 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკას დამატებით მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად უკრაინაში რუსეთის აგრესია (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%) დაასახელა.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ანასტასია ჩხენკელი – PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი საუბრობს.

ანასტასია, მიმოხილვა რა მეთოდოლოგიით ტარდება და როგორ მივიღეთ ეს შედეგები?

– საქართველოს ეკონომიკური  კლიმატის ინდექსს PMC კვლევითი ცენტრი უკვე მეოთხე წელია, ამზადებს. პროდუქტის მოსამზადებლად ჩვენ ვატარებთ 60-მდე ქართველი ეკონომისტის გამოკითხვას.  გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ვადგენთ ციფრს, რომელიც გვეუბნება, როგორია ეკონომიკური კლიმატი საქართველოში- პოზიტიურია თუ ნეგატიური. ამასთან ვაფასებთ არამარტო მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ეკონომისტებს ვეკითხებით მათ მოლოდინებზე საქართველოში მომდევნო 6 თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

– როგორ უყურებენ მომდევნო ექვს თვეს ქართველი ეკონომისტები?

– საინტერესო შედეგები მივიღეთ 2022 წლის მეოთხე კვარტალში. შედეგების თანახმად ეკონომისტები მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა, მათი მოლოდინები მომავალ ექვს თვესთან დაკავშირებით უარყოფითია.

– რა არის უარყოფითი მოლოდინის მიზეზი?

– მიზეზებზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა, რადგან როგორც გითხარით, ოთხი წელია, ვატარებთ ამ გამოკითხვას და პირველი შემთხვევაა, რომ განსხვავდება მოლოდინები და მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.

შეფასებები ძირითადად ემთხვევა ხოლმე. ეკონომისტები თუ პოზიტიურად აფასებენ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციას, მომდევნო ექვს თვესაც პოზიტიურად აფასებენ.

იმისთვის, რომ გავარკვიოთ შედეგის მიზეზი, დამატებით კითხვებს ვუსვამთ ხოლმე.

თუ რა არის ის საფრთხე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი რისკის შემცველია, გამოიკვეთა, რომ 90 % ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია მაღალ, ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას.

ამასთან უმეტესობამ ყურადღება გაამახვილა რუსეთ – უკრაინის ომზე და აქედან გამომდინარე საფრთხეებზე. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ცხოვრების ხარჯების ზრდა.

– ფიქრობენ, რომ ეს მდგომარეობა ჯერ ვერ გამოსწორდება და რისკები კვლავ მაღალია?

– სხვა მიზეზებთან ერთად კიდევ ერთ ფაქტორი, რაც გამოიკვეთა, არის შრომითი ემიგრაცია.

თქვენ დაინტერესდით, რატომ აქვთ ეკონომისტებს ცუდი მოლოდინები, თუკი დღეს ეკონომიკური მაჩვენებელი პოზიტიურია და რატომ აღარ იქნება პოზიტიური მომავალ ექვს თვეში. ეკონომისტების შეფასებით ახლა ვართ „ბუმის მდგომარეობაში“,  ანუ დროებითი შოკურ მდგომარეობაში.

გრძელვადიანი, სტრუქტურული და სიღრმისეული ფაქტორები, რაც ეკონომიკურ კლიმატს ქმნის ქვეყანაში, (რაც შეიძლება იყოს შრომითი მიგრაცია, მაღალი ინფლაცია), მომავალ ექვს თვეში გადაწონის იმ დროებით შოკს, რაც ქვეყანაში არსებობს.

თქვენს მიმოხილვაში ცხადადაა ასახული და ეკონომისტები ხშირად საუბრობენ, რომ ის ეფექტი, რაც საქართველომ ახლა მიიღო, მიუხედავად იმისა, როგორ ტრაბახობს ახლა მთავრობა, დროებითია და მართლაც უფრო მდგრადი ზრდა გვჭირდება, რეალურ ეკონომიკაზე დაყრდნობით და არა მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორებით, რომელიც შეიძლება ძალიან მალე ამოიწუროს და აღარ გაგრძელდეს.

თუ გაკეთდა გარკვეული რეკომენდაციები ან შეფასებები, როგორ შეიძლება, რომ ნეგატიური მოლოდინი შეიცვალოს.

– რა თქმა უნდა, ვკითხეთ ეკონომისტებს, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში ინფლაციის დასაძლევად და 94%-მა დაასახელა, რომ ამისთვის საჭიროა გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკა.

89%-ს სჯერა, რომ  გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა იქნება ეფექტიანი, ამასთან 75% არ ეთანხმება, რომ დამატებითი ზომები არაა საჭირო მომავალი ინფლაციის შესაკავებლად.

– გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საჭირო და აუცილებელი იქნება, თუმცა, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას შრომითი ემიგრაცია, რაც სამწუხაროდ ბოლო წლებში შეუქცევად სახეს იღებს, (პანდემიამაც თავისი როლი შეასრულა). სამუშაო ძალის გადინების ფონზე ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია.

ამ მიმართულებით თუ აქვთ რეკომენდაციები თქვენს მიერ გამოკითხულ ეკონომისტებს?

– საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ ყოფილა. ამ თემაზე ჩვენს გამოკითხვაში არ გაკეთებულა აქცენტი. თუმცა გეთანხმებით, რომ შრომითი ემიგრაცია შესაძლოა იყოს საკვანძო ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ შეიძლება შენარჩუნდეს ეკონომიკის მაღალი მაჩვენებელი.

ამ შემთხვევაში შემიძლია მოვიშველიო მსოფლიო ბანკის ახალი რეპორტი საქართველოზე, რომლის შეფასებები ქართველი ეკონომისტების მოლოდინებს ბევრ რამეში ემთხვევა. მსოფლიო ბანკის რეპორტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი საფუძვლები, გარანტირებული არაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის წარმატება მომავალ წლებშიც შენარჩუნდეს.

საბაზისო სცენარით ისინი ელიან, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 2030 წლისთვის შეიძლება 4-5 %-იდან 3.5%-მდე შემცირდეს, რაც ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებელია. ძირითად ფაქტორებად, რამაც შეიძლება, ზრდის შემცირება გამოიწვიოს, ასახელებენ მოსახლეობის დაბერებას და მოსახლეობაში მაღალი უნარების მქონე ადამიანების შემცირებას, ასევე  ბიზნესის პოზიტიურობის შემცირებას. რაც  შრომით მიგრაციას უკავშირდება.

– საქართველოში ძირითადად ხდება რუსი მიგრანტების შემოდინება. ზოგი უკვე დასაქმდა, ზოგი საერთაშორისო კომპანიებზე მუშაობს, თუმცა გვაქვს სექტორები, მაგალითად მომსახურების სექტორი, სადაც ბევრი უცხოელი დასაქმდა.

თქვენს მიერ გამოკითხული ეკონომისტები ამას მნიშვნელოვან საფრთხედ არ მიიჩნევენ. რა არის ამ შემთხვევაში მათი არგუმენტაცია?

– 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შესახებ მოსაზრებები არ დაფიქსირებულა, თუმცა შეიძლება ვიმსჯელოთ, ფიქრობენ, რომ ეს დროებითი ეფექტია.

 

 

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g