მიუხედავად იმისა, რომ დავით დვალი ადრეული ასაკიდან სცენაზე დგას, ფართო საზოგადოებამ და მაყურებელმა ის, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. უარყოფითი როლი იმდენად კარგად და დამაჯერებლად შეასრულა, ის სერიალის გმირთან გააიგივეს…
მსახიობი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.
– ბოლო პერიოდია, ხმაურიან დედაქალაქს მოსწყდი, მამაპაპისეულ ადგილს დაუბრუნდი და იქ, საკუთარი საქმე წამოიწყე. საბოლოოდ გადაწყვიტე სოფელში ცხოვრება?
– მამაჩემს უნდოდა, რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში, მამაპაპისეული სახლი გაგვეახლებინა. ყოველდღიურ რუტინაში ჩართულები, ამას ვერ ვახერხებდით. ჩემი ყველაზე ბედნიერი ბავშვობა, წამები და წუთები, უამრავი თავგადასავლით, სწორედ რაჭას უკავშირდება. მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში მისი ხელი მეჭირა ხელში და თვალებით მითხრა: რაჭაში სახლს მიხედეო. მამის დასაფლავებიდან რამდენიმე ხანში, ცოტა გონს რომ მოვედი, ისევ რაჭაზე დავიწყე ფიქრი. მამაპაპისეული სახლი დავშალე, თავიდან ავაშენე, ძველი იერი შევუნარჩუნე და გვერდზე სასტუმრო კომპლექსს ვაკეთებ. მინდა, რაჭაში ბიზნესი განვავითარო. მინდა, ის სიამოვნება, რაც მე ამ ადგილმა მომიტანა, სხვამაც გამოცადოს. იქ მოხვედრილი ადამიანი ისე დაიტუმბოს და დაიტენოს პოზიტიური ენერგიით, რომ ეს განწყობა დიდხანს გაჰყვეს. ბევრი მეუბნება, გაგიჭირდება დედაქალაქიდან შორ მანძილზე ბიზნესის წარმოებაო. არ ვაპირებ დედაქალაქიდან რაჭაში ბიზნესის წარმოებას, ვაპირებ, ამ ეტაპზე იქ გადავცხოვრდე. მინდა, ტურისტული ტურები, ვენახი და სოფლის მეურნეობაც განვავითარო, ფეხი მოვიკიდო იმ ადგილას, სადაც უამრავი ბედნიერი წამი მაკავშირებს და ამ ულამაზესი კუთხის აყვავებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო. ახლა ვცდილობ, ათას ფრონტზე ვიბრძოლო. რამდენიმე საქმეს ვარ შეჭიდებული და რასაც ვშოულობ, ჩემს ბიზნესში ვდებ. ერთი აგურის ფული თუ მაქვს, იმ ერთ აგურს ვყიდულობ, ჩამაქვს რაჭაში და იქ ვდებ, არანაირი ინვესტიცია არ მენანება.