2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.6% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსის ცვლილება 9.4%-ია. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს – როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ასევე კერძო სახლების სეგმენტსაც.
2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 1.8% იყო. ფასებმა მოიმატა ასევე კერძო სახლების სეგმენტშიც – 2.6%-ით.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა ისაუბრა.
მან ის მიზეზები დაასახელა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.
როგორც როსტომაშვილი აღნიშნავს, მთავარი მიზეზი, რასაც ფასების მატება უკავშირდება ისაა, რომ ქვეყანაში თავად დეველოპერებს გაუძვირდათ მშენებლობა.
„რამდენიმე მოვლენა მოხდა რამას გამოიწვია მატება: პირველი იყო რეგულაციების გამკაცრება და ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც აუცილებელია, ეს იქნება სახანძრო უსაფრთხოება თუ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის სივრცის მოწყობა, მაგრამ ეს აძვირებს მშენებლობას, ანუ კვადრატულ გასაყიდ ფასს ეს ემატება.
ამას ასევე დაემატა ის, რომ ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა გადასახადები, ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე, კატასტროფულად გაიზარდა საწვავის ღირებულება და პირდაპირ გეტყვით, რომ მშენებლობაში ტრანსპორტი დაახლოებით, მშენებლობის ღირებულების მესამედია, ანუ მძიმე ტექნიკის მუშაობა და იგივე საშენი მასალების ტრანსპორტირებაზე თითქმის გაორმაგდა ფასი, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მშენებლობის ღირებულების ზრდა“.-აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება.
„როგორ შეიძლება დაგეგმო რაიმე ვალუტის კურსის შემხედვარემ?
რა არის დეველოპერული სექტორი? ინვესტირება დღეს და შემოსავალი 2-3 წლის შემდეგ.
ვის შეიძლება ან უცხოელს ან ადგილობრივს დაველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ ჩადე ფული და 2-3 წელში შემოსავალს მიიღებ.
ხვალ რა იქნება არ ვიცით, საერთოდ ლარის დაგროვების საშუალება აღარ არის, ეს უნდა ვაღიაროთ.“-განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.