LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვჭირდება ემპათია ემოციური სფეროს განვითარებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

114
მაია-მაჭავარიანი

რატომ გვჭირდება ემპათია ემოციური სფეროს განვითარებისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

ემპათია როგორ ვითარდება ბავშვში და რა ასაკიდან ხდება ამ ყველაფრის ჩამოყალიბება, მშობლის როლი საიდან იწყება?

მშობლის როლი ადრეული ასაკიდანვე არის აქტუალური და ამ განსხვავებაზე თაობებს შორის, გამეღიმა, რადგან გამახსენდა ერთი ძველი წიგნი ბავშვის აღზრდაზე, ბ.სპოკის, ალბათ გაგიგია შენც და ამ წიგნზე იზრდებოდა არა ერთი თაობა. ამ წიგნში ავტორი ხაზს უსვამდა, რომ ბავშვი თუ ტირის, მაშინვე არ უნდა მივიდეს დედა, არ უნდა აიყვანოს ხელში,რადგან ასეთი ქცევით დედა განამტკიცებს ბავშვის ტირილს. რაც მაინცდამაინც არ არის კარგი მიდგომა, დღევანდელი გადასახედიდან.

შენს ჭკუაზე ნუ ატარებინებ თავს?

დაახლოებით ეგ იდეაა, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ ჩვილი, რომელსაც კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს.. ჩვილი, ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, და არა დიდ ბავშვზე, ეს არის ვრცელი სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა გაზარდო ბავშვი დაბადებიდან და შემდგომ..

განსაკუთრებით რატომ გავუსვი ხაზი ამას, ჩვილობა არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვს სხვა კომუნიკაციის საშუალება არ გააჩნია. შესაბამისად, როდესაც ტირის და დედა არ აქცევს ყურადღებას (არ რეაგირებს მყისიერად) ემოციურ დონეზე ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვით რომ წყენის ან უიმედობის განცდა ექნება როგორც უფროსი ასაკის ბავშვს, რადგან ამ ეტაპზე აქვთ ძირითადად უფრო დიფუზური ემოციური რეაქცია აქვთ – კომფორტის ან დისკომფორტის. შესაბამისად, ყველა ტიპის დისკომფორტის შემთხვევაში, შესცივდა, ჩაისველა, შია, მოეწყინა – ბავშვი იტირებს, და თუ ამაზე არ ხდება რეაგირება, ამ შემთხვევაში დედაზეა საუბარი, ან ნებისმიერ სხვა მზრუნველზე, ვინც ჩართულია ჩვილის მოვლაში, ასეთი გამოცდილების შედეგად რა გამოცდილებას იღებს ცოცხალი ორგანიზმი: ან მეტად იტირებს, ანუ გაამძაფრებს თავის რეაქცია დისკომფორტზე, ან საერთოდ აღარ გამოხატავს თავის დისკომფორტს.

ეს არის პირველი ნაბიჯები, პირველი გამოცდილება, როდესაც მე როგორც ცოცხალი არსება ვიღებ ინფორმაციას, ვსწავლობ რა გარემოში მოვხვდი: ეს გარემო პასუხობს, ჩემს პრობლემებს, მოთხოვნილებებს, როდესაც მიჭირს? თუ მე სრულიად მარტო ვარ?

აქედან იწყება ალბათ ჩემი დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან?

დიახ, აქედან იწყება ზუსტადაც, მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებაც, იგივე ბოულბის კვლევებიც მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაზე, და ბევრი სხვა მონაცემი ამ მიმართულებით, მიუთითებს რომ ცხოვრების პირველი წელი გადამწყვეტია იმ ემოციური საფუძვლის ჩასაყრელად, რაზეც შემდგომ დაშენდება ემოციური სფეროს სხვა ასპექტები. საკმაოდ რთული პროცესია, ბევრი ფენა აქვს. ყველაზე პირველი არის საბაზო ფენის ჩამოყალიბება, სადაც დიდ როლს თამაშობს ჩემი გენეტიკა და ჩემი პრედისპოზიციები პიროვნული, ანუ რამდენად იოლად ვრეაგირებ ნეგატიურ გამოცდილებაზე, რამდენად აღგზნებადია ნერვული სისტემა, ვიღაცას მეტად აქვს ვიღაცას ნაკლებად.. ანუ გარკვეული რეაქციის ტიპები გვაქვს თანდაყოლილი, რასაც ტემპერამენტს ეძახიან. ვიღაც ფიცხია, ვიღაც უფრო დინჯი.. ეს ოღონდ ერთი ნაწილია ამ საბაზო დონის, მეორე ნაწილია უკვე ჩემი გამოცდილება, ამ ჩემი გენეტიკით და მიდრეკილებებით რა გარემოში აღმოვჩნდი და ეს არის ადრეული გამოცდილება, რომელიც მე მაქვს მშობლებთან მიმართებაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკეთებ მე დასკვნებს რამდენად სანდოა ეს სამყარო. შემიძლია მე მას ვენდო? შემიძლია ვიყო გახსნილი სამყაროს მიმართ, თუ სულ თავდაცვის რეჟიმში უნდა ვიყო? ამის საფუძველზე ყალიბდება ჩვენი ავტომატური ემოციური რეაქციები, მერე კი შეიძლება ამ რეაქციების ადაპტაცია მოახდინოთ, რადგან არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ უსაფრთხო მიჯაჭვულობა, მაგრამ ახერხებენ საკუთარი ემოციური რეაქციების ეფექტურ მენეჯმენტს.

თუ ჩვენ ვხვდებით მოზარდს, ვისაც არ აქვს ემპათია შეიძლება ითქვას, რომ ამის მიზეზები ოჯახში უნდა ვეძებოთ?

გააჩნია, რეალურად ჯერ ემპათიამდე არ მივსულვართ და რასაც ახლა აღვწერ ის პროცესებია, რის საფუძველზეც შემდეგ განვითარდება ემპათია. ერთი მომენტია, რომ ბავშვები სწავლობენ მიბაძვით, მოდელირებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანებს გვაქვს თავის ტვინის გარკვეული უბანი, სადაც სარკისებური ნეირონების კომპლექსია, რომელიც განკუთვნილი სწორედაც ემპათიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ტიპური განვითარების ნერვული სისტემის მქონე ბავშვია, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ვიცით, არის ნეირომრავალფეროვნება და შესაბამისად, ნეიროგანსხვავებული ადამიანები, ვისი ნერვული სისტემაც განსხვავებულად არის განვითარებული და მათი ემოციური რეაგირებაც იქნება განსხვავებული. იმიტომ კი არა, რომ ისინი ცუდები არიან ან რაღაცეებს არასწორად აკეთებენ, არამედ იმიტომ, რომ მათი ნერვული სისტემა განსხვავებულად რეაგირებს იგივე გარემო სტიმულებზე.

ამდენად, თუ ვსაუბრობთ ტიპურ განვითარებაზე, ცხოვრების პირველი წლები არის ის პირველი პერიოდი, როდესაც მე ვსწავლობ ინტერაქციას ჩემს უახლოეს გარემოცვასთან, ეს არის ძირითადად ოჯახის წევრები, და უკვე შემდგომ პირველი განსხვავებული გარემო არის საბავშვო ბაღი. ახალ გარემოსთან ინტერაქცია სხვადასხვა ასაკში შეიძლება მოხდეს, რადგან ზოგი 2 წლიდან შედი საბავშვო ბაღში,ზოგი უფრო გვიან, ზოგი ბაგაშიც დადის, საზღვარგარეთ არის ბაღების სადაც 1 წლიდან დადიან ბავშვები. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არის ის პირველი გამოცდილება, როდესაც ბავშვს აქვს ინტერაქციის გამოცდილება მისნაირ სხვა ადამიანებთან, ვინც იგივე განვითარების საფეხურზეა, აქვს მსგავსი სურვილები და ინტერესები და აქ შემოდის აუცილებლობა თანატოლების გათვალისწინების. როდესაც ემპათიაზე ვსაუბრობთ ეს არის ბავშვის უნარი წარმოიდგინოს თავი სხვის ადგილას და მიხვდეს ის სხვა რას განიცდის, და ეს განიცადოს როგორც საკუთარი ემოციური მდგომარეობა. ოღონდ ეს უნარი,წარმოვიდგინო ჩემი თავი სხვის ადგილზე, ცოტა მოგვიანებით ვითარდება.

ბავშვებს უჭირთ ამ მხრივ?

არა, ახლა მოვიყვან მაგალითს, ალბათ ნანახი გაქვს სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი, როდესაც ერთი ბავშვი დაიწყებს ტირილს და დანარჩენებიც აჰყვება, ამის ნეირონული ბაზისია ის სარკისებრი ნეირონები, ანუ მე შემიძლია სხვისი ემოციური რეაქციის „არეკვლა“, რაც ცხადია ადაპტაციის მიზნით მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ მაქვს ჯერ უნარი გავიაზრო სხვა ადამიანი რას განიცდის, და ჩემს თავზე ,,მოვიზომო“ მისი ემოციური მდგომარეობა.

სხვის ტყავში შესვლაზეა საუბარი?

დიახ, მე როგორ ვიგრძნობდი თავს მის ადგილას. ეს უნარი ყალიბდება უფრო გვიანდელი განვითარების ეტაპზე, უფრო სასკოლო ასაკისკენ. აქ უკვე კოგნიტური კომპონენტიც შემოდის, რასაც ეძახიან გონების თეორიის შექმნას, როდესაც მე შემიძლია განვავითარო თეორია ჩემს გონებაში, სხვა ადამიანი რას ფიქრობს, რას განიცდის და რას აპირებს.

აქვე უნდა გკითხო, რადგან ემპათიაზე ვსაუბრობთ, დაცინვა, რაც ბავშვებს ახასიათებთ ერთმანეთთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს შეგნებული ან შეუგნებელი ნაბიჯი, აქ ვისი პრობლემაა? ეს არის გარემოს თუ ოჯახის როლი?

ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს. მაგალითად, შეიძლება იყოს მოდელირებით ათვისებული ქცევა, როგორც გარემოდან ისე ოჯახიდან. ამ შემთხვევაში, ბავშვის გამოცდილებით, ეს არის წარმატებული სტრატეგია იყოს ემოციურად უსაფრთხოდ, ანუ თუ რაღაც უჭირს – შეუტიოს. ეს შეიძლება საკუთარი გამოცდილებითაც დაისწავლოს ბავშვმა და სხვაზე დაკვირვებითაც: თუ ხედავს რომ სხვა ბავშვი, რომელიც სხვებს უშავებს, ამის ხარჯზე ხდება ფაქტობრივად ხელშეუხებელი, რადგან მისი ეშინიათ, დასკვნას გააკეთებს, რომ ეს გამართლებული ქცევაა.

ანუ თავდაცვითი ფუნქციაა ერთგვარი…

დიახ, შეიძლება იყოს ასეთი დაძლევის სტრატეგია, როდესაც კონფლიქტშია ადამიანი. ასევე ეს სტრატეგია შესაძლოა თავად იპოვოს ბავშვმა ანუ არავისგან არ უსწავლია, უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც არის თავად ემოციურად ცუდად, ირჩევს ამ გზას, რადგან დაიცვას საკუთარი ემოციური კომფორტი და ამ შემთხვევაში სხვა ბავშვი როგორ იგრძნობს თავს, რას დაუშავებს მას, ან რა შედეგებს მოიტანს ეს ქცევა გრძელვადიან პერსპექტივაში არ განიხილება, რადგან მთავარი ამოცანა არის ამ მომენტში საკუთარი თავის დაცვა.

რჩევა მშობლებისთვის:

აქ მშობლის როლი არის გადამწყვეტი.

რა თვალსაზრისით, ნებისმიერი განვითარების ეტაპზე ბავშვს ესაჭიროება უკუკავშირი გარემოდან, ეფექტურად არეგულირებს ემოციებს თუ არა. ემოციური რეგულაცია ყველას განსხვავებული გვაქვს და, ამ მხრივ, ჩვენი შვილები ჩვენ გვგვანან, რადგან ჩვენი გენების მატარებლები არიან და მემკვიდრეობით გადაეცემათ დიდი ალბათობით ის პრედისპოზიციები, რაც ჩვენ გვაქვს (თუმცა არის გამონაკლისებიც, ერთ-ერთ მშობელს მაინც ჰგავს, ბებია- ბაბუას).

magti 5g