LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვრცხვენია შეკითხვის დასმის და არის თუ არა ეს ქართული კომპლექსი – ფორტუნა აკადემია

3488
andro-dgebuadze-news19

შეკითხვის დასმასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. პატარა ასაკში ბავშვს ბევრი კითხვა აქვს, იმიტომ რომ აინტერესებს, ასე იზრდება. რა იცვლება ზრდასრულობაში? ერთ-ერთი სტერეოტიპის მიხედვით, კითხვის დასმა უცოდინრობას უკავშირდება. ქართულ საზოგადოებაში კითხვის დასმა ნიშნავს, რომ რაღაც არ იცი. ეს შეიძლება გახდეს დაცინვის მიზეზი. თუმცა რეალურად, ნებისმიერ ასაკში სწავლობ. რომ არ იცი – ეს ბუნებრივია, ბუნებრივია ინტერესიც, შესაბამისად კითხვებიც. რატომ უჭირთ ადამიანებს ამის აღიარება, არის თუ არა ეს ქართული კომპლექსი და რატომ გაურბიან ადამიანები კითხვის დასმას – “ფორტუნა აკადემიას” ტრენერი ანდრო დგებუაძე ესაუბრა.

რატომ უჭირთ ადამიანებს კითხვის დასმა?

ჩემი აზრით, ასე იქცევა ყველა იქ, სადაც საზოგადო კულტურა არის აგრესიული, ან როგორც ამას ეძახიან „ძლიერ მასკულინური“ (ეს სექსისტური სახელი არ გეგონოთ, ჰოფსტედეს განმარტებაა და ნიშნავს რომ მოცემულ კულტურაში ადამიანები მიზნის მისაღწევად არ ერიდებიან ერთმანეთს და აგრესიულად ესწრაფვიან წარმატებას). ეს საქციელი არც არამორალურია და საერთოდ არ არის მიბმული დნმ-ზე. საკმარასია ასეთი ქართველი მოხვდეს იმ გარემოში, სადაც კითხვის დასმა ნორმალურია და სულ რაღაც 3 საათში თქვენ ნახავთ, რომ ქცევა იქნება შეცვლილი.

გამოდის რომ მოჯადოებული წრეა – ჩვენ ვიქცევით ასე, იმიტომ რომ სხვა იქცევა ასე, და ასეთ კულტურაში იყო უმცირესობაში – უბრალოდ წამგებიანია. ჩვენ საზოგადოებაში კითხვის დასმა ადამიანს აგდებს დაუცველ პოზიციაში. კითხვას როცა სვამ, იგულისხმება რომ არ იცი. ეს ადვილად გამოსაყენებელია არა მხოლოდ ვინმე უტიფარი ადამიანისთვის, სადმე ეზოში, არამედ ასეთი ადამიანი სულ ადვილად შეიძლება თქვენი ხელმძღვანელიც კი იყოს. ამდენად, თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ რაციონალურად, ჯობია სხვამ დასვას კითხვა და თქვენ კი მომგებიან პოზიციაში იქნებით, იმიტომ რომ თუ კითხვა პრიმიტიულია – შეგიძლიათ უბრალოდ ცინიკურად გაიღიმოთ, და თქვენ „მოიგებთ“.

რა ეშველება ამ ყველაფერს? მარტივი გამოსავალი ასეთია: მათ, ვისაც კითხვები აწუხებს და ვერ ბედავენ, უნდა შექმნან „კლუბი“, სადაც სირცხვილი იქნება კითხვის არ დასმა და არა დასმა. ასეთი „კლუბის“ წევრები არნახული სისწრაფით გაუსწრებთ განვითარებაში დანარჩენებს. რამდენიმე წელიწადში კი საკმაოდ ძვირად შეიძლება გაყიდოთ კლუბის წევრობაც.

ყველაფერში კომპეტენტურები ვერ ვიქნებით…რატომ არ ვართ ვალდებული ყველაფერი ვიცოდეთ?

ყველაფერი თუნდაც იმიტომ არ უნდა იცოდე, რომ არსებობს გუგლი. თუმცა ცოდნაცაა და ცოდნაც. ცოდნა როგორც წესი ცნებების ან ინფორმაციის სიმრავლეა. ასეთ რამეს კომპიუტერიც ჩვენზე კარგად აკეთებს. კომპიუტერი არა მარტო იმახსოვრებს, ანგარიშობს კიდეც და ბოლო პერიოდში სწავლაც დაიწყო. ყველაფერს გააკეთებს კომპიუტერი 3 რამის გარდა: – ის ვერ გაიგებს, რაც იცის; ის ვერ აღფრთოვანდება, იმით რასაც აღიქვავს; მას არ შეაწუხებს სინდისი. ასე რომ, არა მარტო ცოდნა, არამედ კრიტიკული აზროვნებაც მოძველდა. ხვალ კაცობრიობას დასჭირდება მხოლოდ ის, ვინც სინთეზურად აზროვნებს, ვისაც შეეძლება იგრძნოს ის რაც იცის, ანუ გაიგოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვისწავლოთ კითხვების დასმა?

ჯერ ერთი, კითხვა უნდა დასვა 2 მიმართულებით შენს შიგნით, და გარეთ. კითხვას ვინც არ სვავს ის ფუნდამენტალისტია და გულუბრყვილო. ვინც კითხვას მხოლოდ სვავს – ის კრიტიკოსია და ინტრიგანი. ბრძენი კი სვავს კითხვას და შემდეგ უსმენს. უსმენს როგორც თავის თავს, თავის სხეულს, თავის შეგრძნებებს, ასევე უსმენს გარე სამყაროს: ადამიანებს, ხმაურს, ბუნებას. ბრძენი ბედავს იფიქროს ყოვლად დიდი სისულელე და ამის მერე ის ელოდება პასუხს.

ხანდახან პასუხი აგვიანებს. ხანდახან მოდის ავტორიტეტისგან, ხანდახანაც ვიღაც ბრიყვისგანაც. პრაქტიკულად კი, კითხვა უნდა დასვას ადამიანმა მაშინ, როდესაც გულწრფელ ინტერესს ვერ აკმაყოფილებს არსებული, იმ მომენტში გააქტიურებული ცნებები. როცა ვერ იგებ – უნდა იკითხო. ოღონდ როცა იკითხავ, მერე უნდა მოუსმინო და შიგნით, რაღაც მდუმარე, ცენტრალურ არსებასთან გადაამოწმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g